"იმედის" ეთერში 7 ნოემბერს თოქ-შოუ - "ღია ეთერი" გავა

"იმედის" ეთერში 7 ნოემბერს თოქ-შოუ - "ღია ეთერი" გავა

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 7 ნოემბერს უპრეცედენტო მასშტაბის თოქ-შოუ - "ღია ეთერი" გავა, რომელიც ერთდროულად სამი ტელევიზიის მეშვეობით გადაიცემა.

ტელეკომპანიის დარბევიდან 5 წლის შემდეგ, გადაცემა შეეცდება გაარკვიოს, თუ რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს და როგორ აისახა ეს დღე მომდევნო ხუთ წელიწადზე.

"ღია ეთერი" 22:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერს ტელეკომპანიები "მაესტრო" და "მეცხრე არხი" დაუთმობენ.

თოქ-შოუს წამყვანები იქნებიან "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები - ეკა ხოფერია, თეა სიჭინავა და დიანა ტრაპაიძე.

რაც შეეხება სტუმრებს, "ღია ეთერში" მიწვეულები არიან "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მედია ექსპერტები და პოლიტიკური მიმომხილველები. ჯამში გადაცემაში სხვადასხვა ფორმით, მონაწილეობას ორასზე მეტი ადამიანი მიიღებს. სტუმრები გაიხსენებენ მოვლენებს, რომლის მონაწილენიც ისინი იყვნენ, იმსჯელებენ 7 ნოემბრის შედეგებზე და ისაუბრებენ, თუ რა გზებით შეიძლებოდა უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება.

როგორც ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ბაია ცანავა აცხადებს, პროექტის მიზანია ტელეკომპანიამ ღიად ისაუბროს 7 ნოემბრის მოვლენებზე და პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც წლების განმავლობაში უპასუხოდ რჩებოდა.

"ჩვენ გვსურს ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში მსგავსი რამ არ განმეორდეს. წამყვანებად მიზანმიმართულად შევარჩიეთ "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები და სახეები, რომლებიც დღეს სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობენ. მათი მონაწილეობა უპრეცედენტო პროექტის მასშტაბურობას და მნიშვნელობას უსვამს ხაზს", - აცხადდებს ბაია ცანავა.

7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ასევე გავა ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი რომელიც "იმედის" დარბევას შეეხება. ფილმებს გადაცემა "იმედის გმირების" სარედაქციო ჯგუფი ამზადებს და ისინი ეთერში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს.

ამასთან 7 ნოემბრიდან ტელეკომპანია პირველად ვიზუალურ გაფორმებას და ფერთა პალიტრას უბრუნდება. არხზე უკვე დაბრუნდა "იმედის" პირველადი ლოგო.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები