მათ ერთი დიდი საერთო ინტერესი ჰქონდათ - თეატრი. 1953 წლის 14 მარტს იქორწინეს. ჯერ ქმარი წავიდა იმ ქვეყნად, წლების შემდეგ კი - ცოლი. ისე დაემთხვა, რომ მამაკაცის დაღუპვის შემდეგ დანიშნულ პანაშვიდის დღეს მათი შეუღლებიდან 50 წელი შესრულდა... გოგი გეგეჭკორისა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის ცნობილ წყვილს შემოქმედებითად სავსე და აქტიური ცხოვრება ჰქონდა. მსახიობს, რეპეტიციები, სპექტაკლები, ტელე-კინოგადაღებები, გახმოვანება, რადიოჩაწერა, ხოლო თეატრმცოდნეს - ლექციები, რეცენზიები, წიგნებზე მუშაობა... ადამიანები მათ შემოქმედებით ცხოვრებას უკეთ იცნობდნენ, ვიდრე მათ ყოველდღიურ ყოფას. გოგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის ქალიშვილ მანანა გეგეჭკორთან შეხვედრისას შევეცადე, ამ ორივე "სფეროს" შევხებოდით და იმავდროულად წინაპრებიც გაგვეხსენებინა...
- დედაჩემის, ნათელა ურუშაძის, მამა ამბერკი ბოლშევიკი, რევოლუციონერი იყო. მისი ოჯახი წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურიდან იყო. ამბერკიმ ცოლად ბებიაჩემი ანიკო ჩიტაშვილი შეირთო. ქიზიყელ ბებიას სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მანამდე ბაბუას პირველი მეუღლე ჰყავდა, რომელიც გარდაიცვალა. მასთან ამბერკის ორი ქალიშვილი შეეძინა. ასე რომ, დედას ორი უფროსი ნახევარდა ჰყავდა. ბაბუა არ მახსოვს, რადგან ის 1937 წელს დახვრიტეს და ბებია გადაასახლეს. საერთოდ, ამბერკი ურუშაძის ოჯახი ძალიან ტრაგიკული იყო. უმცროსი ძმა ამბერკი ბოლშევიკი იყო, ხოლო უფროსი გრიშა - მენშევიკი. გრიშა 1927 წელს დახვრიტეს, ხოლო 1937-ში - ამბერკი. მაშინ მათი მამა ცოცხალი იყო და იმ უბრალო გლეხმა კაცმა ორი შვილი პარტიულობის გამო დაკარგა. ბებიამ, როგორც "სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრმა", 9 წელი გაატარა გადასახლებაში. მაშინ ნათელა 13 წლის იყო. 22 წლის ასაკში დაუბრუნდა დედა გადასახლებიდან. მშობლის არყოფნის დროს ნათელა ბებიასა და დეიდასთან იზრდებოდა. თუმცა მანამდე შეძლო და დედა მოინახულა. დედამ სხვადასხვა ინსტანციაში იარა, დედასთან გამგზავრების ნებართვა მოიპოვა და ომის პორიოდში მასთან ჩავიდა. მარტო გაემგზავრა და შემდეგ ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ახალგაზრდობამ გააბედვინა.
დედამ ჯერ თბილისში თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც დიმიტრი ალექსიძესა და გიორგი ტოვსტონოგოვთან სწავლობდა. შემდეგ მოსკოვში, ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე ისწავლა. იქ გამგზავრება მისმა პედაგოგმა გიორგი ტოვსტონოგოვმა ურჩია. მოსკოვში დედა აკაკი ხორავას სარეკომენდაციო წერილითა და ძალისხმევის შედეგად გაემართა. დედა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რექტორთან იმ წერილით მივიდა. თურმე, ის კაცი ძალიან აღელდა, რადგან იმ პერიოდში აკაკი ხორავას სახელი მთელ საბჭოთა კავშირში ქუხდა, მისი სამსახიობო შემოქმედება ზენიტში გახლდათ და მისგან წერილის მიღება მისთვის დიდი პატივი იყო. იმ დროს მოსკოვის იმ ინსტიტუტში ყველა ის ადამიანი ასწავლიდა, რომელთა წიგნებითაც დედა თბილისში ცოდნას იღრმავებდა. ლექტორები, სანამ დედას მიიღებდნენ, გაესაუბრნენ. პედაგოგებს ნათელასთვის უთხოვიათ ქართული თეატრის შესახებ მოეთხრო. ნათელა იხსენებდა, რომ ისინი ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ სრულიად უცხო ადამიანის მიმართ. საერთოდ ხომ ასეა, ადამიანი რაც უფრო დიდია, ის მით უფრო მოკრძალებული და უბრალოა, ამითი განისაზღვრება ადამიანების პიროვნული ღირებულებები და მისი ჭეშმარიტი ინტელიგენტობა. გასაუბრების შემდეგ დედა პირდაპირ მესამე კურსზე დასვეს. მას არაჩვეულებრივი ჯგუფი ჰყავდა, რომლებიც შემდეგში მისი თაობის საუკეთესო თეატრმცოდნეები გახდნენ. თბილისში დაბრუნებული დედა აკაკი ხორავამ, როგორც თეატრმცოდნე, თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად მიიღო.
- რაც შეეხება მამას?..
- ბაბუაჩემი ლადო გეგეჭკორი ქართული ფოლკლორის სპეციალისტი, თეორეტიკოსი და პოეტი იყო. ბებია, თამარ გელოვანი, რუსულ ენასა და ლიტერატურის პედაგოგი და თავის დროზე სკოლის დირექტორიც გახლდათ. როცა ისინი დაქორწინდნენ, რამდენიმე წელი ბაქოში ცხოვრობდნენ. იქ იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი ქართული სათვისტომო ცხოვრობდა. ბაქოში მოყვარულთა თეატრიც არსებოდა, სადაც ბებია მსახიობობდა. სხვა მხრივ, გოგის ამ სფეროსთან დაახლოებული წინაპრები არ ჰყოლია. სანამ მამა თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარებდა, მანამდე იქ მისი უფროსი ძმა მერაბი სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ გოგი მამამისმა ლადომ ძალიან ცნობილ მეტყველების პედაგოგ მალიკო მრევლიშვილთან გასასინჯად მიიყვანა. მას უთქვამს, რომ გოგი სისინა და შიშინა ბგერებს მკვეთრად წარმოთქვამდა და ამის გამოსასწორებლად სავარჯიშოები დაუნიშნა. გოგიმ იმეცადინა, გამოცდებზე გავიდა და ჩააბარა. ომის პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში ცოტა ბიჭი სწავლობდა. მამა ჯარში არ გაიწვიეს იმ მიზეზით, რომ მას პლევრიტი ჰქონდა. დედა ფილარმონიასთან ყოფილ მე-18, ახლანდელ 51-ე საჯაროს სკოლაში სწავლობდა, ხოლო მამა სოლოლაკში, ახლანდელ 39-ე სკოლაში, კიროვის ქუჩაზე. ერთმანეთს თეატრალური ინსტიტუტიდან იცნობდნენ, ერთად თამაშობდნენ კიდეც სპექტაკლში, მაგრამ ოჯახი მოგვიანებით შექმნეს, მაშინ დედა უკვე დაბრუნებული იყო მოსკოვიდან.
- საინტერესოა, როგორ დაუახლოვდნენ ერთმანეთს...
- დედ-მამა 1953 წელს დაქორწინდა. მარტის დასაწყისში მოაწერეს ხელი. თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მთავრობაში ანონიმური წერილი მიიტანა, სადაც წერდა, რომ ნათელა ურუშაძემ და გოგი გეგეჭკორმა ხელი მაშინ მოაწერეს, როცა მთელი საბჭოთა კავშირი დიდი სტალინის გარდაცვალებას გლოვობდაო. დედა თეატრალურის მაშინდელმა პრორექტორმა აკაკი ფაღავამ დაიბარა და მთავრობიდან გადმოგზავნილი წერილი აჩვენა. მან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა პასუხი გაეცა. ნათელამ დაამშვიდა, შეგიძლიათ საპასუხო წერილი გაუგზავნოთ და ჰკითხოთ, რატომ იყო მმაჩის ბიურო ღია მაშინ, როცა სტალინი გარდაიცვალა, დაეხურათ და ხელმოწერას ვერ შევძლებდითო.
სიმართლე გითხრათ, სერიოზულად არც ერთს არ მოუყოლია მათი დაახლოების ამბავი, უფრო იუმორისტულად იცოდნენ გადმოცემა. მახსოვს, დედა რომ ჰყვებოდა, ერთხელ მეგობრებთან ერთად აგარაკზე წავედით. იმ დღეს გოგისთვის ვიღაც ახალგაზრდა ქალი უნდა გაეცნოთ. ბანქოს ვთამაშობდით, ყველანი კონცენტრირებული იყვნენ გოგისა და იმ ქალზე. საერთოდ, დედა ბანქოს კარგად ვერ თამაშობდა, მაგრამ იმ დღეს მოუგია. მერე ამბობდა, როგორც ჩანს, გოგიც ბანქოში მოვიგეო.