წუხელ ბათუმის ახალ ბულვარში, სანაპიროზე 16 წლის მარიამ კოჩალიძე მოკლეს. მკვლელმა მოზარდის ველოსიპედი და მობილური ტელეფონი Iphone 5 გაიტაცა, ჩანთა, ბლოკნოტი და წიგნი კი დატოვა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მოზარდს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, პირქვე იწვა და ზურგზე ქვის ლოდი ედო. მოზარდის მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
16 წლის მარიამს დედა და ორი და ჰყავს, მამა ერთი წლის წინ გარდაეცვალა. მარიამი ხშირად დადიოდა ნათლიასთან, რომელიც ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც მარიამის ოჯახი. მას წიგნის კითხვა, ველოსიპედით სეირნობა და ბლოკნოტში ჩანაწერების გაკეთება უყვარდა.
როგორც მეგობრები ყვებიან, მარიამი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩეოდა. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მარიამმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ინგლისურად წერია: "you can only see as far as you think" ("იმდენად შორს ხედავ, რამდენადაც ფიქრობ"). რამდენიმე დღის წინ კი ღრუბლების ფოტო დადო და წერდა, ზღვა ზეცის ტენიანი ვერსიაა, ზეცა კი ჩემი ადგილიაო. როგორც მისი ალბომებიდან ჩანს, მარიამი სიყვარულსა და მთვარეზე გაფრენაზე ოცნებობდა, მისი ასაკის მრავალი გოგონას მსგავსად კი ზოგჯერ თავი უცხო პლანეტიდან მოსული ეგონა.
20 მაისს ერთ-ერთ ფოტოზე ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია: "სიმაღლეს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. საქმე ის კი არაა ფიზიკურად რამხელა ხარ, საქმე ისაა, შინაგანად რამდენად დიდი ხარ, ან პირიქით, კუბო სხვადასხვა ზომის კეთდება".
ნატო კვინტრაძე - მარიამის ნათლია:
"ვერაფერს ვერ ვვარაუდობ თუ რატომ მოკლა და ვინ გაიმეტა, მას მტერი არ ეყოლებოდა. არ იყო გახსნილი ბავშვი, რომ ბევრი მეგობრები ჰყოლოდა. შეყვარებულიც არ ჰყოლია. მისი გატაცება იყო წიგნების კითხვა, სულ კითხულობდა, ბულვარში მიდიოდა, წიგნებს კითხულობდა და ჩანახატებს აკეთებდა. ცხრას აკლდა თხუთმეტი წუთი, მესიჯი გავუგზავნე და პასუხი არ დამიბრუნა. მერე დავიწყე დარეკვა, მერე ძებნა"...
მარიტა იობიძე, მარიამის მეგობარი და კლასელი:
"ძალიან მეგობრული და საყვარელი ადამიანი იყო. უაღრესად განათლებული, ქალაქში ცნობილი იყო თავისი ნიჭით, ლიცეუმში უფასოდ სწავლობდა. ვინ სადისტმა მოიფიქრა ასეთი რამის გაკეთება, ველოსიპედის გამო ადამიანის მოკვლა თუ შეიძლებოდა ვერ წარმომედგინა. ბულვარში გასვლის მეშინია"...
ოჯახის ახლობელი, ლია მგელაძე:
"ბავშვის აღმზრდელმა დამირეკა და მითხრა, ბავშვი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გავედით უბნის ინსპექტორთან, რომელმაც გვითხრა, რომ 24 საათის შემდეგ დაიწყებდნენ ძებნას. გადავწყვიტეთ, ჩვენ მოგვეძებნა თავდაპირველად იმ ადგილებში, სადაც მარიამი დადიოდა ველოსიპედით. გამოვედით აქაც, მოსვლის დროს ვნახეთ ადამიანი, რომელიც აქ პატრულირებს. მან გვითხრა, რომ ბავშვი ყოველ დღე დადიოდა აქ და წიგნს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ დღისით და არა ღამე. ვთხოვეთ, ზუსტად მიეთითებინა სად ჯდებოდა ბავშვი. გვითხრა და რომ გადავედით სანაპიროზე დავინახეთ საზარელი სურათი. ბავშვი იყო ყელგამოჭრილი და ზურგზე ედო ქვა"...
ჟუჟუნა ბერიძე, მარიამის დედა:
"გუშინ საღამოს 7 საათზე ბულვარში ველოსიპედით გავუშვით. ყოველთვის ვამოწმებდით ტელეფონით. რომ არ გვიპასუხა ტელეფონზე, დავიწყეთ ძებნა. ვნახეთ, ბავშვი ზღვისპირზე, ყელგამოჭრილი, ლოდი ჰქონდა დადებული. არც ტელეფონი აღმოჩნდა და არც ველოსიპედი, ვფიქრობ ძარცვის გამო მოკლეს"...
იხილეთ ფოტოები მარიამ კოჩალიძის Facebook-დან
ნინო ხოზრევანიძე
ბათუმიდან სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის