რეგიონებში არსებული პრობლემების გასაშუქებლად "სიდას" (სამოქალაქო განვითარების სააგენტო) ორგანიზებით მოწყობილი მედიატური აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში გაგრძელდა. მზიან აჭარაში, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლის მიღმა, უამრავი პრობლემა არსებობს. ბათუმი, რომლის აღმშენებლობაზეც ბოლო წლებში ყველაზე ბევრი ფული დაიხარჯა, კონტრასტების ქალაქად იქცა: ფეშენებელური სასტუმროებისა და მდიდრული სახლების გვერდით წალკელი ეკომიგრანტები, რომელთა ჩასახლებაც წალკაში მაღალმთიანი აჭარიდან მოხდა, 2 თვეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლის წინ, გაშლილ კარვებში ცხოვრობენ.
ნოდარ აბულაძე, ეკომიგრანტი:
- წალკაში ბერძნების მიტოვებულ სახლში ვცხოვრობდი. სააკაშვილმა 2003 წელს მოგვიწოდა, ამ სახლებში შევსულიყავით და დაგვპირდა, საკუთრებაში დაგიმტკიცებთო, მაგრამ მას შემდეგ ჩვენთან აღარ გამოჩენილა. ახლა ბერძნები დაბრუნდნენ და იძულებული გავხდი, სახლიდან წამოვსულიყავი. ზოგიერთი მეპატრონე სახლს ყიდის, მაგრამ ისეთ არარეალურ ფასს ადებს, შეუძლებელია, შეიძინო. იქ ჩვენი გაჩერება წარმოუდგენელია. ეთნიკური სომხები წინააღმდეგობას გვიწევდნენ, - აქ ნუ მოდიხართ და ნუ სახლდებითო. 2003 წელს სოფელ საყდრიონში აჭარლები რომ მივედით, იქ 20-მდე ოჯახი იყო, ახლა - 200-მდე ვართ. ბერძნებს და სომხებს ვემონები, რათა ცოლ-შვილი შიმშილით არ დამეხოცოს. "თოხზე" დღეში 10 ლარად მუშაობა საცოდაობა არ არის?
სად აღარ ვიყავით, დახმარება ვის არ ვთხოვეთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. სეტყვამ კახეთი რომ დააზიანა, იქაურებს 8 მილიონით დაეხმარნენ, ჩვენ კი ქუჩაში ვცხოვრობთ და ხელისუფლებას სულ არ ვადარდებთ.
- რას ითხოვთ?
- წალკაში სახლი მინდა მქონდეს და 5 ჰექტარი მიწა, სხვანაირად იქ ვერ ვიცხოვრებ.
- ხელისუფლების უყურადღებობაზე ლაპარაკობთ, მაგრამ თქვენს კარავზე "ქართული ოცნების" დროშა ფრიალებს. ეს როგორ გავიგოთ?
- ჩვენი ოცნება ოცნებად რჩება.
ალექსანდრე ირემაძე, ეკომიგრანტი:
- დღეს პროტესტის 69-ე დღეა. პრემიერ-მინისტრსაც შევხვდით, მაგრამ იმ შეხვედრიდან 1 თვე გავიდა და ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ბათუმიდან თბილისში გვაგზავნიან, თბილისიდან - ბათუმში. გამუდმებით გვესმის სიტყვა "მოვაგვარებთ", რეალურად კი არაფერი იცვლება. დროებითი თავშესაფარი მაინც მოგვცენ, ზამთარში მინდორში ხომ ვერ გავჩერდებით? 2005 წელს სტიქიამ დამაზარალა. სახლი საცხოვრებლად უვარგისია და ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი მაქვს.
წალკელი ეკომიგრანტების დიდ ნაწილს ურეხში, ბათუმის ბავშვთა სახლის ფოიე აქვთ დაკავებული. შენობის დანარჩენ ნაწილს პოლიცია აკონტროლებს. ღამით ბეტონის იატაკზე დაგებულ პლედებზე სძინავთ.
ნარგიზ შავაძე, ეკომიგრანტი:
- სანამ მთავრობა თავშესაფარს არ მოგვცემს, აქ ვიქნებით. ერას მოედანზე არჩილ ხაბაძე რომ მოვიდა, ვკითხე: სად წავიდეთ-მეთქი? - სადაც გინდათ, იქ წადითო. თანაგრძნობის ნიშნად ერთი ბოთლი წყალი მაინც გამოეგზავნა...
ვარდო სოლომონიძე, სოფელ ავრალოდან:
- მცირეწლოვანი შვილები მყავს და ქუჩაში უსახლკაროდ დავრჩი. სახლის ბერძენი მეპატრონე დაბრუნდა. 13 მაისის მერე ასეთ დღეში ვარ: ხან მეზობლებში მეძინა, ხან - ნათესავებში. ასე როდემდე გავძლებ?
- როცა ბერძნების დატოვებულ სახლებში შედიოდით, ვერ აცნობიერებდით, რომ შეიძლებოდა წლების შემდეგ პრობლემები შეგქმნოდათ?
- ვაცნობიერებდით, მაგრამ სახელმწიფო გვაიმედებდა, ქონებას დაგიმტკიცებთო. ახლა უსახლკაროები გვქვია.
ამირან საგინაძე, წალკის მკვიდრი:
- წალკაში ჩვენი ჩასახლებით ფულის გათეთრება მოახდინეს. ეტაპობრივად ვითომ, სახლების შესყიდვა დაიწყეს, მაგრამ 3000-ის ნაცვლად, 500 შეიძინეს, თან - ისეთები, რომლებიც დანგრევის პირას იყო.
- ის ბერძნები, რომლებსაც თავის დროზე სახელმწიფომ სახლებში თანხა გადაუხადა, პრეტენზიას აღარ აცხადებენ?
- როგორ არ აცხადებენ! ბერძნებისგან სახელმწიფომ სახლები რომ იყიდა, ახალ მფლობელს არ დაუმტკიცა. ვფიქრობ, ასე შეგნებულად გააკეთეს. სახლის საფასურის ნახევარს სახელმწიფო იხდიდა, დარჩენილ ნახევარს - მფლობელი. იურიდიულად სახლი მფლობელის სახელზე არ ფორმდებოდა, სახელმწიფო ბალანსზე რჩებოდა. დაკანონებას რომ ვითხოვდით, გვეუბნებოდნენ: ეს სახელმწიფო პოლიტიკაა და დამტკიცება დროთა განმავლობაში მოხდებაო. პროცესს დროში მიზანმიმართულად წელავდნენ. 2010 წელს მიწების ელექტრონული აუქციონის წესით გაყიდვა დაიწყეს. წალკელ გლეხებს ეს როგორ უნდა გაგვეგო, როცა ინტერნეტზე ხელი არ მიგვიწვდება? ჩვენ ჯერ უმიწოდ დაგვტოვეს, მერე - უსახლკაროდ.
ვარდო სოლომონიძე:
- მურმან დუმბაძემ ჩვენი ამბავი რომ გაიგო, თქვა: საცხოვრებლად ბიძაშვილებთან, მამიდაშვილებთან გადავიდნენო. მაგას ხელი კი არა, ენა უნდა გაუხმეს! ნეტავ, სადმე შემახვედრა.
გენადი კახაძე, ეკომიგრანტი:
- უცხოელებს ასობით ჰექტარი აქვთ არენდით აღებული, თივა მოჰყავთ და მერე ორმაგ ფასში ყიდიან. ხალხს ზამთარში პირუტყვი შიმშილით დაგვეხოცა, ბევრს კი ბანკის ვალი დარჩა. წალკა საქართველოს შევუნარჩუნეთ და ახლა სახლებიდან გვყრიან.
თამაზ ლომიძე, განსახლების ექსპერტი:
- ეს ადამიანები სახელმწიფო პოლიტიკის მსხვერპლნი არიან. უკან დაბრუნებული ბერძნები მათ სთხოვენ, სახლები დაცალონ. არადა, მაშინ, როცა ბერძნების მასობრივი გადინება ხდებოდა, წალკის სოფლებში მაღალმთიანი აჭარიდან ჩასახლებული მოსახლეობის ხარჯზე, სოფლების შენარჩუნება მოხდა - ეს პროცესი ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო. მოსახლეობის ნაწილს სახლები შეუსყიდეს, დანარჩენები კი დააჯერეს, რომ დროთა განმავლობაში სახლები მათ მფლობელობაში გადავიდოდა. ფაქტი სახეზეა - ხალხს ბოლომდე ვერ უპატრონეს. ბერძნებიც არ იყვნენ ამ ყველაფრის წინააღმდეგი, რადგან აჭარლების სახით, უფასო დარაჯები იშოვეს. ამ ადამიანებს სახლების დატოვების მიზეზი აქვთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, დღეს მათი მდგომარეობით პოლიტიკური გათვლები კეთდებოდეს.
- რას გულისხმობთ?
- წინა ხელისუფლებამ იცოდა, აქ რა მდგომარეობა იყო და როგორ შეიძლებოდა სიტუაციის არევა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მელიის მიერ გაკეთებულ საქათმეს. საბერძნეთში სოციალური ფონი დამძიმდა, ბერძნები თითქოს დაბრუნებას აპირებენ, მაგრამ უფრო მეტად, რუსეთში წასული ბერძნები ბრუნდებიან. ამ ხალხს ყოველი არჩევნების წინ საკენკს უყრიდნენ; ეუბნებოდნენ: სახლებს გაგიფორმებთო. ბოლოს და ბოლოს, ისინი "ხმების" დიდი საბადო იყვნენ. ვფიქრობ, მათ უკან დიდი ძალა დგას.
არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე:
- ჩვენ ამ ადამიანების პრობლემებს კარგად ვიცნობთ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფუნქცია პრობლემის დევნილთა და განსახლების და ეკონომიკის სამინისტროებამდე მიტანა გახლავთ. დავით დარახველიძე მდგომარეობას ადგილზეც გაეცნო. უნდა მოწესრიგდეს აღრიცხვიანობაც და საკუთრების უფლებაც. იმ ეკომიგრანტების, რომლებსაც მიწის ეროზირების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ, თავშესაფრით უზრუნველვყოფთ. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის. ვთქვათ, ერთი კონკრეტული სოფლიდან ოჯახს ასახლებენ. იქ კომისია მივა, მხარეებს დაელაპარაკება და ადგილზე გააკეთებს დასკვნას, რომელიც შემდეგ შესაბამის ორგანოებს მიეწოდება. ამ დასკვნას უნდა მოჰყვეს ხელისუფლების თანამიმდევრული მოქმედება. ყველა სახლის გამოსყიდვა რომ გახდეს საჭირო, მთავრობა ამისთვის მზაობას გამოთქვამს, მაგრამ აქვე თავს იჩენს მეორე პრობლემა: ეკომიგრანტები ამბობენ, - სახლიც რომ გვქონდეს, იქ ჩასვლას აზრი არ აქვსო და 144 ოჯახი 4-5 ჰექტარ მიწის ფართობს ითხოვს. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე და 2 კვირაში გვეცოდინება, ამ ადამიანებისთვის რეალურად, რა ფართობის მიწების გადაცემა იქნება შესაძლებელი...
- იმ ოჯახებს, რომლებსაც ეროზირების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ, დროებითი საცხოვრებლით დააკმაყოფილებთ?
- ამბობენ, რომ ასეთი დოკუმენტი 50-მდე ოჯახს აქვს, სამინისტროში კი მხოლოდ 28 ოჯახია რეგისტრირებული. დანარჩენ 22 ოჯახს ვთხოვთ, დოკუმენტი წარადგინონ. მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ. 28 ოჯახიდან 15 უკვე სახელმწიფოს მიერ შესყიდულ სახლებში ცხოვრობს. დასახელებული 144 ოჯახიდან წალკაში თავშესაფარი თითქმის ყველას აქვს. აქ ძირითადად, მამაკაცები არიან ჩამოსულები, რომლებსაც მეუღლეები, შვილები სოფლებში ჰყავთ. საბავშვო ბაღის შენობაში შეჭრილი ადამიანები კანონს არღვევენ. შესაბამისად, მათი დაჯარიმებაც შეგვიძლია, მაგრამ თავს ვიკავებთ. შენობაში სამართალდამცავებიც არიან, რათა ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი. მათი პრობლემა გავაცანი პრემიერ-მინისტრს, სამინისტროს, პარლამენტს. ეს საკითხი კანონის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.
სახელდახელოდ შეკრული ფიცრულები, ცხოვრება XXI საუკუნეში წყლის, ელექტროენერგიის, გაზის გარეშე - ასეთია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე "ოცნების ქალაქის" რეალობა. ფრიდონ ხალვაშის ქუჩის #188-ში რამდენიმე ფიცრულზე "ქართული ოცნების" დროშა ფრიალებს. ძნელია გაერკვე, ეს რისი სიმბოლოა: უკეთესი მომავლის რწმენის თუ დამსხვრეული ოცნებების. იქ ვისაც უნდა გაესაუბრო, ყველა გეტყვის, რომ მაღალმთიანი აჭარიდან გაჭირვებას გამოექცა. კითხვას: აქაც ხომ გაჭირვებაში ცხოვრობთ? არც მამთავრებინებენ, - იქ უფრო მეტი გაჭირვება გვქონდაო. "ოცნების ქალაქში" მყოფი 500-ზე მეტი ადამიანი შინ დაბრუნებაზე ოცნებობს.
თამარ კოკობინაძე 6 შვილის დედაა, იანვარში კი მეშვიდეს ელოდება. ცხოვრობენ ნესტიან ოთახში, სადაც არც წყალია, არც - ელექტროენერგია და გაზი. ჰიგიენის ნორმების დაცვაზე, სრულფასოვან კვებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ოჯახი სოციალური დახმარების იმედად არის დარჩენილი. მათ მდგომარეობასთან შედარებით, სიტყვა "გაუსაძლისი" რბილად ნათქვამია. რაზე ოცნებობ? - ვეკითხები 8 წლის ნატოს. - ბინაზე, - მპასუხობს და გაბრწყინებული თვალები ცრემლით ევსება.
ზურა გუნდაძე, სოფელ თხილვანადან:
- თხილვანა აჭარის ყველაზე მაღალი სოფელია, თურქეთის საზღვართანაა. 8 თვეა, იქიდან წამოვედით. ჩემი ოჯახი 7-სულიანია. სოფელში მცირემიწიან ადგილზე ვცხოვრობდით, სახლიც ავარიული იყო - ქარი რომ დაუბერავდა, აკვანივით ირწეოდა... აქ სულ 832 ქოხი იყო გაკეთებული. 300-მდე ოჯახს ფიცრული მთავრობამ დააშლევინა. "ოცნების ქალაქი" კი დავარქვით, მაგრამ ჩვენი ოცნება წყალმა წაიღო. 4 თვის წინ პრემიერის სახელზე განცხადება დავწერეთ, რომელშიც ჩვენი გასაჭირი მოკლედ აღვწერეთ და ყველამ მოვაწერეთ ხელი. პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
აქ საპირფარეშოები საერთოა, აბაზანის ფუნქციას ტენტით შემოსაზღვრული 4 ბოძი ასრულებს. ფიცრულებთან ახლოს - ნაგავსაყრელია...
მარინა ბერიძე, ხულო:
- აჭარლებს ასე უპატივცემულოდ რატომ გვეპყრობიან? აჭარა აჭარლების უნდა იყოს და რაც მოგვრჩება - ინვესტორების. მათ რომ თან გადაჰყვნენ, ჩვენ ხალხი არ ვართ? არჩევნები მოვა და ტკბილად ლაპარაკს დაიწყებენ, შეიძლება მწვადზეც დაგვპატიჟონ, მაგრამ აღარ მოვტყუვდებით.
არჩილ ხაბაძე:
- სიხისტეში ნუ ჩამითვლით, მაგრამ არ ვაპირებ, ე.წ. "ოცნების ქალაქი" გავანათებინო, რადგანაც ეს ადამიანები არასამართლიან მოთხოვნებს გვიყენებენ. თქვენ იქ უნდა მიხვიდეთ ღამის საათებში და ნახავთ, როგორი მანქანებით დადიან, ღრეობენ. მათ უმეტესობას ფიცრულების მიღმა, ბიზნესინტერესები აქვს.
- ადგილზე საშინელი ანტისანიტარიაა და ზაფხულის ცხელ დღეებში, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საფრთხეც.
- დასუფთავების საკითხს მივხედავთ, მაგრამ ამ ადამიანებმა უკანონოდ დაკავებული ტერიტორია უნდა დატოვონ. თავდაპირველად მათ მივმართეთ თხოვნით, განაცხადი საკუთარ მუნიციპალიტეტში შეეტანათ, რის შემდეგაც შევისწავლიდით პრობლემებს და საჭიროების მიხედვით ვიმოქმედებდით. აღნიშნულ ადგილზე უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებიც ცხოვრობენ, მაგრამ მათი მდგომარეობით ისეთები სარგებლობენ, რომლებსაც სახლ-კარიც აქვთ და სარჩოც.
- თუ ეს ყველაფერი აქვთ, ფიცრულში რატომ ცხოვრობენ?
- რძლებს არ უნდათ, ერთად იცხოვრონ, ვიღაცას დედამთილთან აქვს პრობლემა, ვიღაცას - მულთან და ამაზე თურმე, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამ კატეგორიის ადამიანები მათ მდგომარეობასაც ამძიმებენ, ვისაც დახმარება მართლა ესაჭიროება. პირველ რიგში, მათი ერთმანეთისგან გარჩევა უნდა მოხდეს.
დავით ბალაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი:
- ამ დასახლებას ელექტროენერგია ვერ მიეწოდება, რადგან ამ საქმეს კერძო კომპანია ასრულებს. განათების სისტემას ისე ვერ გაიყვანენ, თუ ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ მოხდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში არსებული დანაზოგებიდან, მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ ხულოში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა დაიწყოს და მალე ტენდერიც გამოცხადდება.
P.S. ამქვეყნად ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ "ოცნების ქალაქში" გამორჩენის მიზნით ცხოვრება და გაჭირვებული თანამემამულის ბედით მანიპულირება (თუ ასეთი რამ მართლაც ხდება), რომ უღირსი საქციელია, ამაზე არავინ შემედავება. სახელმწიფო მხოლოდ მთავრობის წევრებისგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან არ შედგება. ვიდრე თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისა და ქვეყნის წინაშე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას არ ვიგრძნობთ, უკეთეს მომავალზე ფიქრიც ზედმეტია. მხოლოდ ოცნება ვერაფერს გვიშველის...
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)