"ჩემი ცოლის დაქალების" აღმასრულებელი პროდიუსერი გიორგი ნაზარიშვილი პროფესიით ისტორიკოსია, მაგრამ საზოგადოებამ გაიცნო როგორც მსახიობი. ჩემი შეთავაზება, - "ერუდიტის" სტუმარი ყოფილიყო, სიამოვნებით მიიღო და ინტერვიუს ჩასაწერად სტუდიაში მიმიპატიჟა. მწერლობაში გამორჩეულად საყვარელი ჟანრი არ აქვს, წასაკითხ ნაწარმოებებს კი ხშირად ავტორების მიხედვით ირჩევს. საყვარელ მწერალთა ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია. იგივე დამოკიდებულება აქვს ფილმებთან. როცა რეჟისორის ახალ ნამუშევარს ეცნობა, სურვილი უჩნდება, მის მიერ გადაღებული სხვა ფილმებიც ნახოს.
"განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობა მსიამოვნებს"
- გიორგი, ცნობილია, რომ "ფორმულა კრეატივი" ახალ სერიალზე იწყებს მუშაობს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვი?
- ეს იქნება სიტუაციური კომედია, სახელწოდებით - "ნათია და ნათია". მას არაფერი ექნება საერთო "ჩემი ცოლის დაქალებთან".
- ნათია და მეორე ნათია ვინ იქნებიან?
- ნუ მიწყენ, მაგრამ ჯერ ამას ვერ გეტყვით.
- სერიალის მსახიობებიდან რომელიმე?
- არა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სხვა მსახიობები არიან. მოვლენები მათ გარშემო განვითარდება.
- ამბობენ, ერთი ნათია მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე უნდა იყოსო.
- არა, ეს ტყუილია.
- როგორ ფიქრობ, მაყურებელი თქვენს ახალ ნამუშევარს ისევე შეიყვარებს, როგორც "ჩემი ცოლის დაქალებს"?
- სხვა გზას არ დავუტოვებთ.
- მანამდე შესვენების პერიოდი გაქვს, შვებულების გატარებას სად აპირებ?
- ვიზას თუ მომცემენ, ევროპის რომელიმე ქვეყანას ვესტუმრები. ამ ზაფხულს ზღვას უარს ვეუბნები. ამსტერდამი და ბერლინი მაინტერესებს.
- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი არ ხარ.
- სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. იყო პერიოდი, როცა დიპლომატიის ისტორია მაინტერესებდა, მაგრამ მოულოდნელად ტელევიზიაში აღმოვჩნდი და ამ საქმეს შევრჩი.
- პროფესიით რომ არ მუშაობ, გული ხომ არ გწყდება?
- არ დამრჩა დრო იმისთვის, რომ გული დამწყვეტოდა. არ არის გამორიცხული, მომავალში ჩემს პროფესიას მივუბრუნდე.
- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?
- ძალიან. საერთოდ, განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობა მსიამოვნებს.
- წიგნი მოგიპარავს?
- მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება: სკოლის ბიბლიოთეკიდან უნგრული ზღაპრების კრებული წამოვიღე და უკან აღარ დავაბრუნე.
- ბოლოს ზღაპარი როდის წაიკითხე?
- არ მახსოვს, მაგრამ ზღაპრები, მულტიპლიკაციური ფილმები ძალიან მიყვარს. მარტივი ენით ძალიან დიდი აზრია გადმოცემული. ვფიქრობ, ავტორისთვის ძალიან ფაქიზი სამუშაო ჟანრია.
- დედამიწაზე არის 2 უცნაური ქალაქი. პირველი - ერთდროულად ევროპასა და აზიაში მდებარეობს, ბოსფორის სრუტეზე, ბუნებრივ ნავსაყუდელთან - "ოქროს რქა". მას ევროპულ ქალაქად მოიხსენიებენ. მეორე ქალაქი კი ორ ნახევარსფეროში მდებარეობს. პირველი, წლების წინ, ქვეყნის დედაქალაქი იყო, მეორე - ახლანდელი დედაქალაქია. დაასახელე, რომელ ქალაქებზეა ლაპარაკი?
- მსგავსი კითხვები ძალიან მიყვარს. მადროვე და გამოვიცნობ. (პაუზის შემდეგ) ჩემი აზრით, პირველი ქალაქი სტამბოლი უნდა იყოს. ასეა?
- გამოიცანი. მეორე?
- მეორეზე მინიშნებას თუ მეტყვი, კარგი იქნება.
- ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქია, მდინარე ტემზაზე მდებარეობს.
- ლონდონი.
- ვინ უთხრა ბოლშევიკებს სასიკვდილო განაჩენის გამოტანისას შემდეგი სიტყვები: "სული ღმერთს ეკუთვნის, გული - საქართველოს, მძორი კი წაიღეთ, სადაც გინდათ"?
- ამბროსი ხელაიამ.
- დაასახელე ტბა, რომელიც მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს.
- ვიცი, რომელ ტბაზეც მეუბნები, სახელს ვერ ვიხსენებ.
- რომელ ქვეყანაში მდებარეობს?
- ანდების მთებშია, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე, ამასობაში სახელიც გამახსენდა, ტიტიკაკა.
- ტაივანი, ურუგვაი, ეთიოპია, ნიკარაგუა: ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, რომელი მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე?
- ეთიოპია.
- ვინ შეადგინა პირველი გეოგრაფიული ატლასი?
- ვერ ვიხსენებ.
- პთოლემეუსმა. დაასახელე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც თეატრში გოგი გეგეჭკორმა, ხოლო კინოში - იმედა კახიანმა განასახიერა.
- (ფიქრობს) ასეთი რომელია?
- მიგანიშნებ, ის იმერელი პერსონაჟია, ავტორიც წარმოშობით იმერეთიდანაა.
- ვერ ვხვდები.
- პლატონ სამანიშვილი. თავად რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- ერთ-ერთის დასახელება მიჭირს. ბოლო დღეებში აღარაფერი წამიკითხავს, შეიძლება, შთაბეჭდილების ქვეშ არ ვარ და ვერ ვიხსენებ.
- ნაწარმოების კითხვის დროს, რომელიმე პერსონაჟი საკუთარი თავისთვის მიგიმსგავსებია?
- რა თქმა უნდა, ჩემი ქცევები, განცდები, ბევრი პერსონაჟისთვის მიმიმსგავსებია.
- 3 სიტყვით საკუთარი თავი დაახასიათე.
- ენერგიული, მხიარული, ჰიპერაქტიური.
- ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე, ბრუკ შილდსმა გაყიდა ის, რისმა ფასმაც 45 000 დოლარს მიაღწია. როცა ვაჭრობა შეწყდა, ბრუკის საქმროს ნერვებმა უმტყუნა და ეჭვიანობისგან დაბოღმილმა, სკანდალი ატეხა. რა გაყიდა შილდსმა?
- ბიუსტჰალტერი.
- არა.
- ტრუსი?
- ცდები. ამ შემთხვევაში ნივთზე კი არა, მის ქმედებაზეა ლაპარაკი
- შეიძლება, კოცნა გაყიდა.
- გამოიცანი. დაასრულე დესტუშეს ცნობილი გამონათქვამი: "უფრო ადვილია, 7 ქალს შეაყვარო თავი, ვიდრე ერთისგან..."
- "...თავი დაიხსნა". მინდა გითხრა, რომ ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა.
- საკუთარი გამოცდილებიდან მეუბნები?
- ჩემს ცხოვრებაშიც იყო ასეთი შემთხვევები. ახლა ყველაფერი კარგადაა.
- ქალისგან თავის დახსნის შენეული მეთოდი როგორია?
- პიროვნებას გააჩნია. ყველასთან ინდივიდუალურად მიდგომაა საჭირო. რამდენიმე მეთოდი ვიცი, მაგრამ ვერ გაგიმხელ.
- პოეზია გიყვარს?
- არა, პროზა მირჩევნია.
- "მეზობლის გოგომ ტანი აიყარა,/ მოკლედ შეიკრიჭა თმა,/ მერე ვიღაც ბიჭმა სადღაც წაიყვანა,/ მერე მიითვისა მთლად"... ვინ არის ამ სტროფის ავტორი?
- ვერ ვიხსენებ.
- მორის ფოცხიშვილი. იტალიის ამ დიდ სავაჭრო ქალაქში დიდი სამხატვრო გალერეა - "უფიცი" მდებარეობს. დაასახელე ეს ქალაქი.
- ვენეცია ან ფლორენცია.
- უფიცის გალერეა ფლორენციაში მდებარეობს. რა გვარი იყო ბაში-აჩუკი?
- გლახუნა ბაქრაძე იყო.
- რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ განახორციელა ამერიკამ "უდაბნოს ქარიშხლის ოპერაცია"?
- ერაყის.
- რომელ მხატვარს ეკუთვნის ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერა მილიონი ვარდის შესახებ?
- ნიკო ფიროსმანს.
- რამდენი მუზა არსებობს ბერძნულ მითოლოგიაში?
- 7.
- ცდები.
- 12, არა?
- 9 მუზა არსებობს. რა ჰქვია გზას, რომელზეც ციური სხეულები მოძრაობენ?
- ორბიტა.
- ლონდონი, პარიზი, ჰავანა, ზუგდიდი. რა აქვს საერთო ამ 4 ქალაქს?
- ვერ გიპასუხებ.
- ოთხივე ქალაქში ნაპოლეონის ნიღაბი ინახება. სადაური ცეკვაა "მაზურკა"?
- პოლონური.
- რომელია დონ კიხოტის სათავადაზნაურო ტიტული?
- იდალგო.
- რა ერქვა ავაზაკთა ქალაქს გურამ დოჩანაშვილის რომანში - "სამოსელი პირველი"?
- ვერ ვიხსენებ.
- კამორა. რომელი ქართველი დიდებულის თავგანწირულმა საქციელმა იხსნა კოხტასთავის შეთქმულება?
- ცოტნე დადიანის.
- ვინ იყო თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი?
- არ მახსოვს.
- ქემალ...
- (მაწყვეტინებს) ქემალ ათათურქი. ეს ვიცოდი, რატომღაც გონებიდან ამომივარდა.
- ფეხბურთი გიყვარს?
- უჰ, ძალიან! ფეხბურთით ვცხოვრობ.
- რომელ გუნდს გულშემატკივრობ?
- ჯერ საქართველოს ნაკრებს, შემდეგ - ჰოლანდიისას.
- რა შემთხვევაში არ აქვს მსაჯს უფლება, განსაჯოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი?
- თუ თავისი ქვეყნის ნაკრები გუნდი თამაშობს.
- რომელ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს ყველაზე მეტი ადამიანი მსოფლიოში?
- ჩინურზე.
- დაბოლოს, დაასრულე გერმანული ანდაზა: "ვინც ბევრ საქმეს წამოიწყებს..."
- ბევრ პრობლემას შეხვდება.
- "...ცოტას დაასრულებს".
თამუნა კვინიკაძემ
(გამოდის ხუთშაბათობით)