ამბობენ, რომ ლამაზი ღიმილი წარმატების საწინდარია. თუმცა სტომატოლოგთან ვიზიტს ქართველების უმეტესობა მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილის შემთხვევაში ბედავს. "ყველა სიახლეს" "დენტო კლუბის" ექიმი-ორთოდონტი რომა ლორთქიფანიძე ესაუბრა:
- პირის ღრუს მოვლის კულტურა საქართველოში მნიშვნელოვნად ამაღლდა. პაციენტები მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილის შემთხვევაში აღარ მიდიან სტომატოლოგთან. პირის ღრუს მოვლის კულტურის ამაღლება უამრავი ინფორმაციის და ახალი ტექნოლოგიების შემოტანამ გამოიწვია. დაიხვეწა სტომატოლოგია.
- ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ პაციენტებს?
- სურთ კბილების გათეთრება და წყობის გასწორება. ადრინდელთან შედარებით, ახლა თუ ბრეკეტები გაქვს, ეს მაღალი რანგის მაჩვენებლად ითვლება და სირცხვილი აღარ არის. ბრეკეტების გაკეთება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, თუ პაციენტს აქვს ამის სურვილი. ბრეკეტები სხვადასხვა მასალისგან მზადდება და ფასი ამის მიხედვით განისაზღვრება - 700 ლარიდან ზევით. რაც შეეხება კბილების გათეთრებას, ამისთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ერთ-ერთია ე.წ. კაპები. კაპებში ვასხამთ სპეციალურ გელს, მას ღამით იკეთებს პაციენტი და ის ათეთრებს მინანქარს. არის მეორე საშუალებაც - ზუმის აპარატით გათეთრება. ეს პროცედურა თითქმის ერთი საათი და ათი წუთი გრძელდება და 4-5 ტონით აღიავებს მინანქარს. კარგია, თუ პაციენტი კომპლექსურად ჩაიტარებს მინანქრის გათეთრების პროცედურას: ჯერ ქვების მოშორება, შემდეგ გათეთრება ზუმის აპარატით, ბოლოს კი ეფექტის შესანარჩუნებლად კაპების გაკეთება და ეს ყველაფერი 700 ლარი ღირს.
- ვიცი, რომ მოდურია კბილებში ბრილიანტის თვალის ჩასმა...
- ეს უფრო თინეიჯერებშია პოპულარული. ბრილიანტის თვალი რამდენიმე თვით სპეციალური აპარატის მეშვეობით მაგრდება კბილზე. ეს პროცედურა თუ ჩვენი "სვაროვსკის" თვლით ხდება, დაახლოებით, 60 ლარი ღირს. ხშირად პაციენტს მოაქვს საკუთარი ბრილიანტის თვალი და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უფრო ძვირი ღირს მისი კბილზე დამაგრება.
- გოგონები უფრო ხშირად დადიან თუ ბიჭები?
- ცნობილია, რომ კაცები, ქალებთან შედარებით, ნაკლებად იტანენ ტკივილს. მაგრამ ჩვენს კლინიკაში ახალი მეთოდოლოგია დავგეგმეთ ეს არის "მალხენი აირი". გამოიყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანებში. უსაფრთხოა, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხსნის დაძაბულობას და მოუსვენრობას. ამ დროს პაციენტს აქვს გონება და ჩვეულებრივი რეფლექსები, მაგრამ დაკარგულია შიშის შეგრძნება. ეს უფრო აადვილებს მასთან მუშაობას.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)