"საერთო ჯამში, ფარული ჩანაწერების ამსახველი 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილია აღმოჩენილი"

"საერთო ჯამში, ფარული ჩანაწერების ამსახველი 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილია აღმოჩენილი"

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამალავებში აღმოჩენილი ფარული ვიდეო და აუდიო ფაილების საერთო რაოდენობას ასახელებს.

როგორც შს მინისტრმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, სამალავებში 8 კასრის გარდა კიდევ 4 კასრია აღმოჩენილი და საერთო ჯამი, 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილია. მისივე თქმით, მასალებზე ასახულია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების საქმიანობის ამსახველი ჩანაწერები.

"სამალავებში აღმოჩენილ მასალაზე დაიწყო გამოძიება. აღმოჩენილია ადამიანების წამების ძალიან მძიმე ვიდეო კადრები. იმ დამატებით 8 კასრთან ერთად კიდევ 4 კასრი ამოვიღეთ, რომლებშიც მოთავსებული იყო 405 დისკი, უამრავი მასალაა ასეულობით ადამიანზე. რაც შეეხება ბოლო თვეების განმავლობაში მოგროვებულ მასალებს, ბოლო მონაცემებით, საერთო რაოდენობა შეადგენს 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილს, სადაც მოცემულია როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები, ასევე ჩანაწერებში არის ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის, გამოჩენილი ადამიანის, ჟურნალისტის საქმიანობის ამსახველი მასალები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სპეციალური კომისია მსჯელობს მასალების განადგურების საკითხზე და ელოდება თომას ჰამერბერგის რეკომენდაციას.

"კომისია მსჯელობს მასალების განადგურების საკითხზე. ამჟამად, ველოდებით თომას ჰამერბერგის საბოლოო რეკომენდაციას, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის შესახებ ფარული ვიდეო მასალის არსებობას არ ადასტურებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძის შესახებ ფარული ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს.

"მე არ მინახავს დავით ბაქრაძის ვიდეო მასალა, ფიზიკურად დრო არ მქონდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი საქმე, რომ მე ვნახო და არც მაქვს ნახვის სურვილი. მე ვიცი, რომ იქ არაფერი არ არის დავით ბაქრაძეზე, თუმცა არ ვიცი საიდან აქვს მას ინფორმაცია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა. ამის შესახებ ბაქრაძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია იმ კომისიის ზოგიერთი წევრისგან მიიღო, რომელსაც აღნიშნულ ფირებთან შეხება ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ