"ჩემი თაობის ახლგაზრდები ძალიან განსხვავდებოდნენ დღევანდელი მოზარდებისგან, - ამბობს მსახიობი ნატო გაგნიძე და იქვე დასძენს: - დაჩაგრული თაობის წარმომადგენელი ვარ; შეიძლება, ამაში სხვები არ დამეთანხმონ, მაგრამ რა ვქნა, მე ასე ვფიქრობ". მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, ვირტუალური ურთიერთობა ფუფუნება აღარ არის. - "ეს ყველაფერი ახლა ყოველდღიური საჭიროება უფროა, ადრე კი ფანტასტიკის სფერო იყო. ვინ წარმოიდგენდა, ცოტა ხანში ასეთი ტექნიკა თუ გვექნებოდა"...
- მე და ჩემი ერთი უახლოესი მეგობარი და ნათესავი, რომელთან ერთადაც ფაქტობრივად, გავიზარდე, ბიჭებთან უფრო მეტ საერთოს ვპოულობდით. ეს არ იყო ადამიანური თვისებებით განპირობებული, უბრალოდ, ბიჭური თამაშებით უფრო მეტად ვიყავით გატაცებულები. მოგვწონდა ველოსიპედით სიარული, "როლიკებით" სრიალი, ფეხბურთის თამაში და უმეტესად ეზოში ვიყავი.
- დაუჯერებელია, რომ ოდესღაც "როლიკებით" დაქროდით...
- რაც უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, ასე იყო. ამ დროს ბევრი ჩემი თანატოლი უკვე "ძალიან გოგო" იყო და იპრანჭებოდა, სხვები გოგონების სათამაშოებით იქცევდნენ თავს, მე კი ასეთი რაღაცები ნაკლებად მიზიდავდა...
- ბიჭებთან მეგობრობამ თქვენს ხასიათზე ხომ არ იქონია გავლენა?
- არა, არანაირი!.. დღევანდელი 13 წლის ბავშვები ჩემი თაობის 16-17 წლის მოზარდებს ჰგვანან. მთელი თაობის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მაინც, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან მიამიტები, შედარებით დაკომპლექსებულები ვიყავით. ყველა მოზარდი ცდილობს თავის დამკვიდრებას, ამ მიზნით რაღაცებს აპროტესტებს; მეც ცოტა არ იყოს, მეამბოხე გახლდით და ხშირად ამას ვარცხნილობით, ჩაცმულობით, ტანსაცმელზე მიმაგრებული აქსესუარით გამოვხატავდი. ჩემი თაობის მოზარდებს პრობლემებიც სხვანაირი გვქონდა. დღესდღეობით ბავშვებს კარგი განათლების მიღების საშუალება აქვთ, ჩვენ კი ბევრი მიმართულებით დავიჩაგრეთ: გარდა იმისა, რომ ციოდა და ბნელოდა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, განათლების თვალსაზრისით ბევრი რამ დაგვაკლდა, რადგანაც იმ წლებში სკოლის გაცდენა ხშირად გვიწევდა; გარშემო მატერიალურად დალხენილი თითქმის არც ერთი ოჯახი არ იყო, მაგრამ მშობლები მაინც ცდილობდნენ, კერძო პედაგოგთან ვეტარებინეთ. გული მწყდება ამ ყველაფრის გამო და ახლა ჩემს შვილს, რომელიც თინეიჯერი გახლავთ (ელენე 13 წლის არის), ხშირ-ხშირად ვუმეორებ: იმ წლებს, როდესაც გონებაში ბევრი რამ უნდა "ჩაალაგო", უქმად ნუ დაკარგავ, თორემ შემდეგ წლებში, რაც უნდა მოინდომო, დანაკარგს ვერანაირად ვერ აინაზღაურებ-მეთქი.
- წიგნის კითხვა თუ გიყვარდათ?
- აქტიური მკითხველი ვიყავი. თავიდან წიგნს მირჩევდა დედა, ბიძა, ბიცოლა, რომელიც აქტიურად მიმითითებდა, თუ რისი წაკითხვა ჯობდა ამა თუ იმ ეტაპზე.
- გაიხსენეთ პირველი წიგნი, რომელმაც თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
- ასეთი წიგნი გახლდათ "ბიძია თომას ქოხი". მახსოვს, მისი კითხვისას ცხარე ცრემლებით ვტიროდი. ეს ჩემთვის პირველი წიგნი არ იყო, მაგრამ ყველაზე უკეთ დამამახსოვრდა.
- თქვენი შვილი თუ მეგობრობს წიგნებთან? თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალი თაობა უწიგნურია?
- არა, ამ გამოთქმას არ ვეთანხმები! როგორც ყველა დედა, მეც ვუკითხავდი შვილს წიგნებს; როცა მე ვკითხულობდი, ის თითს აყოლებდა ნაწერს. საკმარისი იყო, ერთი სიტყვა გადამეადგილებინა, სხვანაირად წამეკითხა, რომ აპროტესტებდა: არა, აქ ასე არ წერიაო, არადა, მაშინ კითხვაც არ იცოდა (იღიმის). მისთვის ხშირად ვყიდულობდი ილუსტრირებულ წიგნებს. ერთ ამბავს გავიხსენებ: 7-8 წლის იქნებოდა, როცა მეგობარმა საბავშვო ჟურნალის - "ჯუნიორის" მთელი წლის ნაკრები მაჩუქა. ამ ჟურნალში მითითებული იყო რომელიღაც გამომცემლობის ტელეფონის ნომერი და იქვე ეწერა: შეგიძლიათ დაგვირეკოთ, გამოიწეროთ წიგნი და მას შინ უფასოდ მოგართმევთო... სამსახურში ვიყავი, როცა ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და ვიღაც მეკითხება: თქვენ ელენე ყიფიანის დედა ბრძანდებით? - დიახ-მეთქი. - ახლა თქვენი გოგონა დაგვიკავშირდა, 3 წიგნი შეგვიკვეთა და თანახმა ხართ, რომ შინ მოგიტანოთო? რა თქმა უნდა, წიგნის ყიდვაზე უარი არ მითქვამს... ცოტა ხნის წინ ელენემ მთხოვა: შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი" მომიტანე, უნდა წავიკითხოო. ვუპასუხე: ამ წიგნის წაკითხვა შენთვის ადრეა, გაგიჭირდება-მეთქი, მაგრამ მაინც მივუტანე. კითხვა კი დაიწყო, მაგრამ მალევე მიატოვა. მერე "რომეო და ჯულიეტა" თვითონ წავუკითხე. მოეწონა.
- ალბათ ვირტუალური სამყაროც იზიდავს...
- რასაკვირველია, კომპიუტერს, ტელეფონს, თანამედროვე ტექნოლოგიებს უფრო დიდი ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში, მაგრამ წიგნებსაც კითხულობს. ბავშვები დღესდღეობით მრავალმხრივ განვითარებულები არიან, ბევრ რამეზე მიუწვდებათ ხელი. სხვა თუ არაფერი, შეუძლიათ უამრავი კარგი ფილმი, მულტფილმი ნახონ. ჩემი თაობის ბავშვებს კი არჩევნის საშუალება არ ჰქონდათ. ჰოდა, ყველანი ვუყურებდით მაგალითად: "ვ გასტიახ უ სკასკი" (იღიმის). ამასაც თავისებური ხიბლი ჰქონდა, მაგრამ რა ვქნა, დღევანდელი რეალობა უფრო მეტად მომწონს.
- "გარდატეხის ასაკი" თქვენთვის რასთან ასოცირდება?
- დღევანდელი გადასახედიდან და იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი შვილი ზუსტად თინეიჯერობის ასაკშია, სირთულეებთან ასოცირდება. ასეთ დროს უსაფუძვლოდ გაღიზიანებული ხარ და ვერ აცნობიერებ, რა გინდა; არ იცი, რისი კეთება გსურს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობა იყოს. მოზარდი საკუთარ ქმედებას რომ აცნობიერებდეს, დამიჯერეთ, ის ბევრი რამის გაკეთებაზე იტყოდა უარს.
- თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილთან?
- ვცდილობ, მასთან ვიმეგობრო.
- არ აკონტროლებთ?
- კონტროლი აუცილებელია, ოღონდ - ეს ისე უნდა გააკეთო, რომ მისი პიროვნული ღირსება არ შეილახოს.
- "ოქროს შუალედის" პოვნა ბევრს უძნელდება...
- ეს არც მე მიადვილდება. ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავთან მიწევს კომპრომისზე წასვლა. შეიძლება, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაღაცები არ მომეწონოს, მაგრამ იმ წუთას არაფერი ვუთხრა; რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ. "ცხელ გულზე" არაფერს ვეტყვი მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება, ასეთ დროს ერთი სიტყვის გამო ჩაიკეტოს საკუთარ თავში და მერე ვეღარასდროს დავიბრუნო მისი ნდობა. ეს კი ყველაზე დიდი უბედურება იქნება, რაც შეიძლება, დედისა და შვილის ურთიერთობაში მოხდეს. ამიტომ, დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. კონტროლი აუცილებელია, ოღონდ - ბავშვთან შეთანხმებით. ელენეს ავუხსენი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, სად გადაადგილდები მთელი დღის განმავლობაში, ამიტომ უნდა დამირეკო და მითხრა: სად ხარ, დაგაგვიანდება თუ არა და ა.შ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გენდობი და გიჟური მოსაზრებები მაქვს, უბრალოდ, ეს ყველაფერი საკუთარი სიმშვიდისთვის მჭირდება-მეთქი... ჰოდა, ახლა ელენე ცდილობს, ხშირად დამირეკოს. თუმცა, ხანდახან ავიწყდება და მერე, როცა თავად ვურეკავ, ბოდიშს მიხდის: უი, დამავიწყდა, დედი და მაპატიე, რომ არ დაგირეკეო. ყოველ შემთხვევაში, არ ვეწინააღმდეგები და ურთიერთობაში პრობლემები არ გვექმნება.
- თქვენ თუ მეგობრობდით მშობლებთან?
- მშობლების მიმართ საყვედური არ მეთქმის. უბრალოდ, როცა სახლიდან მივდიოდი, დედა ყოველთვის ნერვიულობდა. სხვათა შორის, დღესაც ასე ნერვიულობს და ხშირად მირეკავს ხოლმე. ჩემი თაობის ბევრი ბავშვისგან განსხვავებით, მე არაფერს მიკრძალავდნენ. დედასთან უფრო გახსნილი ვიყავი, მამასთან - ნაკლებად.
- თქვენი თაობის მოზარდ გოგონებს როგორი ბიჭები მიგაჩნდათ "მაგარ ტიპებად"?
- სხვებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ პირადად მე, გამორჩეულად არც "ძველი ბიჭები" მომწონდა და არც - "წიგნის ჭიები". ვიღაცას ხულიგნობის გამო ნამდვილად ვერ გავაფეტიშებდი.
- ბიჭები ცივ იარაღს მაშინაც ატარებდნენ, არა?
- ჩემი კლასელებიც ატარებდნენ დანას და თუ პედაგოგი ჩანთის შემოწმებას დაიწყებდა, მათ იარაღს გოგონები ვინახავდით. ვაღიარებ, მაშინ ეს კარგ ტონად ითვლებოდა; ბიჭები დანას თუ განდობდნენ, ეს ამბავი პრესტიჟულად მიიჩნეოდა - აი, ასეთი დამახინჯებული შეხედულება გვქონდა.
- ახლა რომ გაიგოთ, რომ თქვენი შვილი მეგობრის ცივ იარაღს ინახავს ჩანთაში, როგორი რეაქცია გექნებათ?
- რასაკვირველია, ჩემი რეაქცია იქნება ძალიან ცუდი და მწვავე. ალბათ მსგავსი რაღაცები დღესაც ხდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა ეს ყველაფერი კარგ ტონად არ მიიჩნევა. იარაღის ტარება მოდაში აღარ არის, რაც ძალიან კარგია.
- როგორი მოსწავლე იყავით?
- ვიდრე ქვეყანაში სიტუაცია აირეოდა, ამბობდნენ, რომ სამაგალითო მოსწავლე ვიყავი, მერე კი, როგორც ყველა, მეც ავირიე. სკოლაში არ დავდიოდი და აბა, რა უნდა მესწავლა? უფრო მეტიც - სახლიდანაც ვერ გავდიოდით. საბედნიეროდ, ქალაქში ტყვიების სროლა დროში ძალიან არ გაიწელა, მაგრამ მაინც აისახა ჩვენს ცხოვრებაზე, ყველანი კალაპოტიდან ამოვვარდით. არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, ეს ძალიან მტკივნეულია.
- როცა ყველაფერი ასე თუ ისე დაწყნარდა და ისევ სკოლას დაუბრუნდით, "შატალოზე" თუ დადიოდით?
- ჩემში ორი შეუსაბამობა იყო: ვიყავი ძალიან ცელქი, აქტიური, ხშირ შემთხვევაში "შატალოს" ორგანიზატორი, მაგრამ ამავდროულად, კარგი მოსწავლე. ამიტომ მასწავლებლები ყველაფერს მპატიობდნენ. აი, როცა ქვეყანაში სიტუაცია აირია, ჩვენთვის "როლიკების ხანა" დაიწყო; პირველ ორ გაკვეთილს ვესწრებოდით და მერე მთელი კლასი ან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც საერთო ინტერესები გვაერთიანებდა, ზოოპარკისკენ გავრბოდით, იქ იყო ჩვენი თავშესაფარი.
- პირველი "როლიკი" ვინ გიყიდათ?
- ჩემთვის "როლიკებს" არ ყიდულობდნენ, რადგან დედას ეშინოდა, რაიმე არ მოიწიოს, საშიშია, აუცილებლად დაიმტვრევა, კისერს ან ფეხს მოიტეხსო... მერე "ბატონები" დამემართა და პირველი, რაც მშობლებს მოვთხოვე, "როლიკები" იყო, თანაც - 2 წყვილი. რატომ? - ვიცოდი, თუ გამიტყდებოდა, მერე მეორეს არავინ მიყიდდა. თანამედროვე "როლიკები" დახვეწილია, შედარებით პრაქტიკულიც და მოსახერხებელიც, ჩვენი დროისას კი ხშირად ეშლებოდა "პაჩებნიკები" და ამიტომაც მოჰყვებოდა 11-იანი ქანჩი. ჰოდა, ჩვენი პატარა ხელებით ვახერხებდით ამ ჩაშლილი "პაჩებნიკების" შეკეთებას.
- ამბობენ, რომ კაცებმა ადრე სხვანაირი სიყვარული, ქალის პატივისცემა იცოდნენ...
- მაშინ ქალის ფენომენი ზოგადად, დაუცველ, უსუსურ არსებასთან ასოცირდებოდა. შესაბამისად, ქალის მიმართ დამოკიდებულება მოკრძალებული იყო. წლების შემდეგ თავად ქალებმა დაანგრიეს ეს სტერეოტიპი, მაგრამ ამის სურვილი რამდენად ჰქონდათ, ესეც საკითხავია.
- რას გულისხმობთ?
- ქალს გარკვეული პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება მოუხდა და უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდა და დღეს შეიძლება, კაცს ქალის მიმართ პატივისცემა ჰქონდეს, მაგრამ რომ გაუფრთხილდეს, მოუაროს, დაიცვას და ა.შ. ამის მოთხოვნილება არ უჩნდება. არადა, ყველაზე ძლიერ ქალსაც კი სურს, ზურგს უკან ეგულებოდეს პიროვნება, რომლის იმედიც ყოველთვის და ყველაფერში ექნება.
- ოდესმე ვინმეს ფანი თუ იყავით?
- "ბექსტრიტ ბოისი" მომწონდა, მაგრამ მაიკლ ჯექსონის ფანი ვიყავი და მისი პლაკატიც მქონდა კედელზე გაკრული.
- ახლა თუ ცდილობთ, ის მოისმინოთ ან იმას უყუროთ, რაც თქვენს შვილს მოსწონს და აინტერესებს?
- ის მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა გაუპროტესტო, ძალიან კარგად მუშაობს. დაახლოებით 2 წლის წინ ელენეს ჯექსონის რომელიღაც სიმღერა მოვასმენინე. მისი რეაქციით მივხვდი, რომ ძალიან მოეწონა, მაგრამ ამაში არაფრით გამოტყდა. მეორე დღეს, სამსახურიდან სახლში რომ დავბრუნდი, სადარბაზოსთან მისულმა გავიგონე, ჩემი სახლიდან ჯექსონის სიმღერის ხმა გამოდიოდა. ელენე ისე ხმამაღლა უსმენდა იმ სიმღერას, რომელიც ვითომ არ მოეწონა, რომ კარზე ზარის ხმაც ვერ გაიგო. მე რომ წინადღეს მისთვის დაჟინებით მეთქვა: გინდა თუ არა, უნდა მოუსმინო-მეთქი, დარწმუნებული ვარ, ამას არ გააკეთებდა. მოკლედ, მშობელმა შვილს უნდა გაუგოს და ამავდროულად, ნელ-ნელა მიაწოდოს ის, რისი მიწოდებაც სურს.
- მშობლები თქვენს პროფესიულ არჩევანში თუ ჩაერივნენ?
- თავიდან გამიპროტესტეს, ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ, მაგრამ მაინც შემიწყვეს ხელი იმით, რომ პედაგოგებთან მომამზადეს. თუმცა, მათი დამოკიდებულება ასეთი იყო: მაინც ვერ ჩააბარებს, ჩაიჭრება. ჰოდა, ერთი წელი თუ გაუცდება, არა უშავსო.
- მათი აზრით, თქვენთვის საუკეთესო პროფესია რა იქნებოდა?
- არ ვიცი, ჩემს მშობლებს სად უნდოდათ, რომ ჩამებარებინა, მაგრამ ბებიას სურდა, ექიმი გამოვსულიყავი. ის თეთრ ხალათში გამოწყობილს "მხედავდა". სხვათა შორის, ამ სფეროს მიმართ გარკვეული ინტერესი ყოველთვის მქონდა. როცა ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა მაქვს და კონსულტაციისთვის ექიმთან მივდივარ, ვუხსნი, თუ რა მჭირს და რა მინდა, ამიტომ ხშირად მეკითხებიან: უკაცრავად, თქვენ ექიმი ბრძანდებითო (იღიმის)?.. თეატრალურში მისაღები გამოცდები რომ დაიწყო, იმ პერიოდში ბაბუა გარდამეცვალა. ჰოდა, იმ "ცხელ" დღეებში ჩემთვის არავის ეცალა. გამოცდები ისე ჩავაბარე, ვერც გაიგეს...
- და როცა გაიგეს?
- ამით ამაყები იყვნენ.
- რას ურჩევთ თქვენი შვილის თანატოლებს?
- საერთოდ, ამ ასაკში განსაკუთრებულად არ უყვართ, როცა მათ რაღაცას ურჩევენ, ჭკუას ასწავლიან. მათ ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს და ვურჩევ, ის შესაძლებლობები, რაც აქვთ, მაქსიმალურად გამოიყენონ შემეცნებისთვის. მშობლებმა კი შვილებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ისინი არიან პიროვნებები და მათაც აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა ჩვენ წინაშე. ჩემს გოგონას მოსწონს, როდესაც მის ნათქვამს სერიოზულად აღვიქვამ, რაღაცას ვავალებ, მის აზრს ვიზიარებ, მის პოზიციას პატივს ვცემ. დროა, ყველამ ისწავლოს შვილთან მეგობრობა და ამით ბევრ სერიოზულ პრობლემას ავიცილებთ თავიდან...
ლიკა ქაჯაია
(გამოდის ხუთშაბათობით)