ვისაც ავტობუსით უმგზავრია, მიხვდება, როგორი რთული პროფესიაა ავტობუსის კონტროლიორობა, მით უმეტეს ჩვენში, სადაც მგზავრების არცთუ მცირე ნაწილს ბილეთების აღება არ უყვარს, ნაწილს კი ამის საშუალება არა აქვს. "ყველა სიახლე" შეეცადა ამ სამსახურის სირთულეებზე თავად კონტროლიორებს გასაუბრებოდა, თუმცა ორი ქალბატონის გარდა, ჟურნალისტთან გასაუბრებისგან ყველამ თავი შეიკავა.
ლ.კ.: ძალიან რთული სამუშაოა. ყველას ხასიათს ხომ ვერ გამოიცნობ, ბილეთს რომ ვთხოვთ, ზოგიერთი მგზავრი აქეთ გვიტევს, ჯერ ამოსვლა მაცალეო. არადა, ზემოდან გვავალებენ, ავტობუსში ასვლისთანავე მგზავრებს ბილეთი მოვთხოვოთ, წესის თანახმადაც ასეა საჭირო - ბილეთი ასვლისთანავე უნდა აიღო. ჩვენც გვაკონტროლებენ და უბილეთო მგზავრი თუ დაგვიჭირეს, გვაჯარიმებენ. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა დილიდან დაღამებამდე უამრავი მგზავრი ერთსა და იმავე თემაზე გეჩხუბება. ჩვენიც ხომ უნდა გაიგონ, ჩვენ ხომ მხოლოდ დავალებას ვასრულებთ. ეგ კი არა, ზოგჯერ ავტობუსების დაგვიანების გამოც ჩვენ გვეჩხუბებიან. თუკი რამეზე განაწყენდებიან, აგრესია ჩვენზე გადმოაქვთ. რკინის ნერვები უნდა გქონდეს, ამას რომ მშვიდად შეხვდე და გაუძლო.
პრეტენზიებს ძირითადად ის მგზავრები გამოთქვამენ, ვისაც ბილეთის აღება არ უნდა, ან ამის საშუალება არა აქვს. ხშირად თავს იმით იმართლებენ, რომ სამსახური არა აქვთ და ბილეთის შეძენა არ შეუძლიათ, ან ფული და ბარათი სახლში დარჩათ. ერთი შეხედვით შეატყობ, ვის მართლა დარჩა და ვინ ცრუობს. ვისაც უხერხულობა ეტყობა, იმას უბილეთოდაც ვატარებთ. განსაკუთრებით ახალგაზრდები უხეშობენ, ზოგჯერ პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან, ასეთ შემთხვევაში პატრულს ვიძახებთ ან ავტობუსიდან ვაგდებთ.
ლ.გ.: ურთულესი საქმეა, განსაკუთრებით ქალისთვის. ვუძლებ, როგორც შემიძლია. ზოგჯერ რატომღაც ბილეთიანებიც კი გვეჩხუბებიან. არ ვიცი, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა შეიძლება ცუდად იქცევა, მაგრამ ერთეულების გამო ჯოხი ყველაზე არ უნდა გადატეხო.
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)