როგორც ყოველთვის, შინაური ცხოველებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა დღესაც ადამიანის ოთხფეხა მეგობარზე - ძაღლზეა. კინოლოგი ირაკლი ოყროშიძე აღნიშნავს, რომ თბილისში უფრო მეტად პატარა ჯიშის ძაღლებზეა მოთხოვნა.
- სხვა შინაურ ცხოველებთან, მაგალითად, კატასთან შედარებით, ძაღლი, რა თქმა უნდა, უფრო კარგად იყიდება. საკმაოდ პოპულარული გახდა პატარა ჯიშები, რადგან მათი მოვლა უფრო იოლია. მაგალითად, ხალხი ხშირად იძენს პეკინესს, ჯეკ რასელ ტერიერს, ჩიხუახუას. პუდელსა და კოკერ სპანიელზეც არის მოთხოვნა, მაგრამ იმ ჯიშებთან შედარებით, რაც ჩამოვთვალე, ბევრად ნაკლები. ზოგს ეს ჯიშები ძალიან მოსწონს, ზოგი კი იმიტომ ყიდულობს, რომ მათ ბეწვი ნაკლებად სცვივა. ეს ადამიანის გემოვნებასა და ძაღლის მოვლის პირობებზეა დამოკიდებული. ბევრს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი ზომის შინაური ცხოველი იყოლიოს, ამაში ბინის ფართობი, ეზოს უქონლობა უშლის ხელს.
- დიდ ძაღლებზე ისეთი მოთხოვნა აღარ არის, როგორიც ადრე იყო?
- ჰასკისა და გერმანულ ნაგაზზე დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, ამჟამად ასეთი ჯიშის ძაღლებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს. თბილისში მათ ამრავლებენ, მაგრამ უაზროდ. ვინც იცის და ვინც არ იცის, შეიძლება თუ არა მათი ასეთი სიხშირით და რაოდენობით გამრავლება, ყველა ამრავლებს, ამიტომ მათი გაყიდვა რთულია. არა მარტო სუფთა ჯიშები, არამედ შერეული და უჯიშო ძაღლებიც ისეთი რაოდენობით მრავლდება, როგორც წმინდა ჯიშის. ეს ყველაფერი დიღმის ბაზარში ხდება და თან, ოქროს და ნაგავს - ყველას მაღალ ფასს ადებენ.
ეკა აბაშიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)