საქართველოში რომ ყველა მეორე პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი პრეზიდენტობაზე ოცნებობს, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, მაგრამ კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები რომ გაგახსენდება, ხანდახან რთულია ღიმილი შეიკავო.
ამის საფუძველს არა მარტო პრეზიდენტობის მსურველები, არამედ მათი განცხადებები დ გამოსვლები გვაძლევს. ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს გადამრჩენელია. ზოგიერთმა მათგანმა ჯერ კიდევ პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ჯერჯერობით მათი კანდიდატურა "ცესკო" -საც კი არ დაურეგისტრირებია.
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გახლავთ. მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ირაკლი ალასანიას წარადგენდა, ამომრჩეველს გაუცრუვდა, მაგრამ "ოცნების" მხარდამჭერების ნაწილი მარგველაშვილითაც კმაყოფილია. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატობამდე განათლების მინისტრი გახლდათ და უფრო ადრე, ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორი. ჯერ კიდევ პოლიტიკაში ჩართვამდე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ხშირად ჩნდებოდა სატელევიზიო სივრცეში და პოლიტიკურ ანალიზს აკეთებდა.
მარგველაშვილი ტელეჟურნალისტების ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი იყო. პრესას კი მაინცდამაინც არც სწყალობდა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ თემაზე არასოდეს საუ-ბრობდა. საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისი მეორე ნახევარი მუსიკოსი და ვიზაჟისტი მაკა ჩიჩუაა, თუმცა წყვილი ჯერჯერობით საერთო ინტერვიუს მიცემაზე უარს აცხადებს.
მარგველაშვილს გამოუქვეყნეს ფოტო, სადაც ხუთ ჩხირზე წინდას ქსოვს. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ამ საქმიანობას მეგობრების რჩევით მიჰყო ხელი, რათა ამ გზით სიგარეტისთვის დაენებებინა თავი. მართალია, წინდის ქსოვამ მავნე ჩვევას ვერ გადააჩვია, მაგრამ ამასობაში კარგად ქსოვა კი ისწავლა.
ნინო ბურჯანაძე უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. ის სამჯერ გახლდათ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი ფიგურა არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. პირველად მაშინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძეს "უღალატა" და ჟვანია-სააკაშვილის გუნდთან ერთად ვარდების რევოლუცია მოაწყო. შემდეგ იყო "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლა, თუმცა მაშინ მიზეზებზე არ უსაუბრია. მოგვიანებით ბურჯანაძემ აგვისტოს ომზე სკანდალური განცხადებები გააკეთა და პრეზიდენტ სააკაშვილს დაუპირისპირდა. ამას მოჰყვა აქციების კიდევ ერთი ტალღა საქართველოში და მძიმედ დასრულებული 26 მაისი. ამის შემდეგ ბურჯანაძემ გარკვეული პერიოდი აქტიური პოლიტიკისგან ტაიმ-აუტი აიღო. ამჯერად პრეზიდენტობას აპირებს. ჰყავს მეუღლე, ბადრი ბიწაძე, და ორი ვაჟი.