ზემფირას კონცერტი, რომელიც საქართველოში 22-24 ივლისს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ამის შესახებ განცხადება მომღერლის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.
"გუშინ 16:00 საათზე შემატყობინეს, რომ კონცერტები საქართველოში ხმის და განათების აუცილებელი აღჭურვილობის არარსებობის გამო ჩაიშალა. ახალმა ამბავმა გული ამიცრუა და გამანაწყენა.
საქართველო, ვწუხვარ! უფრო დეტალურ ინფორმაციას კომპანია С.А.Т-ი მოგაწვდით.
მე უკვე შვებულება დამეწყო" - ნათქვამია განცხადებაში.
"ამბები.გე" კონცერტის ორგანიზატორთა ქართულ მხარეს, კომპანია MS events-ის წარმომადგენელ მაკო საბანაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ქართული მხარე ამ დროისთვის კონცერტის ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ზემფირას წარმომადგენლებთან.
- ქართული მხარე დღემდე გამიჯნული იყო ამ კონცერტის ორგანიზებისგან. კონცერტის ორგანიზებით მთლიანად ლატვიური მხარე იყო დაკავებული. ორგანიზატორი Live Concerts-ის დამფუძნებელი და დირექტორი კირილ ხიმიჩევი გაიქცა. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ზემფირას პროდაქშენ მენეჯერთან. ვცდილობთ, რომ პროექტი გადავარჩინოთ, ვინაიდან მოლოდინი და ინტერესი ძალიან დიდია. თუ მოლაპარაკება შედგა, კონცერტი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომრბის დასაწყისში ჩატარდება, ვინაიდან 22 ივლისისთვის აპარატურის ჩამოტანა ვერ ესწრება, ხოლო შემდეგ ზემფირა მთელი აგვისტოს განმავლობაში ისვენებს.
- საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე შეიძინა კონცერტის ბილეთები. თუ კონცერტი არც სექტემბერში ჩატარდება, როგორ მოხდება თანხის დაბრუნება?
- ბილეთების საკითხი biletebi.ge-ს და ticketservice.ge-ს ეხება. შესაბამისად, ისინი ბილეთებს ეტაპობრივად დააბრუნებენ.