ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ორი შვილი ჰყავს, მარიამი რვა წლისაა, ნიკოლოზი - ექვსის. ბავშვებს სამინისტროში არასამუშაო დღეს შევხვდი. მარიამი ჟურნალისტობას აპირებს, ძალიან უყვარს ქართული ენა და წიგნების კითხვა. ნიკოლოზს კი პოლიციელობა სურს. მარიამი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს, ნიკოლოზი კი წელს შედის სკოლაში.
ინტერვიუ საკმაოდ სახალისო გამოვიდა, რაც მინისტრის ქალიშვილის დამსახურებაა. მარიამი არაჩვეულებრივი რესპონდენტი აღმოჩნდა. პატარები იმდენად კარგად ერკვევიან პოლიტიკაში, რომ პოლიტიკაზე კითხვებს გვერდი ვერ ავუარეთ, მათ მეტად სახალისო პასუხები გაგვცეს.
- მარიამ, სკოლის შემდეგ რას აკეთებ, რითი ხარ დაკავებული?
- ბასტი-ბუბუში დავდივარ. ვმღერი, ვცეკვავ, ბალეტზეც დავდივარ. ინგლისურსაც ვსწავლობ.
- ბალეტი გიყვარს?
- არა. პუანტების ჩაცმა არ მიყვარს, ვარჯიში ძალიან დამღლელია, ვარჯიშის შემდეგ კისერი მეჭიმება ხოლმე. ჩემი ცეკვის მასწავლებლის თქმით, ბალეტი აუცილებელია (გაბრაზებული ამბობს). აი, მომავალი წლიდან ბალეტზე აღარ ვივლი.
- როგორც გავიგე, ჟურნალისტობა გაქვს გადაწყვეტილი, რატომ?
- იმიტომ, რომ ცნობილ ადამიანებს შევხვდე, მინდა ტელეჟურნალისტი ვიყო.
- მამიკომ მოგიწონა არჩევანი?
- არ ვიცი. ერთხელ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს ისეთი ამბავი აუტეხა, გადავირიე.
- შენ რომელ არხზე გინდა იმუშაო?
- "იმედზე".
ნიკოლოზი: - მე ფინანსთა სამინისტროს პოლიცია უნდა გამოვიდე.
- მერე რას იზამ?
- ნაციონალებს შევუტევ.
მარიამი: თუ იარსებებენ (იცინის)...
- ნიკოლოზ, არ მოგწონს ნაციონალები?
- მაგათკენ არ ვარ!
- აბა ვისკენ ხარ?
- "ქართული ოცნებისკენ". შალვა ნათელაშვილს და "ქრისტიან-დემოკრატებსაც" ვიცნობ, მაგრამ არც ეგენი მომწონს. მარტო ქართული ოცნებები მიყვარს.
- მარიამ, მამიკო რომ მინისტრია, გიხარია?
- არა. სადაც მივდივართ, ნიკოლოზი ყველგან იძახის, ფინანსთა მინისტრის შვილი ვარო, ამაზე ძალიან ვღიზიანდები. მამაც მეუბნება, სწორი ხარო. არ შეიძლება იძახდე, მინისტრის შვილი ვარო. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მომწონს!
ნიკოლოზი: - მე მიხარია, მამიკო რომ მინისტრია.
- შინ გვიან რომ მოდის, მაინც?
- მერე რა, ახლა ჩავეხუტები (ინტერვიუ სამინისტროშია ჩაწერილი).
- მარიამ, მიხეილ სააკაშვილი როგორი პრეზიდენტია?
- ამჯერად პრეზიდენტი აღარ იქნება და აღარც არის უკვე! ასე ვთქვათ, ყოფილი პრეზიდენტია. მიშა ძალიან უსამართლოა. კარგადაც არ მუშაობდა, სამი მილიონი მარტო გართობაში აქვს დახარჯული (იცინის).
- ეგ ვინ გითხრა?
- გავიგე, მამამ თქვა ტელევიზორში (საკმაოდ სერიოზულად მიყვება ამბავს). მიშა მხოლოდ თავის თავზე, თავის პარტიაზე ფიქრობდა, საქართველოსთვის საერთოდ არ მიუხედავს.
- რადგან ამდენი რამ იცი საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ისიც გეცოდინება, ვინ იქნება კარგი პრეზიდენტი.
- გიორგი მარგველაშვილი კარგი პრეზიდენტი იქნება! იმიტომ რომ კარგი კაცია, პატიოსანი.
- აბა ბიძინა ივანიშვილს როგორ დამიხასიათებ?
- კეთილი და საყვარელია. ტყიბულში გავიცანი, მეორედ კალაძის გაცილებაზე ვნახე. კახი ენერგეტიკის მინისტრი და ყოფილი ფეხბურთელია.
- ძალიან პოლიტიზებული გოგო ხარ, წიგნების კითხვა გიყვარს?
- მიყვარს. სათავგადასავლო ლიტერატურა მომწონს. ახლა ბერძნულ მითებს ვკითხულობ. მამიკო მირჩევს ხოლმე, რა წიგნები წავიკითხო.
- მკაცრია ბატონი ნოდარი?
- არა. დედა უფრო მკაცრია. მამამ ფული მაჩუქა და "ბასეინი" უნდა ვიყიდო.
- შენ რომ პრეზიდენტი იყო, რას გააკეთებდი?
- ხალხს მილიონლარიან ვაუჩერებს დავურიგებდი. გავზრდიდი პენსიებს. უსახლკაროებს მივცემდი სახლებს.
ნიკოლოზი: მეც ვიცნობ ბიძინას, კარგი კაცია, ტყუილებს არ ამბობს.
- აბა, ვინ ამბობს ტყუილებს?
- მიშა სააკაშვილი.
- მარიამ, მომიყევი, როგორ ისვენებთ ხოლმე?
- მამა ყოველთვის მუშაობს და სახლში როცა მოდის, დროს ერთად ვატარებთ.
- აქცია რას ნიშნავს?
- ხალხი იკრიბება და რაღაცებს ითხოვენ. შემდეგ ჩხუბობენ და გადადექის ყვირიან.
- მარიამ, დედიკო რას საქმიანობს?
- დედიკო ექიმი იყო, მერე წამოვიდა სამსახურიდან. ალბათ, ხელფასები არ მოსწონდა, მე ეგრე ვფიქრობ.
მარი მგელაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)