ბიზნესმენ ნოდარ საქუაშვილის მემკვიდრეების მიერ ქონებრივი უფლების თაღლითურად მიღების ბრალდებით, საქუაშვილის დას, ქეთევან ჯინჭველაძეს და მამას, კოსტა საქუაშვილს თელავის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ქეთევან ჯინჭველაძე ვანო მერაბიშვილის ცოლის, თაკო სალაყაიას ბიცოლაა. საქუაშვილის მეუღლის, ლია ელიზბარაშვილის განცხადებით, მისი შვილების ულუკმაპუროდ დატოვების საქმის გამოძიება 6 წელი ფორმალურად მიმდინარეობდა, ახალმა პროკურატურამ კი 6 თვეში გახსნა.
"ნოდარ საქუაშვილს ჰყავს მემკვიდრეები, შვილები - ინგა, ნინო და ნანა საქუაშვილები. თუმცა, 2007 წელს გარდაცვლილის და და მამა, თაღლითურად დაეუფლნენ მათ ქონებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" , - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.