"ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდა, - ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში აკეთებს. ბაქრაძის თქმით, პარტიის შიგნით სერიოზული გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის ნდობის აღდგენას ემსახურება.
""ნაციონალური მოძრაობა", ისეთი როგორიც ერთი, ორი ან მეტი წლის წინ იყო, ვეღარასოდეს იქნება! "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდა! ამას ვამბობ, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ეს განცხადება ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება, ჩვენი მხარდამჭერებისთვის, შესაძლოა, მეტისმეტად მკვეთრი განაცხადია, მაგრამ პარტიამ მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ. ამიტომ პარტიის შიგნით ძალიან სერიოზული გარდაქმნები მიდის და ეს უმტკივნეულო პროცესი არ არის. ყველას უნდა ესმოდეს - თუ "ნაციონალური მოძრაობა" ძირეულად არ შეიცვალა, ვერ აღვადგენთ ხიდს მოსახლეობის დიდ ნაწილთან!", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები აღიაროს და ახალ ხელისუფლებასთან ყველა საჭირო საკითხზე ითანამშრომლოს.
"ვიღებ კრიტიკას იმაზე, რომ საკუთარ გუნდთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ ბევრად კრიტიკული უნდა ვყოფილიყავი. ჩვენთვის არც ისაა პრობლემა, თუ გინდათ, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებიც ვაღიაროთ, მაგრამ სადაც საჭიროა, ახალ ხელისუფლებასთან უნდა ვიმუშაოთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
იხილეთ ასევე: დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საკუთარ განცხადებას განმარტავს