კახიანების ოჯახი მუდმივად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ბოლო დროს ინტერესი მათ მიმართ უფრო გაიზარდა: ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის სკანდალურ ინტერვიუს ვერაზე მდებარე სადავო ბინიდან კახიანების გამოსახლება მოჰყვა, შემდეგ კი ქვეყანას ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი - ელენე მოევლინა, რომლის დაბადებასაც საზოგადოების დიდი ნაწილი ინტერესით ელოდა - აინტერესებდათ, მისცემდა თუ არა გვარს ნინის ყოფილი ქმარი თავის ქალიშვილს. პატარა ელენე ჯანმრთელობის სახლიდან მამის გვარით გაწერეს და სკანდალები და ჭორებიც კახიანების ოჯახზე თითქოს ამით დასრულდა... მაგრამ თბილისში ხმა გავრცელდა, რომ ნინი ბადურაშვილის დედა, მსახიობი ეკა კახიანი ქმარს დაშორდა. როგორც ამბობენ, ნიკო თოფურიძის ოჯახიდან წასვლის მიზეზი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა. ნიკო თოფურიძესა და ეკა კახიანს ორი ქალიშვილი ჰყავთ: ანასტასია და ქეთო. ეკა და ნიკო საერთო შვილიშვილს უახლოეს დღეებში ელოდებიან, ანასტასია ვაჟის დედობისთვის ემზადება, რომელსაც ეკას გარდაცვლილი ძმის სახელი - ლადო უნდა დაარქვას. ეკასა და ნიკოს დაშორების შესახებ ხმები ადრეც გავრცელდა, მაგრამ მსახიობი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს. ვცადეთ ინფორმაცია კახიანის ქმართან დაშორების შესახებ თავად მომღერალთან გადაგვემოწმებინა, მაგრამ მან ტელეფონი კითხვის დასრულებამდე გათიშა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
მარიამ ჩიქოვანი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)