ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა საქმეზე პარლამენტი სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა საქმეზე პარლამენტი სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს

პარლამენტი პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს, ლაფანყურის სპეცოპერაციაზე წარმოებულ გამოძიებაში მონაწილეობა არ მიიღონ პირებმა, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებული.

ეს მითითება პროკურატურის მისამართით სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტშია დაფიქსირებული. უჩა ნანუაშვილს 30 ივლისის რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს კი, უკვე მზად აქვს დადგენილების პროექტი, სადაც პარლამენტი ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტებისა და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, კონკრეტულ უწყებებს მიმართავს. პარლამენტს რეკომენდაციები მთავარ პროკურატურასთანაც აქვს.

2012 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდება. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა გარემოებები, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იმ დროს მოწოდებულ მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ინციდენტის შესწავლამ გამოავლინა ფაქტები, რომელიც მიუთითებს, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შექმნა, აღჭურვა და გაწვრთნა.

ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ყურადღება პარლამენტის დადგენილების პროექტშიც არის გამახვილებული. კერძოდ, პარლამენტი მთავარ პროკურატურას მიმართავს, ჩატარდეს სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა საქმეზე და ასევე, მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული უკანონო ზემოქმედების ფაქტებზე. მიუკერძოებლობისა და მაღალი სანდოობის პრინციპიდან გამომდინარე, პარლამენტი ამბობს, რომ გამოძიების წარმოებაში არ უნდა მონაწილეობდნენ პირები – გამომძიებლები თუ პროკურორები, ვინც რაიმე ფორმით აღნიშნულ საქმესთან იყვნენ დაკავშირებული. ამასთან, დადგენილების პროექტით, პარლამენტი მთავარი პროკურატურისგან ითხოვს, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია.

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული საქმის გარდა, კანონმდებლები მთავარ პროკურატურას ასევე მიმართავენ, უზრუნველყოს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მომხდარი ყველა არასათანადო მოპყრობის ფაქტის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება; დამნაშავე პირთა იდენტიფიცირება და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა; უზრუნველყოს, საჯარო მოხელის პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის ქმედებათა კანონიერების შეფასება, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში რეაგირება და მსგავსი ფაქტების პრევენცია.

დადგენილების პროექტის მიხედვით, პარლამენტი პროკურატურისგან ითხოვს, გამოიძიოს შეკრება-მანიფესტაციების დაშლის ყველა ფაქტი, რომლებზეც წლების განმავლობაში გაიცემოდა სახალხო დამცველის რეკომენდაციები. კერძოდ, საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 15 ივნისის და აქციათა დარბევის სხვა ფაქტებზე.

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული დადგენილების პროექტი ექვსი გვერდისგან შედგება. მასში არჩილ კბილაშვილის უწყების გარდა, პარლამენტი რეკომენდაციებით მიმართავს: შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ჯანდაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სამინისტროებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს.

პარლამენტი ასევე მიმართავს მთავრობას – უზრუნველყოს სამინისტროების მიერ მითითებული რეკომენდაციების შესრულება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა