გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის სურვილი აქვს.
როგორც გიგი კალანდაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ადვოკატებთან კონსულტაციებს გაივლის და მინისტრების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ამის შემდეგ გადაწყვეტს.
"სარჩელის შეტანის სურვილი მაქვს, მაგრამ ეს ადვოკატებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.
ამასთან, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხემძღვანელმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ირაკლი ალასანიასა და თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა სურს.
"ირაკლი ალასანიამ მოტყუებით მიმიყვანა თავდაცვის სამინისტროში, დამაპატიმრა. წამიკითხეს ბრალდება. მოტყუებით მიმიყვანეს ვითომ ავღანეთიდან დაბრუნებულ მისიასთან შესახვედრად მივდიოდით. მერე, გამოვიდა და თქვა, რომ მე ფორმის და მუნდირის ღირსება შევურაცხყვე და ღირსი არ ვარ ვიარო ამ ფორმით და მუნდირით. მოიტანა ტყუილი, თითქოს 500 000 ლარი ავიღე და ვიყიდე ბინა. წულუკიანის შემთხვევაში კი, იგი გამოვიდა და თქვა, რომ სამეგრელოში დავდიოდი და მოწმეებზე ვახდენდი ზეგავლენას", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ცილისწამებისთვის მის წინააღმდეგ სარჩელს ვერავინ შეიტანს, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი ამოიღეს.