თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე უდანაშაულოდ სცნო. საქმე ეხებოდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც მას, პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს... ახალაიას გამამართლებელმა განაჩენმა ბევრი აღაშფოთა, მათ შორის ცნობილი მსახიობი - თენგიზ არჩვაძე...
- ძალიან აღელვებული ვარ, თან ავად გახლავართ და მიჭირს საუბარი, მაგრამ როგორ გავჩუმდე? ესე იგი, ბაჩო ახალაია არ დასაჯეს და ისე გამოუშვეს გარეთ?... რას ქვია, ეს რა საქციელია?! რომ იძახით, სასამართლოდან გაანთავისუფლესო, სასამართლო აღარ ქვია მაგას ბატონო! ვიცი, რომ ხალხი აღშფოთებას ვერ მალავს და მეც მათ რიგებში ჩამწერეთ... რომ იძახიან, ევროპას არ მოსწონს ეს დაპატიმრებებიო, ევროპელები ისეთ საქართველოში იცხოვრებდნენ ჩვენ რომ გვქონდა?! მიბრძანებულიყვნენ მაშინ ციხეებში და თავად ენახათ, რაც იქ ხდებოდა. მერე გვაკრიტიკონ ჩვენ... უკვე აღარაფერი მესმის, სრულიად აღარაფერი. წინა ხელისუფლება არაფერში არ მომწონდა და ახალიც მაბნევს უკვე... ხალხს იმის იმედი ჰქონდა, რომ ვინც დამნაშავე იქნებოდა, დაისჯებოდა კიდეც. ახლა რა გამოვიდა?! მაშინ ვანო მერაბიშვილიც გამოუშვან - ეგ რა, ახალაიაზე ნაკლები ანგელოზია თუ?!