ბოლო ხანს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა, რომელთაც ბატონი გიორგი ცილისწამებად აფასებს. ჯერ იყო და, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა, ვაჟა აპშინაშვილმა ლამის ნახევარი მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა, გაზეთ "ყველა სიახლეში" კი გამოქვეყნდა სტატია, სადაც საქართველოს ყოფილი საპატიო კონსული აშშ-ში, აცხადებს, რომ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სიგუა აშშ-ში ყოფნის დროს მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა. როგორც დარბაიძე აცხადებს, მას სიგუამ 15 ათასი დოლარი სთხოვა, რაზეც ჩეკი გამოუწერა. შემდგომში, როგორც ის აცხადებს, სიგუამ კვლავ სთხოვა 10 ათასი დოლარი, რომლის შემდეგაც დარბაიძე მიხვდა, რომ სიგუა მას "ქართული ოცნების" სახელით ფულს სძალავდა. დარბაიძის თქმით, ფულს არ მოიკითხავდა, მაგრამ სიგუას კეთილსინდისიერებაში შეეპარა ეჭვი და ახლა აპირებს "ქართულ ოცნებასაც" აუხილოს თვალი, თუ ვინაა რეალურად გიორგი სიგუა. "როგორც კი გიორგი სიგუა შემობრძანდება აშშ-ში, მაშინვე დააკავებენ." - აცხადებს დარბაიძე
ჩვენ დავუკავშირდით ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი სიგუას, რომელმაც თავადაპირველად ამ განცხადების კომენტირებაზე უარი თქვა, თუმცა შემდეგ დაგვთანხმდა:
- აღარ მინდა ამ ჭორებზე ლაპარაკი, იმდენი საქმე მაქვს, მაგაზე ფიქრსაც ვერ ვასწრებ, რა ჯანდაბა უნდათ, არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, ეს მიზანმიმართული შავი პიარია თუ რაღაც შეთქმულება. როდესაც მივდიოდი საჯარო სამსახურში, კარგად მესმოდა, რომ ეს არ იქნებოდა იოლი საქმე, საჯარო პირი რომ ხარ, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, ძალაუნებურად ყველა ცდილობს შეგაფასოს. მე კი არა, შოთა რუსთაველი არ მოსწონს ყველას. მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონხარ, ვიღაცას ბოღმა და შური ახრჩობს და ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაგაზიანოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ მე მაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ საქმე გავაკეთო და საქართველოში ტურიზმი განვავითარო.
- ამერიკაში ყოფნისას, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გქონდათ ლაშა დარბაიძესთან?
- თვითონვე ამბობს, რომ დამეხმარა და საქართველოში დასაბრუნებლად მე და ჩემს მეგობარს ფული მოგვცა, თუ დამეხმარა, როგორღა გამოვძალე ეს ფული, გამაგებინოს ვინმემ? ამბობს, რომ მომცა მანქანა და ბინის გასაღები, რასაც ვადასტურებ, ორივე მოკლე ხანში დავუბრუნე უკან. საეჭვო არ არის, ცხრა თვის წინ რომ ადამიანი რაღაცით დამეხმარა და ცხრა თვის მერე დაიწყო ფულის გამოძალვაზე ლაპარაკი? მაინც და მაინც მაშინ, როდესაც თანამდებობაზე დავინიშნე, როგორც ჩანს, ამის გამო ბევრი დაიბოღმა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, აფერისტობას მაბრალებენ.