ცნობილი კომპოზიტორისა და პროდუსერის, კონსტანტინე მელაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დახურეს. ამის შესახებ კიევის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მელაძე ზამთარში საკუთარი ავტომობილით ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
"ოლქის მილიციის საგამოძიებო სამმართველომ საქმე გამოიძია. მილიციამ გამოძიება უკვე დაასრულა და მისი წარმოება დახურა. მასალები ოლქის პროკურატურას გადაეცა, რათა სისხლის სამართლის საქმის დახურვის კანონიერება შემოწმდეს", - ნათქვამია კიევის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კონსტანტინე მელაძემ ყველაფერი გააკეთა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევა თავიდან აეცილებინა, მას დანაშაულებრივი განზრახვა არ ამოძრავებდა.
ამასთან, პროკურატურას 20 დღე აქვს საქმის დახურვის კანონიერების შესამოწმებლად.
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის ძმამ რამდენიმე თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევისას 30 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედია უკრაინის დედაქალაქში, ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა. პროდუსერმა საკუთარი ბრალი აღიარა და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობდა. ავარიის დროს მელაძე ფხიზელი იყო.
მომზადებულია glamurchik.tochka.net-ის მიხედვით.
კონსტანტინე მელაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დახურეს