სამეფო ოჯახში ნანატრი მემკვიდრე გაჩნდა - კემბრიჯის ჰერცოგინიამ, ქეით მიდლტონმა იმშობიარა.
ქეითსა და პრინც უილიამსს ვაჟი შეეძინათ. ქეითმა ლონდონში მდებარე ყველაზე პრესტიჟულ, კერძო საავადმყოფოში Lindo Wing of St Mary-ში იმშობიარა. ბავშვი 3.80 კილოგრამს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ. ბავშვის სახელი ჯერჯერობით, უცნობია - პრესამ ვერც მისი ფოტოსურათი მოიპოვა.
სასახლესთან უამრავი ბრიტანელი და ტურისტი შეიკრიბა. სამეფო ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გვიან ღამით დაადასტურა.
"წყვილს სურდა, ცოტა ხნით მაინც ყოფილიყო პატარასთან მარტო. სამშობიარო ბლოკშიც მხოლოდ ჰერცოგინიას რამდენიმე ახლობელმა შეძლო შესვლა", - წერს "დეილი მეილი".
ათიათასობით ადამიანმა ლონდონში ბუკინგემის სასახლეს მიაშურა, რათა სამეფო მემკვიდრის დაბადება ეზეიმათ. პრინცი უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინიას პირმშო რიგით მესამეა ტახტის მემკვიდრეთა შორის. ბრიტანეთის სამეფო კარმა დღეს მილოცვა მილიონობით ადამიანისგან მიიღო მსოფლიო მასშტაბით. "უბედნიერესი ვარ" - განაცხადა უფლისწულის მამამ. პაწია პრინცისთვის ჯერ სახელი არ შეურჩევიათ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.