შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეგვიპტისთვის F-16-ის ტიპის ამერიკული გამანადგურებლების მიწოდების პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ 24 ივლისს, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯორჯ ლიტლმა განაცხადა.
ლიტლის თქმით, გამანადგურებლების მიწოდების პროცესი ეგვიპტეში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ობამას ყველა მრჩეველმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთპიროვნულად დაუჭირა.
ამავდროულად, სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების პროცესის შეჩერება აშშ-ეგვიპტის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას არ გულისხმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დათქმულ ვადაში დაიწყება.
სამხედრო-ეკონომიური დახმარების ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტეს 1,3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის F-16-ის ტიპის 20 გამანადგურებელი უნდა გადასცეს. ივნისის თვეში გაეროსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 7 ერთეული F-16 ეგვიპტემ უკვე მიიღო.
3 ივლისს ეგვიპტელმა სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ მურსი გადააყენეს. ამ პროცესს წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელთა მონაწილეებიც უმოქმედობის გამო პრეზიენტის გადადგომას მოითხოვდნენ.
ოფიციალურ ვაშინგტონს მურსის გადაყენებისთვის არც დადებითი და არც უარყოფითი შეფასება არ მიუცია. თუმცა შეერთებული შტატების მიერ ეგვიპტეში მომხდარისთვის სახელმწიფო გადატრიალების შეფასება მიცემის შემთხვევაში, ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა ავტომატურად შეწყდება.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.