გოგა ხაინდრავა ამჯერად თავის მრავალფეროვან მოგზაურობებსა და მასთან დაკავშირებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე გვესაუბრება. კინოდოკუმენტალისტის უზარმაზარი არქივი და მეხსიერება ბევრ საინტერესო კადრს ინახავს და მათი გადმოცემა ვრცელ ინტერვიუშიც კი ძნელია, მაგრამ...
- წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მოგზაურობამ, როდესაც იუნესკოს ექსპედიციის შემადგენლობაში ფოთიდან იალქნიანი ნავით - "კოლხეთით" გენუაში ჩავედით. ექსპედიციას "დიდი აბრეშუმის გზა" ერქვა, ჩინეთში იწყებოდა და ევროპაში მთავრდებოდა, საქართველოც ერთ-ერთი მონაწილე იყო და შავი ზღვიდან იტალიის ნაპირებამდე ორთვე-ნახევარი ზღვაში ვიყავით ისე, როგორც მეზღვაურები. 1990 წელი იყო. რეალურად, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ჯერ ცნობილი არ გახლდათ; როგორც საზღვაო ქვეყანა, ჯერ აღრიცხული არ ვიყავით, ამიტომ წესით, საბჭოთა დროშით უნდა გვევლო. ამაზე უარი ვთქვით, მაგრამ არც საქართველოს დროშის აღმართვის უფლება მოგვცეს, ამიტომ იუნესკოს ცისფერი დროშით მივდიოდით და ჩვენი გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევდა, თანაც ათივე ქართველი ვიყავით. მთელი "აბრეშუმის გზა", ისეთი ქვეყნები გავიარეთ, სადაც აბრეშუმით მოვაჭრეებს მთელი ფაქტორიები ჰქონდათ გახსნილი და ეს მოგზაურობა ჩემთვის დაუვიწყარი იყო. ნავზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვიყავით. მე ამ დელეგაციაში ჩემი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად გახლდით და საოცარი კადრები გადავიღე, ძალიან საინტერესო იყო. გარდა ამისა, ვმორიგეობდით ხოლმე. ფაქტობრივად, ყველანი ჩვეულებრივი მეზღვაურებივით ვცხოვრობდით. ათი კაცი სამ ჯგუფად ვიყავით დაყოფილი, ერთი კი მზარეული იყო და არ მორიგეობდა. ოთხ საათს ვმორიგეობდით, რვა საათის განმავლობაში კი ვისვენებდით. ასე ვატარებდით ყოველ დღეს. ეს იყო ჩვენი სამუშაო გრაფიკი.
- ალბათ გზაში სახიფათო მომენტებიც გექნებოდათ, ხომ?
- ასეა, ბევრი რამ გადავიტანეთ, რამდენჯერმე სერიოზულ ღელვაში მოვყევით, ეს არასდროს დამავიწყდება. ამ დროს კაპიტანი ასეთ ტერმინს ამბობს - აურაუ, ანუ - ყველა ზემოთ. ყველა გემბანზე გამოდის და ერთმანეთს ხელს ჩასჭიდებს. საშინელი შტორმი იყო, ვერაფერს ვხედავდით. სხვათა შორის, გადაღებული მაქვს და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კადრია, როდესაც გემბანის უკანა მხარეს ვდგავარ, წინ გაჩახჩახებული მზე, წყნარი ამინდია, უკან ვტრიალდები და კუპრივით შავი ტალღა მოგვდევს, ფაქტობრივად, ღამეა. კამერა არ გამომირთავს, იმდენი კადრი გადავიღე, მაგრამ ბოლოს, როცა ტალღა ჩვენს ნავს დაენარცხა, გადაღებაც შეწყდა. მეც და კამერაც მთლიანად დავსველდით.
- ასეთ შტორმში არ შეგეშინდათ?
- ვისაც ეშინია, ის ზღვაში არ შედის, მაგრამ შიში ადამიანისთვის ბუნებრივია. უბრალოდ, მისი დაძლევის უნარი უნდა გქონდეს. რადგან ცოცხლები დავრჩით, ესე იგი, არ შეგვეშინდა. ასეთ ვითარებაში შიშის დრო არც არის, სწრაფად უნდა იმოქმედო, ყველა იალქანი მოხსნა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გემი ამოტრიალდეს. მართალია, "კოლხეთი" ისეთი ტიპის ნავია, რომლის ამოტრიალებაც, ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ ასეთ ღელვაში ყველანი ვცდილობდით, რომ ჩვენი მოვალეობები პირნათლად შეგვესრულებინა, რადგან ჩვენი სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო იყო თვითონ ამ ექსპედიციის შინაარსი. ჩვენ, ფაქტობრივად, არქეოლოგებივით ვიყავით, რეალურად იმ ადგილებს ვეძებდით და ვნახულობდით, სადაც მთელი მსოფლიო ისტორია იკითხება. "დიდი აბრეშუმის გზა", თავისებურად, მსოფლიო განვითარების ისტორიაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობები. მარკო პოლოს მოგზაურობები მახსენდებოდა და საერთოდ, ძალიან რომანტიკული მოგზაურობა იყო. უამრავი საინტერესო ადგილი ვნახეთ: კართაგენი, პირეა და ა.შ.
- გვიამბეთ გზად გადახდენილი ამბები.
- რამდენჯერმე იალქნები დაგვეხა და მათ შესაკერად ერთხელ საბერძნეთში მოგვიწია ორ კვირას დგომამ და ერთხელ - იტალიის პატარა სოფელში, სადაც სულ 20-30 მოსახლე იყო. როგორც ყველა ქართველი, ჩვენს ათკაციან ჯგუფშიც ჭამა-სმის მოყვარული ხალხი ვიყავით და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე შესანიშნავადაც მღეროდა. ამ პატარა სოფელში სულ ორი რესტორანი იყო. ერთ-ერთი გახლდათ "დონ მიმის რესტორანი" და ეს პერიოდი სულ იქ გავატარეთ. იმ ხალხზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოვახდინეთ, ყოველ საღამოს მთელი სოფელი ჩაცმულ-გამოპრანჭული მოდიოდა, ყავის ან ნაყინის მისართმევად დასხდებოდნენ და უყურებდნენ, ათი გადარეული ქართველი როგორ ცეკვავდა, მღეროდა და ერთობოდა. ჩემი თავი შუა საუკუნეების მოგზაურად მესახებოდა, გაკვირვებულები გვიყურებდნენ ისინიც და ჩვენც, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო ამბავი ხდებოდა. არ დამავიწყდება, როგორ გადავეყარეთ იტალიაში ერთ-ერთი სანატორიუმის ტიპის დაწესებულებას, სადაც შვედები ისვენებდნენ. ზღვაში ერთი თვის განმავლობაში ნამყოფი სამი მამაკაცი აღმოვჩნდით პლაჟზე, სადაც დაახლოებით ასი, აბსოლუტურად შიშველი შვედი ქალბატონი იწვა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაციაში ვიქნებოდით ისინიც და ჩვენც. ისინი ძალიან თეთრები იყვნენ, ჩვენ კი - მუგუზალივით შავები. მოკლედ, ძალიან ხალისიანი შეხვედრა იყო.
- ქართველები არსად გხვდებოდნენ?
- სიცილიასთან, როდესაც პორტში შევდიოდით, გავუარეთ გემს, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იყვნენ. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "უპატრონო" ქვეყნის შვილებს არც პორტში უშვებდნენ, აღარც ფული ჰქონდათ დარჩენილი და მოკლედ, აღარც მიწისანი იყვნენ და აღარც - ცისა. წარმოიდგინეთ, ჩვენი და მათი სიხარული, როცა იალქნიანი ნავით მივადექით, სასმელი და სურსათ-სანოვაგე ბევრი გვქონდა და ის რამდენიმე საათი, რომელიც მათთან ერთად გავატარეთ, არასდროს დაგვავიწყდება. ესეც გადაღებული მაქვს. ცრემლით, ბედნიერებითა და სიხარულით სავსე წუთები იყო იტალიის ნაპირებთან ქართული გემის ნახვა, - ძალიან გულისამაჩუყებელი.
- სხვა მოგზაურობების დროს, რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- ჩინეთმა! ჩემთვის განსაკუთრებული ქვეყანაა, რადგან იქ მამაჩემი დაიბადა და გაიზარდა. ჩინეთი ყოველთვის იწვევდა ჩემში ინტერესს, მაგრამ იმან, რაც იქ ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უძველესი კულტურის გარდა (ეს ყველაფერში შეიმჩნევა, განსაკუთრებით სიძველესთანაა კავშირში), ეთნოგრაფიული თვალსაზრისით აბსოლუტურად წარმოუდგენელი შესაძლებლობებისა და გაქანების ქვეყანაა, მუსიკით დაწყებული - ტანსაცმლით დამთავრებული. ერთ-ერთ სოფელში ვიყავით, რომელიც კალიგრაფიის საუცხოო ოსტატებით იყო განთქმული. ჩინური იეროგლიფები გამოიყენება არა მარტო როგორც ანბანი და რაღაცის წერილობით გადმოცემის საშუალება, არამედ მხატვრობის დანიშნულებაც აქვს. იმ ადამიანებს შორის გარკვეული შეჯიბრება იყო და ემოციურად ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო სანახავი გახლდათ. მამაჩემი ჩინეთში 33 წელი ცხოვრობდა და ბევრ რამეს მიყვებოდა. ძალიან წყნარი, მშვიდი, კეთილგანწყობილი ადამიანები არიან - აბსოლუტურად სხვა განზომილებიდან, თავიანთი გარეგნობითაც და წეს-ჩვეულებებითაც. მოღიმარი, რბილი, კეთილი ხალხია, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ქალაქებზე აღარაფერს ვამბობ - შანხაი, ჩემი აზრით, XXII საუკუნის ქალაქია.
- მათი ტრადიციებიდან რას გამოარჩევდით?
- რაც პირველ რიგში იქცევს ყურადღებას, არის კულინარია, ასევე - ფერწერა, გრაფიკა, პოეზია, აბრეშუმის ნაწარმი, წითელი ხის, სპილოს ან სხვადასხვა ძვლის ნაწარმი. ეს ყველაფერი ხელოვნების ნიმუშებია.
- ინდოეთსა და ეგვიპტეში თუ ხართ ნამყოფი?
- ინდოეთში - არა, ეგვიპტეში ვერ გეტყვით, რომ ბევრი ვიმოგზაურე, მაგრამ უფლის მადლით, სინას მთაზე მოვხვდი, ეს კი ყველა ადამიანისთვის დიდი ბედნიერებაა, განსაკუთრებით - ქრისტიანისთვის, ვისთვისაც საღვთო წერილი საინტერესო და მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, პირამიდები და სხვა საინტერესო ადგილები არ მინახავს, მაგრამ იმედია, ოდესმე წავალ, რადგან მაინტერესებს. ეგვიპტის კულტურა კინოსთან ძალიან ახლოსაა. ჩემი ღრმა რწმენით, კინემატოგრაფი პირველად ეგვიპტელებმა მოიგონეს, რადგან ის მხატვრობა, რაც პირამიდებში, ეგვიპტის სხვადასხვა ადგილასაა, კინემატოგრაფის გარიჟრაჟია.
- კინოდოკუმენტალისტის თვალი მოგზაურობისას ალბათ სხვაგვარად აღიქვამს ყველაფერს და ისეთ დეტალებს ამჩნევს, რაც სხვისთვის ნაკლებადაა ყურადღების მისაქცევი, ხომ ასეა?
- შენთან ერთად კამერაც უყურებს და ხანდახან ისეთ რამეს დაინახავ, რომ თავადაც გიკვირს. ის, რომ ჩემი პროფესია კინოა და მიჩვეული ვარ, ისეთ დეტალებს მივაქციო ყურადღება, რასაც ჩვეულებრივი მოგზაური ვერ დაინახავს, ჩემს ცხოვრებაზეც ტოვებს კვალს და ჩემს გადაღებულ მასალებზეც.
- უამრავი საინტერესო კადრი დაგიფიქსირებიათ, მაგრამ ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევთ?
- ასე არ მახსენდება, ჩემთვის ბევრი კადრია ძვირფასი და ერთს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე ცნობილი კადრი იმ საერთაშორისო არქივშია შესული, სადაც ყველაზე სახიფათო და ექსტრემალურ პირობებში გადაღებული კადრების ასეულია შენახული. ეს გახლავთ 9 აპრილის ღამის კადრი, როცა ტანკები მოდიან. ამასთან დაკავშირებით, თავის დროზე, ლონდონში დამპატიჟეს და როცა ცერემონიაზე გამოაცხადეს, რომ ამ ასეულში ჩემი კადრი შევიდა, ჩემთვის დიდი პატივი იყო.
- ლონდონის გარდა, ევროპის რომელ ქვეყნებს სტუმრობდით?
- ევროპაში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც ნამყოფი არ ვარ. მოგზაურობა ყოველთვის მიყვარდა და ეს მოგზაურობები ჯერ ფეხით დავიწყე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მერე კი ევროპის ბევრ ქალაქში ვიყავი. ყველაზე გამორჩეული, განუმეორებელი და ჩემთან სულიერადაც ახლოს მდგომი პარიზია. მსოფლიოში მეორე ქალაქი არ არის ასეთი, - განსაკუთრებულია თავისი ურთიერთობებით, ატმოსფეროთი. პარიზის სიხალასე ნებისმიერ კუთხესა თუ კაფეში შეგიძლია შეიგრძნო. იქ ყოველთვის ამაღლებულ განწყობილებაზე ვარ და აღარ ვილაპარაკებ იმ ღირსშესანიშნაობებზე, რომლებიც პარიზში არსებობს, იმ განსაკუთრებულ ნიჭზე, რომელიც მის ქუჩებში მოედინება. იქ ხომ ლეგენდარული ადამიანები ცხოვრობდნენ და ლეგენდარულ საქმეებს აკეთებდნენ - ნაპოლეონი, შარლ დე გოლი, ხელოვანებზე აღარაფერს ვამბობ.
- ამერიკის კონტინენტზე თუ მოხვედრილხართ?
- აშშ-ში ვარ ნამყოფი, საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მანქანაში, მექანიზმში ვიყავი, რომელიც გაუჩერებლად მოქმედებდა. ღამის ოთხ საათზე, მანქანაში სულ ცოტა ხნით ჩამეძინა და თვალი რომ გავახილე, ბრუკლინის ხიდზე, საცობში ვიდექით, ეს თავისთავად მეტყველებს, რა ტემპისა და სიცოცხლის ქალაქია. სან-ფრანცისკო იყო ძალიან საინტერესო და ლამაზი, მთელი თავისი ისტორიით. აშშ, რა თქმა უნდა, საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ მე უფრო ძველი კონტინენტის კაცი ვარ, ვიდრე - ახლის.
- სად შეგხვედრიათ ყველაზე უცნაური ხალხი?
- ჩინეთში ერთ-ერთი მოგზაურობისას, გადაღებაზე რომ ვიყავი, ბუდისტურ მონასტრებში ყოფნამ მოგვიწია. ფილმს ნამადების შესახებ - მონღოლური წარმოშობის ჩინელებზე ვიღებდით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობენ და მათ კვალს მივყვებოდით. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სხვა სამყაროა, მართლაც ძალიან საინტერესო. მათი ცხოვრების წესი, რიტმი, ფილოსოფია, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, ყოფა, გარემო - ძალიან დიდი თემაა და ამ ყველაფერს მოკლედ ვერ გადმოგცემთ.
- ყველაზე ლამაზი ქალები რომელ ქვეყანაში გინახავთ?
- საქართველოში! არის ქვეყნები, სადაც ქალები სხვადასხვა მხრივ არიან გამორჩეულები, მაგრამ ყველაზე ლამაზი ქალები საქართველოში ცხოვრობენ!
- ქალაქი, რომელიც გამორჩეულად გაინტერესებთ, მაგრამ ნამყოფი არ ხართ.
- რიო-დე-ჟანეირო! მას შემდეგ, რაც ილფისა და პეტროვის "12 სკამი" წავიკითხე და მანამდეც, ფეხბურთთან კავშირის გამოც, ძალიან მინდოდა იქ მოხვედრა. ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა იცოდა ჩემი ნატვრა, რომ იქ წასვლა მაინცდამაინც რიოს ფესტივალის დროს მინდოდა, თანაც ეგებ ფეხბურთისთვისაც მეყურებინა და დამპირდა, მომავალ წელს მე ვიქნები რიოში შენი მასპინძელიო, მაგრამ სამწუხაროდ, მისთვის ის მომავალი წელი აღარ დადგა... იმედია, ოდესმე რიო-დე-ჟანეიროში მოვხვდები და იქ ბადრის შესანდობარს აუცილებლად დავლევ!
- ასეთ თემებზე საუბრისას, არ შეიძლება, აფხაზეთს არ შევეხოთ, როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?
- მოგეხსენებათ, აფხაზეთში ფილმი გადავიღე, ამიტომ იქ უამრავი კადრია დაფიქსირებული. ემოციურად, სულ სხვა განცდები იყო. რაც არ გადამიღია და რასაც მოვსწრებივარ, კიდევ ცალკე თემაა. 22 წლის ბიჭი რომ ხელებში ჩამაკვდა, იმდენად მძიმე განცდა, ტრაგედია იყო, რომ ამის მოყოლა რთულია. ყოფილა შემთხვევები და ვითარებები, რომ იქიდან ცოცხლად გამოსვლის იმედი აღარ მქონია, მაგრამ მეგობრის გვერდზე ყოფნა, მისი მზადყოფნა თავგანწირვისთვის, შენი დახმარებისთვის, ეს ის განცდაა, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებმა იციან, ვინც ასეთ სიტუაციაში არიან ნამყოფი. უფალს მადლობას ვწირავდი, რომ გვერდში მედგნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, ან თავზე გადაგფარებოდნენ, ან ზურგზე მოეკიდებინე და სიცოცხლისთვის საშიში ადგილიდან გაეყვანე. აფხაზეთი ცალკე თემაა, ერთ ინტერვიუში ვერ ჩავტევთ, თანაც, მოგზაურობების გვერდით ვერ დავაყენებ, რადგან ეს სულ სხვა - სამშობლოს, მისი დაცვის განცდა იყო. მაშინ პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როდესაც ისე გზრდიან, რომ მზად ხარ, სამშობლოსთვის თავი გაწირო. იქ მივხვდი, ეს რა გრძნობაა და დავრწმუნდი, რამდენი ვაჟკაცი ჰყავს საქართველოს და ყოველთვის ჰყავდა. ეს ქვეყანა არ დაიღუპება, სანამ ასეთი კაცები იბადებიან და იმ ქვეყანაში, სადაც სამშობლოსთვის თავის გასაწირად მზადყოფნა დიდია, მჯერა, წარმატებებიც დიდი იქნება.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)