"ქართული სისხლიანი გარჩევა", - ასეთი კვალიფიკაცია მისცა გამოძიების საწყის ეტაპზე პოლიციამ საქმეს, რომელიც იტალიის ქალაქ ფლორენციაში 18 ივლისს მოხდა. ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ერთი და დაჭრილია ასევე ერთი ქართველი. ფაქტს რამდენიმე მოწმე ჰყავს.
- საშინელი ყვირილი გავიგონე. ქუჩაში გავვარდი და ფანჯარაში სისხლში მოსვრილი ქალი დავინახე, რომელიც შველას, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის გამოძახებას ითხოვდა, - აცხადებს ერთ-ერთი მოწმე, მიმტანი, რომელიც იმავე სახლის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში მუშაობს, სადაც ხუთშაბათს, 18 ივლისს, დაახლოებით დღის პირველ საათზე საზარელი მკვლელობა მოხდა.
ფლორენციის ისტორიული რაიონის ცენტრში, კონდოტას ქუჩაზე, ცივი იარაღით სიცოცხლეს 33 წლის ქართველი მამაკაცი გამოსალმეს. სიკვდილს გადაურჩა დაახლოებით 50 წლის ქართველი მამაკაცი. იტალიელი სამართალდამცველების ვარაუდით, დაშავებული მოკლულის ბიძაა. იგი მძიმე მდგომარეობაში, ფლორენციის "კარეჯის" ჰოსპიტალში იმყოფება. ამავე ჰოსპიტალში გადაიყვანეს შოკურ მდგომარეობაში მყოფი ის ქართველი ქალბატონიც, რომელმაც დაშავებულები პირველმა ნახა და დახმარებასაც მოუხმო. დაზარალებულები ბინას სწორედ ამ ქალბატონისგან ქირაობდნენ.
ბინაში შესულმა პოლიციამ და კარაბინერებმა დერეფანში სისხლის გუბეში მცურავი შუახნის მამაკაცი, ხოლო საძინებელი ოთახის იატაკზე მოკლული ახალგაზრდა იპოვეს. პოლიციის განცხადებით, მკვლელების იდენტიფიცირება არ გაჭირდება, რადგან არსებობენ მოწმეები.
- დავინახე როგორ გარბოდა, სისხლით მოსვრილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი, წელზემოთ თითქმის შიშველი იყო და მხრიდან სისხლი სდიოდა. სისხლის შეჩერებას მაისურით ცდილობდა. სიჩქარეში ერთს ფეხსაცმელიც (ლურჯი სპორტული) კი გასძვრა. შემდეგ დავინახე, ის ფეხსაცმელი პოლიციამ როგორ სათუთად წაიღო", - იხსენებს ერთ-ერთი ახლომდებარე მაღაზიის თანამშრომელი.
ფლორენციის პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, ლეოპოლდო დე გრეგორის განცხადებით, - მკვლელების პოვნას ხელს სათვალთვალო კამერებიც შეუწყობს, რომლებითაც სავსეა მთლიანად ეს ზონა, რადგან აქ არაერთი ძვირად ღირებული ბრენდული მაღაზიაა განთავსებული.
რაც შეეხება დაზარალებულთა ვინაობას, პოლიცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ახმაურებს. სამართალდამცველებისვე ინფორმაციით, ის პირადობის მოწმობა, რომელიც მოკლულს აღმოაჩნდა, ყალბი გახლდათ.
ბოლო დროს იტალიური პრესა დანაშაულის გახშირებული ფაქტების შესახებ საუბრობს, რომელსაც ქართველები სჩადიან. "ქართველები იტალიაში ბინების განსაკუთრებული ოსტატობით ძარცვაში არიან შემჩნეულები", - წერენ ადგილობრივ მედიაში. 18 ივლისის საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემაც ქართველები გახლდნენ: რომში ქართული დაჯგუფება (37 კაცი) აიყვანეს, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 46 საცხოვრებელი სახლი გაძარცვა. ყველა ქურდობას ერთნაირი ხელწერა ჰქონდა. ნაქურდალის საერთო ოდენობა, ძვირფასეულობის, ელექტროსაქონლისა და ფულის სახით, ორ მილიონ ევროს აჭარბებს.
ნინო მამუკაძე
სპეციალურად იტალიიდან