კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ზვიად ძიძიგური ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარე მოვლენებს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. პარლამენტარი ვადამდელ არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში "ქართული ოცნების" ჩამანაცვლებელი პარტია არ არსებობს.
- ზუგდიდსა და ბათუმში განვითარებულ პროცესებს როგორ შეაფასებთ?
- ჩვენს ქვეყანაში ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავისი პოლიტიკური საქმიანობა შეუფერხებლად წარმართოს. რაც შეეხება ვინმეს დანაშაულებს, ეს ფაქტები, სასამართლომ ბოლომდე უნდა გამოიძიოს და დამნაშავეები კანონის სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.
- საიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოქალაქეთა მობილიზება ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მოხდა...
- ვფიქრობ საიას განცხადება ძალიან ყურადსაღებია, მაგრამ ასეთი ტიპის ბრალდებებს, შესაბამისი არგუმენტაცია და დასაბუთება სჭირდება. მთავარ სათქმელს ალბათ გამოძიება იტყვის.
- რამდენად სამართლიანი გეჩვენებათ დამნაშავეების 100 ლარიანი ჯარიმით გათავისუფლება?
- სასამართლოსთან დაკავშირებით საკმაოდ მშვიდად ვგრძნობთ თავს, ვინაიდან ის დღეს გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე თუნდაც 1 თვის წინ იყო. თუ ვინმეს მისი გადაწყვეტილება არასამართლიანად ეჩვენება, მაშინ ის სააპელაციოში უნდა გაასაჩივროს. დეტალებს არ ვიცნობ, შესაბამისად არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ თემაზე პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსირო.
- აქტუალურია პარტიების დაფინასება და ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდი. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიან გარემოში უწევთ პარტიებს ბრძოლა?
- ადრე მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის თავის ადმინიტრაციულ რესურსს, საბიუჯეტი ხარჯებს და ბევრ სხვა რამეს იყენებდა, რაც პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ შუალედური არჩევნების დროსაც დავადასტურეთ, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებას არ ვაპირებდით.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ინტერფრაქციული ჯგუფის დაარსების დღიდან სულ ისმოდა საყვედურები, რომ ამ კანონმდებლობას კოალიცია თავის თავზე ირგებდა და ამის გამო გამუდმებით გვაკრიტიკებდნენ.
ეხლა, როდესაც შეუთანხმებლობის გამო გადაწყვეტილება გადაიდო, ჩხუბი იმაზე დაიწყო, რომ ჩვენ თურმე წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში მათ ხელს ვუშლით. არადა ამ თემაზე იმ პარტიებს უნდა დაელაპარაკონ, რომლებმაც მოლაპარაკებები ჩაშალეს. ეს იყო ქდმ და ბურჯანაძის პარტია, რომლებმაც გაუგებარი მოსაზრებების გამო ხელმოწერაზე უარი თქვეს.
- გარდა დაფინანსებისა, არასაპარლამენტო ოპოზიცია 1 მილიონამდე ხმის გაყალბებაშიც გედავებათ...
- სიების გადახედვაზე მობილიზება იყო, მაგრამ ვერ მოესწრო, ამიტომაც ეს თემა ადგილობრივი თვითმართველობების არჩევნებისთვის გადაიდო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროისთვის ყველაფერი დაზუსტებული იქნება.
- ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე რა აზრის ხართ?
- ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა არჩევნები კონსტუტუციის შესაბამისად უნდა ტარდებოდეს. რაც შეეხება იმ არგუმენტაციას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს გაცილებით ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე არჩევნების წინა პერიოდში, ამ მოსაზრებას ვეთანხმები, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ყველა არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ძალებს, უფრო ნაკლები რეიტინგი აქვთ, ვიდრე ეს არჩევნების წინა პერიოდში.
ამ ლოგიკით ჩვენ ვადამდელი არჩევნები ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა ვატაროთ, რაც, რა თქმა უნდა ქვეყანაში სიმყარის გარანტი ვერ იქნება.
- "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ამის საფრთხე კოალიციაში შემავალ პარტიებს არ ემუქრებათ?
- მე ვერ ვხედავ, რომ ქვეყანაში დღეს რომელიმე პოლიტიკური ძალა ან კოალიცია ისე იყოს გაძლიერებული, რომ პოლიტიკურ ასპარესზე "ოცნება" ჩაანაცვლოს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით არანაირი საშიშროება არ არსებობს. უბრალოდ მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო გამადიდებელი შუშით გვაკვირდება, მსგავსი ქმედებები ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს.
- საკრებულოში მიმდინარე პროცესების მაგალითზე, ხომ არ იქმნება ქვეყანაში იმის საშიშროება, რომ სახელისუფლებო ბერკეტები ერთი გუნდის ხელში აღმოჩნდეს?
- ხელისუფლებასთან ყოფნის სურვილს ბევრი მათგანი ამჟღავნებს და მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. რაიონებში და რეგიონებში დაწყებული პროცესები ხშირ შემთხვევაში ობიექტურად მიმდინარეობს, თუმცა ხანდახან მათ პოლიტიკური მოთმინება არ ჰყოფნით და სახელისუფლებო ბერკეტებს დროზე უნდა ხელი მოკიდონ.
აქედან გამომდინარე, ერთგვარი პოლიტიკური სულსწრაფობის ელემენტებიც შეიმჩნევა. თუმცა ამის წამალი 2014 წლის არჩევნებია, რომელიც თვითმართველობებს არა ერთი ძალით, არამედ მრავალფეროვანი პარტიებით დააკომპლექტებს.
- ბოლო დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, საზოგადოებაში ნომერ პირველ პრობლემად კვლავ უმუშევრობა და სოციალური პრობლემები სახელდება. როგორ აპირებთ, ამ პრობლემებთან ბრძოლას?
- პრობლემები მოგვარდება მაშინ, თუკი ბიზნესი გააქტიურდება. მე შეგახსენებთ, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ბიზნესს გააქტიურებისათვის 4 წელი დასჭირდა, ამიტომაც ვფიქრობ, ძალიან უსამართლო იქნება 9 თვეში ამის გამო გაკრიტიკება, 1 წელი მაინც გვაცადეთ.
იმისთვის, რომ უმუშევრობის პრობლემა მოგვარდეს, საწარმოები უნდა ამუშავდეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ პენსიები 500 ლარამდეც რომ გავზარდოთ, ადამიანები მაინც უკმაყოფილოები იქნებიან. თუმცა მე მაინც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ წინასაარჩევნო დაპირებებიდან ამ დროის მანძილზე იმაზე მეტი ავასრულეთ, ვიდრე ხალხს ვპირდებოდით, ამის შედეგებს კი საზოგადოება მომავალი წლიდან იგრძნობს.
- სოფელ დიცთან მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შედეგებს როგორ შეაფასებთ?
- ამ კუთხით ჩვენ უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდა, ამიტომ ამ პრობლემების მოგვარებას სერიოზული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. თუ ვინმე მშვიდობიანი გზით კონფლიქტების მოგვარების მომხრე არ არის, მაშინ სხვა გზა შემოგვთავაზოს. იმის ილუზია არასდროს გვქონია, რომ პირველივე თვეების განმავლობაში რუსეთი თავის აღიარებებს უკან წაიღებდა.
- თუმცა, რამდენად ელოდით პროცესების განახლებას?
- ვფიქრობთ, რომ ურთიერთობა ჩვეულებრივად არ მიდის და რაღაც ტიპის შედეგები გვაქვს. იგივე სავაჭრო ურთიერთობების და სავიზო რეჟიმის მიმართულებით, თუმცა ეს რა თქმა უნდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ვერ პასუხობს. ამას კი თანმიმდევრული მოქმედება სჭირდება, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ.
- თუ გაქვთ ინფორმაცია ჟვანიას სიკვდილის თემასთან დაკავშირებით, გამოძიება რა ეტაპზეა? ბევრი მითქმა-მოთქმაა იმის შესახებ, რომ გამოძიება ამ საკითხს წინასაარჩევნოდ გაასაჯაროებს...
- ჩვენ არანაირად არ გვჭირდება ჟვანიას საქმეზე წინასაარჩევნოდ ბომბის გახეთქვა იმისათვის, რომ არჩევნებში ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ეს ისედაც პირველივე ტურში ასე მოხდება და ამას, არა მხოლოდ ქართველები, არამედ მთელი მსოფლიო დაინახავს.
რაც შეეხება ჟვანიას საქმის გამოძიებას, ამაზე თავის სათქმელს გამოძიება იტყვის. მერწმუნეთ, თქვენზე მეტი არც მე ვიცი.
- ბოლოს მინდა გკითხოთ პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ვის ვიხილავთ ამ თანამდებობაზე?
- ვფიქრობ, სანამ ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობა არ შეიქმნება, ის არსად არ წავა და საზოგადოების ინტერესი ამ საკითხისადმი გადამეტებულია.
თათია ჩაფიჩაძე