პლასტიკური ქირურგია ყოველწლიურად განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მართალია, მსოფლიოს ვარსკვლავები ჯანსაღი ცხოვრების წესს და არაინვაზიური მეთოდით თავის გალამაზებას უწევენ პროპაგანდას, მაგრამ პლასტიკური ქირურგიის ბუმი უფრო და უფრო იზრდება. მანდილოსნები ყველაზე ხშირად მკერდის და ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ. "ყველა სიახლეს" პლასტიკური ქირურგი გია გვარამია ესაუბრება.
- ცხვირის რინოპლასტიკა უფრო დაიხვეწა, თუ ადრე დახურული მეთოდით კეთდებოდა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, ახლა ნარკოზით ვაკეთებთ, ეს უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შედეგიც გაცილებით უკეთესია. ოპერაციის დროს ვხედავთ ყველა დეტალს. ოპერაციამდე ხდება ფოტომოდელირება, არსებობს სტანდარტები, რომელშიც უნდა ჯდებოდეს ცხვირის ფორმა - რამდენი უნდა მოვაკლოთ კეხი, როგორ შევცვალოთ ცხვირის წვეტი და ა.შ. ამ ყველაფერს პაციენტთან ვათანხმებთ და ბოლო ეტაპი არის ოპერაცია.
- გქონიათ შემთხვევა, პაციენტისთვის უარი გეთქვათ ცხვირის ოპერაციაზე?
- საკმაოდ ხშირად. ძირითადად ეს ეხება 18-19 წლის მოზარდებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ მათთვის ცხვირის ფორმის შეცვლა აუცილებელია. არადა, ხედავ, რომ ეს უბრალო ახირებაა. ამ დროს ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ ოპერაციისგან, შეხვდნენ სხვა ქირურგებს და თუ მაინც ექნებათ სურვილი, ამის შემდეგ მოგვმართონ.
- პაციენტების ყველაზე უცნაური ახირება რა არის?
- ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტს პრეტენზია გამოუთქვამს შეშუპებული ცხვირის გამო. არადა, ცხვირის საბოლოო ფორმის ჩამოყალიბებას ერთი წელი სჭირდება. საბედნიეროდ, ფოტომოდელირების წყალობით პაციენტმა წინასწარ იცის, როგორი ცხვირი ექნება და პრეტენზიებიც ნაკლებია. მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ ადამიანს არ უნდა ეტყობოდეს ნაოპერაციები ცხვირი.
- რა ღირს ცხვირის ფორმის შეცვლა და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
- თანხა 2500-დან 4500 ლარამდე მერყეობს. ოპერაციის ღირებულებას განსაზღვრავს სხვადასხვა ნიუანსი და არა ცხვირის ზომა. ადრე 20 წუთში მთავრდებოდა ცხვირის ოპერაცია და დახურულად კეთდებოდა. მოგეხსენებათ, რა ძვირია ნარკოზი, კიდევ არის სხვა დეტალები, რის მიხედვითაც განისაზღვრება ფასი.
- ხშირად მოგმართავენ განმეორებითი რინოპლასტიკის მოთხოვნით?
- ასეთი შემთხვევაც ყოფილა. განმეორებითი რინოპლასტიკის მიზეზი იყო ძველი ტექნიკა, ახლა დაიხვეწა, სულ სხვა შესაძლებლობები გაჩნდა.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)