"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პარტიის შესახებ მედიაში გავრცელებულ მის განცხადებას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განმარტავს:
"მეგობრებო! მინდა გამოვეხმაურო ჩემს დღევანდელ ინტერვიუს, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საინფორმაციო სააგენტოებში. კერძოდ, მთავარი განსახილველი გახდა თითქოს ჩემი ნათქვამი ფრაზა, "ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა". მინდა მკაფიოდ განვმარტო: ჩემი ამ წინადადების კონტექსტიც, შინაარსიც და კონკრეტული ფორმაც ეხებოდა იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ძველი სახით დამთავრდა, პარტიაში მიდის განახლების პროცესი და ჩვენ ვყალიბდებით ახალი ტიპის პარტიად, რისი დასტურიცაა მიმდინარე პრაიმერიც, გულახდილი დებატებიც წარსულზე და პარტიაში მიმდინარე სხვა ცვლილებებიც. ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავდა ინტერვიუს, დარწმუნდებოდა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად და თან ასეთი შემოკლებული და უზუსტო სახით ეს ფრაზა სრულიად არ შეესაბამება ინტერვიუს ზოგად სულისკვეთებას, რომლის აზრიც არის ის, რომ განახლებული "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც გულწრფელად და ობიექტურად აფასებს მტკივნეულ თემებს, რომელიც მზად არის, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და რომელიც რჩება პრინციპულ და აქტიურ ოპოზიციად, ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივით - ასეთი "ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელსაც აქვს მომავალი და იმსახურებს ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერას. სწორედ ასეთი "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში ვიღებ მე მონაწილეობას და იმედი მაქვს, ყველა თქვენგანთან ერთად ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის!", - წერს ბაქრაძე.
იხილეთ ასევე: დავით ბაქრაძე - "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდა