არქეოლოგიური გათხრები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის უძველეს წარსულზე. საბედნიეროდ, საქართველოში მრავლადაა ამ მხრივ საინტერესო ადგილები, მათ შორის კახეთი გამორჩეულია. ჩვენ უახლესი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ საინტერესო ფაქტებზე მოგითხობთ:
1. ვარაზმანავრი
ციხექალაქი ვარაზმანავრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაზვერვითმა ექსპედიციამ 2009 წელს აღმოაჩინა. ნაქალაქარი დედოფლისწყაროს რაიონში, ივრის მარცხენა ნაპირზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. არქეოლოგი კოტე ფიცხელაური: ამ ძეგლის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ისტორიული იბერიისა და ალბანეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარეობს. ნაქალაქარი VII-VIII საუკუნეებით უნდა დათარიღდეს და მურვან ყრუს შემოსევის დროს უნდა იყოს განადგურებული, რის შემდეგაც ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრება აღარ განახლებულა.
2. ხორანთა
"ექსპედიციის მიერ მიკვლეული მეორე გამორჩეული მნიშვნელობის ძეგლი, ათეულობით ჰექტარზე გადაჭიმული ნაქალაქარი, ელდარის (სამუხის) ველზეა. ნაქალაქარის ორივე ფენისთვის ბერძნული და ქართული წერილობითი წყაროების კონკრეტული მითითებები გვაქვს, რომელთა გათვალისწინებით ეს ქალაქი, შესაძლოა, სამუხოსად და ხორანთად უნდა მოვიხსენიოთ. - ამბობს არქეოლოგი კოტე ფიცხელაური".
3. წმინდა ფშანი
2011 წლის 26 ივლისს კახეთში, ბიზნესმენ გოგი თოფაძის კუთვნილ სამონადირეო კომპლექს "ივრის ჭალების" ტერიტორიაზე, ივრის მარცხენა ნაპირზე, ტყის მასივში, მდინარე ივრის ადიდების შედეგად დახრამულ ფართობზე არქეოლოგიური ძეგლი აღმოჩნდა.
4. ჭობარეთი - ნასახლარები
სოფელი ჭობარეთი სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარი 2009 წელს, გაზსადენის გაყვანის დროს აღმოჩნდა, ქრისტეშობამდე 3500-3000 წლის წინანდელი ნასახლარის არქეოლოგიური კვლევა 2012 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და მელბურნის უნივერსიტეტმა ერთობლივად დაიწყეს. არქეოლოგი კახა კახიანი: აღმოჩენილია ქვის საბეჭდავი, ის, სავარაუდოდ, ხუთი ათასი წლის წინ მესოპოტამიიდან, ქალაქ ურუქიდან უნდა იყოს შემოტანილი.
5. ყორღანი კახეთში
2012 წელს ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანთან, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის ექსპედიციამ ზურაბ მახარაძის ხელმძღვანელობით, ადრე ბრინჯაოს ხანის, ძვ.წ-ის მესამე ათასწლეულის ყორღანი გათხარა. ზურაბ მახარაძის თქმით, საქმე უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს. ყორღანის განსაკუთრებულობა იქ აღმოჩენილი ორი ეტლია, ეტლებზე გვამები იყო დასვენებული. ცნობილია, რომ ყორღანში ერთი ეტლია ბელადისთვის. თუ ვის ეკუთვნის მეორე ეტლი, ამაზე კვლევები მიმდინარეობს.
6. არმაზი
2011 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არმაზციხის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაიწყო მუშაობა და დღესაც გრძელდება. 1998 წელს აღმოჩენილი ტაძრისა და მარნის დასავლეთ მხარეს აღმოჩენილია ქვათლილებით ნაგები და კრამიტით დახურული ნაგებობები. მნიშვნელოვანია აღმოჩენილი მოზაიკური ფილები, სავარძლის ფეხის ბრინჯაოს მორთულობა, ბრინჯაოს სარკე, რკინისგან დამზადებული ქვის დასამუშავებელი და გადასაბმელი იარაღები, წერაქვები, სატეხები, პალოები, მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი.
7. გალავანი პუშკინის ქუჩაზე
შარშან პუშკინის ქუჩაზე ძველი თბილისის გალავნის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით, ნაგებობა, შესაძლოა, მე-11-მე-13 საუკუნით დათარიღდეს.
8. ციხე-გალავანი მეტეხის ხიდთან
მეტეხის ხიდთან, ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ციხე-გალავანი აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით, აღამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ვახტანგ გორგასლის ხანას განეკუთვნება.
9. უნიკალური სამარხები ნაქულბაქევის ტერიტორიაზე
დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაქულბაქევის ტერიტორიაზე, რამდენიმე წლის წინ 3000 წლის წინანდელი სამარხები აღმოაჩინეს. კერძოდ IV-V საუკუნეების მარანი. ნაქულბაქევი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია. ტერიტორია სავაჭრო გზების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა, რასაც ნაქულბაქევზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს.
10. დედოფლისგორის ნამოსახლარი
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქარელის რაიონში სამი ათასი წლის წინანდელი გალავანი და ნამოსახლარი აღმოაჩინა. დედოფლისგორის შესწავლისას ძვ.წ-ის I ათასწლეულის პირველი ნახევრით დათარიღებული გალავანი და სათავსოები აღმოჩნდა.
თეკლა ტუღუში
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)