ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ქართველი სპორტსმენის, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის, დავით მარსაგიშვილის ინტერვიუ, რომელმაც საზოგადოების ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ინტერვიუში მარსაგიშვილი მანდილოსნების მიმართ საკმაოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებს და კონკრეტულ შემთხვევებში, მათ ცემასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. ჩენ დავუკავშირდით ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტში ოჯახური და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და მათ ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ.
ნოდარ (ნონო) ანდღულაძე - რაგბისტი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე.
- მარსაგიშვილს პირადად არ იცნობ, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც წარმატებულ სპორტსმენს. იმედია, მან ეს ყველაფერი ხუმრობით თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ცუდად გამოუვიდა ეს ხუმრობა, თორემ არა მგონია ქართველმა კაცმა ასეთი რამე მართლა იკადროს. ზოგადად ძალადობა დასაგმობია და მით უფრო, როდესაც მამაკაცი ძალადობს სუსტ სქესზე. მოგეხსენებათ, მე და კიდევ რამდენიმე სპორტსმენი ვმონაწილეობთ აქციაში, სადაც ვგმობთ მამაკაცთა მიერ ქალების უფლების დარღვევას. რადგან ნაკრებში მითამაშია და ასე თუ ისე ხალხი მიცნობს, ვთვლი, ისე უნდა მოვიქცე, რომ მისაბაძი ვიყო სხვისათვის, კარგი იქნებოდა დავითსაც ეფიქრა ამაზე.
- შენ რომ ქალმა შეურაცხყოფა მოგაყენოს როგორ გასცემ პასუხს?
- მაქსიმალურად ვეცდები, რომ შეურაცხყოფამდე არ მივიდეს საქმე, მაგრამ თუ მაინც მოხდა, დამერწმუნეთ, ნებისმიერი ძალადობა ჩემი მხრიდან გამორიცხულია. ვეცდები გავერიდო კონფლიქტს. ზოგადად ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ (მხოლოდ სტადიონზე "ვხულიგნობ" ხოლმე) და მით უმეტეს, თუ მეორე მხარეს მანდილოსანია, მაშინ ყოველგვარ ძალადობაზე ლაპარაკი ზედემეტია.
ირაკლი მაჩხანელი - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი
- მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ. მე ვფიქრობ დღესდღეობით, 21-ე საუკუნეში ამ თემაზე ლაპარაკი ზედმეტიცაა, ყველასთვის ნათელია, რომ ქალი და კაცი აბსოლუტურად თანაბარუფლებიანები არიან.
- ირაკლი თუ შენს გვერდით მყოფი მანდილოსანი შენს წინადადებას, თხოვნას არ დაემორჩილა, რა რეაქცია გექნება?
-აუცილებლად მოვისმენ მის აზრს და თუ მისი შეხედულება უფრო სწორი და ლოგიკური იქნება, გავითვალისწინებ კიდეც. მამაკაცი ყოველთვის მართალი არაა, ხშირად მანდლოსნები ბევრად უფრო სწორად მსჯელობენ, ვიდრე ჩვენ. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთის აზრებს ყოველთვის ვითვალისწინებთ და ამ პრინციპით ვცხოვრობთ ბედნიერად.