"ბატონო ბიძინა, თუ სამართალი არ იზეიმებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება"

"ბატონო ბიძინა, თუ სამართალი არ იზეიმებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება"

როგორ აღმოჩნდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში ყოფილი ვიცე-პრემიერის (1993-1994 წწ.), ამირან ქადაგიშვილის ოჯახი ციხეში და მათი ქონება კი სახელმწიფოს ხელში, რის გამო გახდა ქადაგიშვილების ოჯახი სააკაშვილის ხელისუფლების სამიზნე და რისი იმედი აქვთ მათ ახალი ხელისუფლებისგან, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ყოფილი ვიცე-პრემიერის ვაჟი, "გამაბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი და პოლიტდევნილი გიორგი ქადაგიშვილი ექსკლუზიურად ესაუბრა:

- ალბათ, არსებობდა სია იმ ობიექტებისა, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაერეკეტებინა. ჩვენ პირველი აღმოვჩნდით და სამაგალითოდ, ყველასთვის საჩვენებლად დავისაჯეთ. ჩემი ძმა, არჩილი, "გამაბანკის" საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. ჩვენი ფირმა, შპს "ასამი", "გამაბანკის" 33%-იანი წილის მფლობელი იყო, 51%-ის მფლობელები კი უცხოელები იყვნენ.

"გამაბანკის"გენერალურ დირექტორად ორი თვის დანიშნული ვიყავი, როცა ბანკში პროკურატურა შემოვიდა, 10 მილიარდი ევრო გაათეთრეთო. მაშინ საქართველოში 28 ბანკი იყო და ყველა რომ გაფიცულიყო, მთავრობაც მიხვდებოდა, რომ კერძო ბანკთან თავხედობა არ გაუვიდოდა. თავიდანვე გვითხრეს, გადაიხადეთ 20 მლნ დოლარი და საქმე დაიხურებაო, მაგრამ ამდენ ფულს საიდან გადავუხდიდით?

ახალი დაქორწინებული ვიყავი და კოჯორში ვისვენებდით. თანამშრომელმა დამირეკა, ბანკსა და თანამშრომლების სახლებში პროკურორები შემოგვიცვივდნენო. მშობლებთან დავრეკე და დედის ნაცვლად პროკურორმა ქალმა მიპასუხა, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავიო. მივხვდი, რომ მშობლების ბინა ალყაში იყო.

"გამაბანკს" იურიდიულ მომსახურებას ფირმა "პარტნიორი" (რომლის დამფიძნებელი დავით სააკაშვილია) უწევდა და იქ მივედი. "პარტნიორის" დირექტორმა ლევან პატეიშვილმა, რომელიც ჩემთან საუბრის პარალელურად პროკურორებს ეკონტაქტებოდა, მითხრა, მეუბნებიან, თუ ორივე ძმა არ ჩაგვბარდება, მშობლებს დავაკავებთო. ჩემი ძმა იმ პირობით ჩაბარდათ, რომ მშობლებს არ დაიჭერდნენ. ვფიქრობდი, რომ ეს აბსურდი მალე დასრულდებოდა. 11-მილიონიანი კაპიტალის მქონე ბანკს, რომ 10 მილიარდი ევროს (ერთ საბანკო დღეში) გათეთრებას დააბრალებ, ძალიან ალოგიკურია.

შინ დავრეკე. მიუხედავად იმისა, რომ სახლი სპეცრაზმელებით იყო სავსე, დედამ მოასწრო ტელეფონის აღება და მითხრა, მამაც დააკავეს და შენი ძმაცო. მივხვდი, რომ "პარტნიორი" ჩვენს საწინააღმდეგოდ პროკურატურასთან თანამშრომლობდა. ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ბანკის 7 თანამშრომელი დააკავეს. მათ აღიარეს ფულს ვათეთრებდითო.

- თქვენ როგორ გადაურჩით დაკავებას?

- როდესაც დედამ მითხრა, ძმაც და მამაც დააკავესო, მოვასწარი "პარტნიორის" ოფისიდან გაქცევა. თაფლობის თვეში ძებნილად ვიქეცი. ერთხანს საქართველოში ვიმალებოდი. პირველი სამი თვე შოკი და დეპრესია მქონდა. ისეთი განცდა მქონდა, გრიგალმა გადამიარა-მეთქი. ამასობაში გავიგე, რომ დედაც დააპატიმრეს. პროკურატურას შევუთვალე, ოღონდ დედა გამოუშვით და მე ჩაგბარდებით-მეთქი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ