საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარების მიმართ ზოგადი პრეტენზიები აქვს. როგორც ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმების შესახებ გუშინ ჰიპოთეტურად თქვა და საკითხის სერიოზული განხილვა არ მიმდინარეობს, თუმცა, "გუნდში აღნიშნული იდეა არსებობს".
"მაჟორიტარებმა დამოკიდებულება უნდა შეიცვალონ. მათ კარგად უნდა გააცნობიერონ, რა ევალებათ. კარგად აითვისონ და განახორციელონ თავისი ფუნქციები და ზედმეტად ნუ ერევიან სხვა სამინისტროების ფუნქციებში. მაჟორიტარებმა რეგიონებს ყურადღება უნდა მიაქციონ. მათ ევალებათ შეხვდნენ ამომრჩევლებს და გაიგონ, რა ხდება რეგიონებში. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ გარკვეული მონაწილეობა მიიღონ რეგიონების განვითარებაში, მაგრამ არა ამაზე მეტი. იქ რაღაც ფორმები და ზღვრებია, რომლებიც მათ უნდა დაიცვან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.