თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია მოქმედ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც ახალაიას "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაშია აღნიშნული, ირაკლი ალასანია "დღეს საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველაზე სამარცხვინო თავდაცვის მინისტრია".
"ირაკლი ალასანია არის ადამიანი, რომელიც საჯაროდ აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში 30-მდე გამორჩეულმა სამხედრო მოსამსახურემ, ადამიანებმა, რომლებიც იცავდნენ ქვეყანას და არ ჰქონდათ საკუთარი საცხოვრებელი, მიიღეს ბინები საჩუქრად. მადლიერების ნიშნად და ნიშნად იმისა, რომ არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დარჩებოდა ყურადღების და პატივისცემის გარეშე ქვეყნის, ხალხის და მთავრობის მხრიდან. მე გული იმაზე მწყდება, რომ მინისტრობის პერიოდში ვერ შევძელი და უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს ვერ ავუშენეთ ბინები. ნებისმიერი ნორმალური მინისტრი, უბრალოდ წესიერი ადამიანი, სწორედ ამაში უნდა ეჯიბრებოდეს მის წინამორბედს და უნდა ზრუნავდეს სამხედრო მოსამსახურეების პირობების გაუმჯობესებაზე. ამის ნაცვლად, ირაკლი ალასანიამ შეაჩერა პრეზიდენტის ბრძანებულების აღსრულება და ბინების გადაცემა სამხედრო მოსამსახურეებისთვის, სწორედ ამიტომ ორი ჯარისკაცი, რომლებმაც ავღანეთში დაკარგეს ქვედა კიდურები და მათთვის გადაწყვეტილი იყო ბინების გადაცემა დღემდე უიმედოდ ელოდებიან დახმარებას", - აცხადებს მიმართვაში ბაჩო ახალაია.
იგი ალასანიას კორუფციაშიც ადანაშაულებს.
"ალასანიამ ააწყო კორუფციაზე დაფუძნებული სისტემა, ტენდერებში გაამარჯვებინა მის საახლობლოს კანონის უხეში დარღვევებით, სწორედ ამიტომ ცხრა თვის მანძილზე რამდენჯერმე მოიწამლა ასობით ჯარისკაცი გაფუჭებული საკვების მიღებით და ამ დროს იგი იმ დონეზეც კი გათავხედდა, რომ 2008 წლის გმირებს აქილიკებს და ამადლის სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაცემულ ბინებს. მოვა დრო ირაკლი ალასანია სათითაოდ აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის ქართული ჯარის მიმართ", - აღნიშნავს მიმართვაში ახალაია.