თბილისის აკვაპარკში ხანძარი 16 ივლისს, საღამოს გაჩნდა. სამი შენობა დაიწვა, რომლებიც ერთმანეთისგან ბილიკებითაა დაშორებული. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. არსებობს ხანძრის გამომწვევი რამდენიმე ვერსია, რაზეც სავარაუდოდ, გამოძიება მუშაობს. თბილისის აკვაპარკი შპს "ევროპარკის" დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა აკაკი სულხანიშვილმა ააშენა. როგორც "ვერსიამ" გაარკვია, აკაკი სულხანიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნები, კერძოდ, იუსტიციის ექსმინისტრი, ზურაბ ადეიშვილი აშანტაჟებდა. თბილისის აკვაპარკის შემდეგ, ადეიშვილმა მუქარის გამოყენებით აიძულა სულხანიშვილი, აკვაპარკები თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ანაკლიაშიც აეშენებინა.
ვინ არის "ევროპარკის" დამფუძნებელი ბიზნესმენი?
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და ლაზიკაშიც აკვაპარკები კომპანია "ევროპარკმა" ააშენა. კომპანიის დამფუძნებელია ბიზნესმენი აკაკი სულხანიშვილი, მეტსახელად "ფეფე", რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და საკუთარი ბიზნესიც ჰქონდა. 2005 წელს საქართველოში დაბრუნდა და ყოფილი ტრიკოტაჟის ქარხნის ტერიტორია შეიძინა. სულხანიშვილს სურდა, ამ ადგილზე დიდი სავაჭრო ცენტრი აეშენებინა, სადაც აკვაპარკიც განთავსდებოდა, საბოლოოდ კი, მხოლოდ აკვაპარკის პროექტი განახორციელა.
თბილისის აკვაპარკის აშენების შემდეგ ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნებს იდეა გაუჩნდათ, სულხანიშვილს აკვაპარკები ბათუმში, ქუთაისსა და თელავშიც აეშენებინა. ბიზნესმენი იხსენებს, რომ აკვაპარკების მშენებლობა, ჯამში, 12 000 000 აშშ დოლარი დაუჯდა: "ვიცოდი, თელავის აკვაპარკის მშენებლობა წამგებიანი პროექტი იქნებოდა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ აუქციონში მონაწილეობა მაინც მივიღე და უძრავი ქონება შევიძინე. ობიექტში 1 800 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩამედო და აკვაპარკი ამეშენებინა. მშენებლობა დაწყებული მქონდა, როცა ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე უცხო პირები მოვიდნენ და გამომიცხადეს, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ვართო. იმის გამო, რომ დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმომიდგინეს, შევკამათდით და... პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შემიფარდეს. გლდანის ციხეში თვენახევარი გავატარე. ბოლო გირაო - 50 000 ლარი გადავიხადე და გამომიშვეს. დამპირდნენ, როცა თელავის აკვაპარკის მშენებლობას დაასრულებ, საქმესაც დავხურავთო".
თელავის აკვაპარკის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სულხანიშვილს აცნობეს, რომ იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი განმუხურში იბარებდა. ადგილზე ჩასულს, ადეიშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზიაც დახვდა, რომლებმაც პირდაპირ უთხრეს, რომ მორიგი აკვაპარკი ანაკლიაში აეშენებინა. სულხანიშვილს აკვაპარკის ასაშენებელი თანხა არ ჰქონდა, მაგრამ ადეიშვილმა შეახსენა, რომ გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და დაემუქრა, ციხეში დაგაბრუნებო: "სამ დღეში ისევ დამირეკეს და ღამის 12 საათზე, იუსტიციის სამინისტროში დამიბარეს. ადეიშვილმა ანაკლიის აკვაპარკის მშენებლობა შემახსენა. ვუთხარი, იმ შემთხვევაში ავაშენებ, თუ დამაფინანსებთ-მეთქი. 2 000 000 აშშ დოლარი მოვითხოვე. ორ დღეში დამირეკეს და მითხრეს, ფულს მოგცემთ, მაგრამ პროექტი შეიცვალა და 26-მეტრიანი ანძა, ანუ წყლის ატრაქციონიც უნდა ააშენოო. ასეთი სიმაღლის წყლის ანძა მსოფლიოში არ არის და თუ ავაშენებდით, მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, ექსპერტების საფუძვლიანი დასკვნის შემდეგ, რაც შევუთვალე კიდეც ადეიშვილს".
თბილისის, თელავისა და ანაკლიის შემდეგ, ადეიშვილის ზეწოლის შედეგად, აკაკი სულხანიშვილმა აკვაპარკები ბათუმსა და ქუთაისშიც ააშენა. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მერე კი, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნებმა, ბიუჯეტიდან 17 000 000 ლარი გამოყვეს, რათა ლაზიკაში "აკვალაზიკა" აშენებულიყო.
რატომ დაიწვა თბილისის აკვაპარკი?
შპს "ევროპარკი" ოფიციალურად, 2005 წლის 3 ივნისს, საქართველოში რუსეთიდან დაბრუნებულმა ბიზნესმენმა აკაკი სულხანიშვილმა დააფუძნა. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი 202267983-ია. თავდაპირველად, კომპანიის დირექტორი ნოდარ სულხანიშვილი იყო შეზღუდული უფლებამოსილებით, ხოლო 100%-იან წილს, კვიპროსში დარეგისტრირებული შპს "ნომინანტები" S. I. CYLOW SERVICES ფლობდა. 2011 წელს, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებები განხორციელდა, შეიცვალა შპს-ს დირექტორი, დამფუძნებელი და წილის მფლობელი. შედეგად, "ევროპარკის" დირექტორი ნოდარ კბილაშვილი, ხოლო დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი, ისევ კვიპროსში დარეგისტრირებული სხვა კომპანია KRIPTON MANAGEMENT LIMITED გახდა.
სამეწარმეო რეესტრში ბოლო ცვლილება 2013 წლის 2 აპრილს შევიდა და შპს-ს დირექტორი იოსებ შავიშვილი, ხოლო დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ისევ კვიპროსში დარეგისტრირებული კომპანია KRIPTON MANAGEMENT LIMITED-ია. "ვერსიამ" ერთ-ერთ საიტზე (http://www.hoovers.com) მიაკვლია, რომ უცხოური კომპანია KRIPTON MANAGEMENT LIMITED კვიპროსში კი არა, მოსკოვში, რუბლიოვსკას გზატკეცილზე მდებარეობს.
სააგენტოების მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, თბილისის აკვაპარკი იმიტომ დაიწვა, რომ მფლობელებს დაზღვევის თანხა მიეღოთ - შპს "ევროპარკი", ხანძრის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე დააზღვიეს. ამ ვერსიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ შპს "ევროპარკის" მფლობელს, თბილისში, ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და ანაკლიაში აკვაპარკები ადეიშვილმა შანტაჟით ააშენებინა. სულხანიშვილს საკმარისი თანხა აღარ ჰქონდა, რის გამოც მიწის იჯარის გადასახადსაც ვეღარ იხდიდა. რაც მთავარია, აკვაპარკებს დიდი მოგება არ მოაქვს. მართალია, სეზონზე, დღის განმავლობაში ბევრი სტუმარია, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. მოგვიანებით, ეს ვერსია არ დადასტურდა, რადგან ოფიციალურად გაირკვა, რომ შპს "ევროპარკი" უკვე ხუთი წელია, "ალდაგი ბი სი აი"-შია დაზღვეული, რაც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.
მეორე ვერსიით, თბილისის აკვაპარკში ხანძარი მართლაც მფლობელების ბრალია, ოღონდ იმ მიზნით, რომ კომპანიის კუთვნილი დოკუმენტები გაენადგურებინათ. ასეთ ხერხს სხვადასხვა შპს-ს დამფუძნებელი მაშინ მიმართავს, როდესაც ბუღალტერია წესრიგში არ აქვს, მაგრამ ეს ვერსიაც საფუძველსაა მოკლებული - ოფიციალურად დადგინდა, რომ თბილისის აკვაპარკში ხანძარი ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაჩნდა. დოკუმენტების განადგურების მიზნით კი, სრულიად საკმარისი იქნებოდა, მხოლოდ ერთი საწყობი, ან ადმინისტრაციული შენობა დამწვარიყო. აქედან გამომდინარე, საეჭვოა, შპს-ს მფლობელებს ხანძარი საკუთარი სურვილით გაეჩინათ.
მესამე ვერსიით, თბილისის აკვაპარკი შპს "ევროპარკის" მფლობელებს მიზანმიმართულად დაუწვეს. ამ ვერსიას არ გამორიცხავს, აკვაპარკის ადვოკატიც. სულ ცოტა ხნის წინ, იმავე რაიონში (დიდუბე-ჩუღურეთი), სავაჭრო სახლი "საბა" დაიწვა. მოგვიანებით დადგინდა, რომ "საბა" შეგნებულად გადაწვეს, რათა მფლობელებისთვის ფინანსური და მატერიალური ზიანი მიეყენებინათ. ამჯერად თბილისის აკვაპარკი დაიწვა. სავაჭრო სახლ "საბასა" და თბილისის აკვაპარკის ხანძარს ერთი და იგივე ხელწერა აქვს. გამორიცხული არ არის, რომ წილების გადანაწილების მიზნით, ორივე ობიექტის მფლობელები კრიმინალური გარჩევის მსხვერპლად იქცნენ.
მაია მიშელაძე