მოდელმა კრისტი ყიფშიძემ გადაწყვიტა საკუთარი ძალები დიზაინში მოსინჯოს და შექმნა მაისურები, რომელზეც კრისტის სხეულის სხვადასხვა ნაწილია დაპრინტული.
- სხვადასხვა სფეროში არაერთხელ მომისინჯავს ძალა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებ, სამოდელო სფეროსთან იყოს დაკავშირებული. ამჯერად მაისურების შექმნა გადავწყვიტე. ეს არ ნიშნავს, რომ დიზაინერობას ვაპირებ, დიზაინერობას სხვა მოტივაცია სჭირდება. ადამიანი რამეს თუ აკეთებს, ხარისხიანი უნდა იყოს. მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, როცა მოდის სახლები ცნობილ ადამიანებთან ერთად ქმნიან კოლექციას, როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, კეიტ მოსმა "ტოპშოპთან" ერთად. ერთგვარი ხრიკია, როცა ბრენდული სახელით აკეთებ კოლექციას. მაისური ჩემი საყვარელი სამოსია, ამიტომაც გადავწყვიტე მაისურების გამოშვება. ეს კოლექცია საკმაოდ ხარისხიანი ქსოვილებისგან შეიქმნა, მასზე დაპრინტულია ჩემი სხეულის სხვადასხვა ნაწილი. ფოტოები ირა კუდრაშოვამ გადამიღო, ალბომს ჰქვია "ციური სხეული". მაისურების შექმნის ინსპირაციაც ფოტოებზე მუშაობის დროს გაგვიჩნდა. ირა ხუმრობით სულ ვარსკვლავს მეძახდა და ამიტომაც დაარქვა ალბომს "ციური სხეული". სარეკლამო ვიდეოარტის რეჟისურა და სცენარი ჩემი იყო, ვიდეორგოლი შოთიკო ბოჭორიშვილმა გადაიღო, ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის. ერთ კვირაში მაისურების შეძენა "დალოუდში" იქნება შესაძლებელი. მართალია, საავტორო და ექსკლუზიური მაისურებია, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც კი გავაკეთე, პირველი მაისური მე ჩავიცვი.
- სამოსის არჩევისას რას ანიჭებ უპირატესობას?
- მთავარია მომეწონოს, ჩემთვის ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს. მინახავს სულ ბრენდებში ჩაცმული ქალები და ეს ცოტა სასაცილოა. უნდა იცოდე, როგორ შეუხამო სამოსი ერთმანეთს. შეიძლება დედაჩემის კაბა და ბებიაჩემის სამოსი შევახამო. მოდელს არა აქვს უფლება, სამოსი არ მოიხდინოს. რაც უნდა ჩამაცვან, პოდიუმზე ყველაფერს ვიხდენ, ცხოვრებაში კი სადად და ინდივიდუალურად ჩაცმა მიყვარს. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.
- თქვენი ქალიშვილის ჩაცმულობაში ერევით?
- მომწონს ნატაშკას გემოვნება. ხშირად მეუბნება, რა ლამაზად გამოიყურებიო. ჩვენი გემოვნება არ განსხვავდება, შოპინგზე ერთად მივდივართ და ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ნატაშკა დამოუკიდებელი ბავშვია, ეგვიპტეში ერთად ვიყავით რამდენიმე თვის წინ დასასვენებლად, თამამად ვუშვებდი მარტო აუზზე. აქეთ მივლიდა, ის იყო დედა და მე - შვილი. კარგად სწავლობს ნატაშკა, შენიშვნების მიცემა მხოლოდ ჭამასა და ადრე დაძინებაზე მიწევს. ყველა ერთად ვზრდით ამ ბავშვს.
- ნატაშკაც მოდელობას აპირებს?
- ის გენეტიკურად მსახიობია, უამრავ რეკლამასა და ფილმში არის გადაღებული და უკვე ამბობს, რომ მსახიობია. ვნახოთ, რას იზამს, რომ გაიზრდება. ჯერ მხოლოდ 12 წლის არის. მაქსიმალურად ვეცდები, საზღვარგარეთ ისწავლოს.
- დასასვენებლად სად აპირებთ წასვლას?
- ბათუმში ვიყავი რამდენჯერმე და კიდევ მომიწევს ჩასვლა. აუცილებლად წავალ ჯაზფესტივალზე. როცა რამდენიმე დღით გადიხარ ქალაქიდან, ეს უფრო გართობაა ვიდრე დასვენება. ჯერჯერობით ვერ ვახერხებ დასასვენებლად წასვლას. ალბათ, სექტემბერში წავალ სადმე. დასვენება ის არის, როცა ტელეფონიც გამორთული გაქვს, ირგვლივ ნაცნობები არ არიან და წყნარად ისვენებ.
- საზაფხულოდ თუ განაახლეთ გარდერობი?
- შევიძინე კაბები, შორტები, მაისურები. ავთო ცქვიტინიძემ, თამუნა ინგოროყვამ, დათუნა სულიკაშვილმა, ირაკლი რუსაძემ და ნანა მელქაძემ შემიკერეს ულამაზესი კაბები, ეს კაბები სპეციალურად ჩემთვის შეიქმნა. ასევე, მაქვს უკრაინელი დიზაინერის ულამაზესი ყვითელი კაბა.
- როგორც ვიცი, ჟურნალისტობაც დაიწყე...
- საავტორო უფლებების ასოციაციაში ვმუშაობ პიარმენეჯერად, ასოციაცია უშვებს ჟურნალს, სადაც მე ჟურნალისტის ამპლუაში ვარ. ყოველი ნომრისთვის ვეძებ ახალბედა, საინტერესო დიზაინერს ან მუსიკოსს. ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს საზოგადოებისთვის მათი წარდგენა. კეთილ საქმეს ვაკეთებ, ვიცავ ავტორების უფლებებს. თუმცა მე ყოველთვის მოდელად დავრჩები. მოდელი რომ არ ვიყო, ამდენ რამეს ვერ შევძლებდი. 20 წელია პოდიუმზე ვარ და ამის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება.
- როგორ ასწრებ ამდენი რამის გაკეთებას?
- ყველაფერს ვასწრებ - გართობასაც, მუშაობასაც, ბავშვთან ურთიერთობასაც. გარშემო ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადო, კარგად დაიმუხტო, მაშინ ყველაფერი გამოგივა. ხშირად ჩამოდიან თბილისში სტუმრად ჩემი მეგობრები და დავყვები ქალაქის დასათვალიერებლად. ვგიჟდები თბილისზე, მგონია სხვაგან ვერც ვიცხოვრებ. როცა ვხედავ, რომ უცხოელებსაც უყვართ თბილისი, ვერ გადმოვცემ, ეს რა ბედნიერებაა ჩემთვის.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)