ჩვენი რესპონდენტი, ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა მაყურებელმა გაიცნო გადაცემით "სანამ შენ გეძინა". ტელეწამყვანი და მისი მეუღლე, სპორტსმენი რამაზ ნოზაძე ორ ქალიშვილს ზრდიან. საოჯახო საქმეებთან ერთად ხატია ბიზნესით არის დაკავებული.
- რამაზს უყვარს სიურპრიზების გაკეთება. ის არ მიეკუთვნება მამაკაცების იმ კატეგორიას, ვინც მიიჩნევს, რომ გათხოვების შემდეგ ქალი სახლში უნდა დაჯდეს, ბავშვები აღზარდოს და მხოლოდ გაზქურასთან იტრიალოს. როცა ჩვენი პატარები წამოიზარდნენ, რამაზმა გამაჯანსაღებელი ცენტრი "ბოდი იმიჯი" მაჩუქა. ჩემი საქმეც მაქვს და მისი ხარჯებიც განახევრდა. იღბლიანი ადამიანი ვარ, ყველაფერში მიმართლებს და ბიზნესსაც წარმატებით ვუძღვები.
- ბავშვების აღზრდაში ვინ გეხმარება?
- ვინ აღარ მეხმარება - ჩემი და რამაზის მშობლები, ჩემი და, ძიძები. ჩემი შვილები ისე გაიზარდნენ, არც გამიგია. ახლა ბავშვები ბაკურიანში მყავს დედაჩემთან ერთად დასასვენებლად გაშვებული. თვის ბოლოს მეც წავალ მათთან და აგვისტოს ერთად გავატარებთ.
- შენ და რამაზმა უკვე მოასწარით დასვენება?
- ბათუმში ვიყავით ჩვენს უფროს ქალიშვილ გაბრიელასთან ერთად. ძალიან ცოტა დამსვენებელი იყო იმ დროს ბათუმში და ამინდებმაც ხელი შეგვიწყო. ჩვენი წამოსვლისას გაწვიმდა და მგონი დღემდე წვიმს.
- ამბობენ, რომ დაქორწინების შემდეგ წყვილის ცხოვრება ერთფეროვანი ხდება და პრობლემები იქმნება...
- მე და რამაზს დღემდე შეყვარებულობის პერიოდი გვაქვს. მუდმივად ვანებივრებთ ერთმანეთს სიურპრიზებით. ჩემი აზრით, ურთიერთობის გაერთფეროვნება წყვილის ბრალია. ქალი რომ თხოვდება, რატომღაც ფიქრობს, ქმარი უკვე დაჭერილი მყავსო და აღარ ცდილობს ჰარმონიულად განაგრძოს ცხოვრება. მე და რამაზმა ყველა სტერეოტიპი დავარღვიეთ, მათ შორის რძლისა და დედამთილის ურთიერთობა. მე და ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივად ვუგებთ ერთმანეთს, თითქმის დაქალები ვართ. ვგიჟდები ჩემს მულზეც, პატარა ქალიშვილს სახელი ოლი სწორედ მის პატივსაცემად დავარქვი. ბევრ ადამიანს შურს ჩემი. ვინც არ მიცნობს, მათი მესმის, მაგრამ ვინც მიცნობს და ახლოს არის ჩემთან, რატომღა ჭორაობს, ვერ გამიგია. ოქროს ტაქტიკა მაქვს, თუ გავიგე, რომ ჩემმა დაქალმა სადმე ჩემზე ცუდად ილაპარაკა, მას წყნარად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვშორდები და ვუშვებ ჩემი ტერიტორიიდან.
- ხატია, ტელესივრცეში დაბრუნებას აღარ აპირებ?
- როგორ არ ვაპირებ, მაგრამ რატომღაც არც ერთ ტელევიზიაში აღარ მოიძებნა ჩემთვის ადგილი, არ ვიცი, მბლოკავენ თუ რა ხდება. რომელ ტელევიზიაშიც კი მივედი ჩემი პროექტებით, ყველას მოეწონა, მეუბნებოდნენ, ხვალ ან ზეგ დაგირეკავთო, მაგრამ ეს ხვალ ან ზეგ აღარ დადგა. 2008 წელს ქართულ-ლიტვურ სატელევიზიო პროექტში გავიმარჯვე, ლიტვაში უნდა წავსულიყავი სამუშაოდ, გაფორმებული იყო კონტრაქტი, ბილეთი აღებული მქონდა, ბარგიც - ჩალაგებული, მაგრამ ერთი დღით ადრე დამირეკეს და მითხრეს, უკაცრავად, ლიტვაში სამუშაოდ თქვენ ვერ წამოხვალთო. რა იყო ამის მიზეზი, დღემდე არ ვიცი. ძალიან მენატრება ტელევიზია...
- სამსახურის დაკარგვის შემდეგ ფინანსურ პრობლემებს როგორ გაუმკლავდი?
- მძიმე პერიოდი გამოვიარე. სხვა ჩემს ადგილზე იმ პრობლემების გამო თავს მოიკლავდა. მაგრამ, საბედნიეროდ, დეპრესია არ მახასიათებს და ალბათ ამან გადამატანინა ყველაფერი. ასეთი გამოთქმა არსებობს - თუ შენთან დეპრესია მოვა, ბევრი იცინე, იფიქრებს, რომ გიჟი ხარ და აუცილებლად დაგტოვებსო. პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ეს მართალია.
- ხატია, "ფეისბუქზე" ხშირად ათავსებ მწვავე პოლიტიკურ განცხადებებს, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვება ხოლმე, ასე ხარ ჩართული პოლიტიკაში?
- როცა "ფეისბუქზე დაწერილ სტატუსს საჯარო განხილვა მოჰყვება, ამაზე ძალიან მეცინება, "ფეისბუქი" ადამიანს გასართობად უნდა ჰქონდეს. ვცდილობ საინფორმაციო გამოშვებებს არ ვუყურო, მაგრამ "ფეისბუქზე" უამრავი პოლიტიკური ამბავი მხვდება, ადამიანი ვარ და მეც განვიცდი ამ ყველაფერს. რაც გულზე მხვდება, იმას ვაპროტესტებ. გული რომ მტკივა, იმიტომ ვწერ ამას და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ წაიკითხოს.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)