ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და მისი ხელქვეითების გამართლების შესახებ, საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა 3 ივლისის განაჩენი, რომლის მიხედვითაც, 2009 წლის 1 იანვარს ბორჯომის პოლიციაში ვ. გელაშვილის ცემისა და სკამის ფეხით გაუპატიურების ფაქტი არ დადასტურდა. სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდების მხარეს დაზარალებულ ვ. გელაშვილის ჩვენების გარდა, მის მიმართ პოლიციაში ცემისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, დაზარალებულის ჩვენება გამორიცხა თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა ექსპერტმა დავით მერაბიშვილმა, რომელმაც დაზარალებულის უკანა ტანში დაზიანების კვალი ვერ აღმოაჩინა.
"სასამართლო განმარტავს, რომ ამოცნობის ოქმები და ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი (როგორც წერილობითი, ასევე, მისი ვიდეო ჩანაწერი) წარმოადგენს ერთ მტკიცებულებას და იდენტური უნდა იყოს როგორც დროის ხანგრძლივობით, ასევე მიმდინარეობით. ამოცნობის წერილობით ოქმებში მითითებული წერილობითი ჩანაწერი არა თუ არ ემთხვევა მის ვიდეო ჩანაწერს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისას მათი ავთენტურობა არ დადასტურდა, შესაბამისად, ისინი დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენენ", - ნათქვამია განაჩენში.
იხილეთ ვრცლად