ჯულიანა მური კვლავ აოცებს საზოგადოებას. 52 წლის მსახიობმა ჟურნალისტებს გაუმხილა, როგორ ასწრებს, იყოს კვლავ შესანიშნავ ფორმაში და ფილმებშიც აქტიურად ითამაშოს. მით უმეტეს, რომ ჯულიანა კლასიკური ამერიკელი დიასახლისია - ორი შვილი, ბედნიერი ქორწინება, ორი ძაღლი და იდეალური სახლი ვესტ-ვილიჯში.
"მკაცრი დედა ვარ"
- როგორ გადის თქვენი ჩვეულებრივ დღე?
- როცა გადაღებები არ მაქვს, მილიონობით ქალს ვგავარ, მთელ მსოფლიოში რომ არიან. შვიდ საათზე ვდგები, ძაღლებს ვასეირნებ, საუზმეს ვამზადებ და ბავშვებს სკოლაში ვუშვებ. მერე დავრბივარ ან კაბინეტში ვიკეტები, რომ წავიმუშაო - წერილებს ვპასუხობ, სცენარებს ვკითხულობ. ამას მოჰყვება ბავშვების სკოლიდან გამოყვანა, სხვა მეცადინეობებზე ტარება და ასევე თვალყურის დევნება, რომ დავალებები მოამზადონ. სახლში საქმეებს მე და ჩემი ქმარი, რეჟისორი ბარტ ფრეინდლიხი ვინაწილებთ. პათოლოგიურად მიყვარს სისუფთავე, ამიტომ გამუდმებით ვალაგებ, ჩემი ქმარი კი კარგად ამზადებს.
- ორი შვილი გყავთ. გიჭირთ მათი მოვლა?
- გამიმართლა, შესანიშნავი ბავშვები მყავს. მათ მიაჩნიათ, რომ მკაცრი დედა ვარ, მაგრამ სიმკაცრის გარეშე დღეს არ შეიძლება. ქალიშვილს 11 წელი შეუსრულდა, ვაჟი კი უკვე 15-ისაა. მალე მე გამასწრებს სიმაღლით. ნებას ვრთავ, რომ "ფეისბუქით" ისარგებლოს, მაგრამ იცის, რომ ყურადღებას ვაქცევ მის გვერდს.
- როცა ისინი პატარები იყვნენ, მათთვის ზღაპრებს თხზავდით და მერე გამოეცით კიდეც. გეგმავთ რაიმეს დაწერას მოზარდებისთვის?
- არა მგონია, გამომივიდეს. მოთხრობები თინეიჯერებისთვის დიდად განსხვავდება პატარებისთვის დაწერილი ზღაპრებისგან. ის უფრო რთულია, ბევრი ფანტაზია უნდა. მე მარტივ წიგნებს ვთხზავ პატარა ბავშვებისთვის. ამ წელს მეოთხე წიგნი გამოიცემა.