"ანტიკორუფციულმა კავშირმა" ტრეფიკინგის ახალი სქემა აღმოაჩინა. ახლა თურქეთში ქართველი ქალები ნაკლებად სჭირდებათ, მათ თავისი "ისტორიული მისია" ამოწურეს. ახლა მოდაში ქართველი კაცების გაყვანა და მათი მონებად გადაქცევაა.
თუ როგორ ხდება ეს, დეტალების შესახებ "ალიას" ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე ესაუბრა:
- საქართველოში ამ ახალი სქემით დაახლოებით 15 ჯგუფი მუშაობს. სქემის პირველი ნაწილი ძველია, ისინი უკავშირდებიან თურქეთში სამუშაოს მაძიებელ ქართველებს და ეუბნებიან, რომ სამუშაოს უშოვიან. ჩაჰყავთ ეს ადამიანები და აწყობენ მათ მიერ შეთავაზებულ ადგილებში, ესაა ძირითადად მაღაზიები. იქ კი რა ხდება: იწყებს ადამიანი მუშაობას, მიდის ეს თურქი ერთი თვის შემდეგ და ეუბნება ამ დაქირავებულ ქართველს, მაგალითად - 1000 ლირის დანაკლისი აღმოგაჩნდა, ან გაყიდე და ფული დამიმალე, ან მოიპარეო. არა და, რომ დაიწყო მუშაობა, ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ოქმი არ არსებობს, რაზეც ქართველს ხელი აქვს მოწერილი, რომ ამდენი ღირებულების საქონელი ჩაიბარა. ვერც იმას უმტკიცებს, რომ არც ფული დამალა, ან რამე მოიპარა. თურქი ეუბნება, ამას მუშაობით ამინაზღაურებო. იძულების წესით ართმევს პასპორტს, ასე ვერსად გამექცევიო. ასეთ ხალხს ამუშავებენ უფასოდ მონებივით.
სექსმუშაკებმა თავისი საქმე იქ გააკეთეს, ახლა უფასო მონების დრო დადგა. ანაზღაურება ამ ხალხისთვის, უმეტესობისთვის მაინც, კაპიკებია. ქალების ტრფიკინგის დროს საქართველოს მხრიდან სერიოზული რეაგირება მოხდა და მათი ნაკადი თითქოს შემცირდა, მაგრამ სამაგიეროდ ახლა კაცების "დავერბოვკება" და მონებად ქცევაა დღის წესრიგში. თურქეთში სერიოზული ნადირობაა ქართველ კაცებზე, როგორც იაფ მუშახელზე.
- მაინცდამაინც მაღაზიებში ამუშავებენ?
- ჩვენ ამ ბოლო თვეების მანძილზე ეს საკითხი კარგად შევისწავლეთ, გადასულიც ვიყავით თურქეთის ტერიტორიაზე და მაღაზიების გარდა, ჯერჯერობით მხოლოდ სამკერვალო ფაბრიკებში შევხვდით ასეთ კაცებს.
მაღაზიებზე რაც გითხარით, ეს მეთოდი აგიხსენით, როგორ იმონებენ. ახლა ფაქტებზე გადავალ. გვქონდა ასეთი შემთხვევა: 4 ადამიანი ჩასულა ქობულეთიდან, ოთხივე ერთ მაღაზიაში მოწყობილა, ერთი მენეჯერი ყოფილა, ერთი მუშა და ორიც გამყიდველი. ერთი თვის შემდეგ აღწერა გაკეთდა და ისინი აღმოჩნდნენ თურქი ხასანას კლანჭებში. ოთხივეს 4000 დოლარი დაედოთ ზურგზე. აიღეს ვალდებულება, რომ ვალს გაისტუმრებდნენ და ეს გაგრძელდა 4 თვე.
- გავიდა მეორე თვე და შეიძლება გაასწორა მონამ მუშაობით თანხა, მაშინ?
- მაშინ მესამე თვეს ისევ დანაკლისია. ხასანები უკვე ფსიქოლოგიურად ამუშავებენ ამათ. იქ რა ხდება, მერე მოგვიყვნენ ეს საცოდავები და ხაზი ყველგან ერთნაირია: შემოდის ხუთი ბრგე თურქი და ყოველდღე ამათ "გრუზავს", რომ შენ აბდულასი ან ხასანასი ვალი გაქვს, არ გადაიხდი? გაიქცევი? მოგკლავ, დაგასახიჩრებ, თურქულ ციხეში ამოგალპობ, ყელს გამოგჭრი. ეს როგორი მოსასმენია? იქიდან ნაწილი რომ წამოვიყვანეთ, ფსიქიკამორყეული ხალხი იყო უკვე.
- ჩვენს საკონსულოს რომ მიმართონ, ან პოლიციას?
- რა, თქვენ გგონიათ, პოლიცია არ არის საქმის კურსში? პოლიცია "პოლნი" წილშია ამ საქმეში. რაც შეეხება საკონსულოს, იცით, საკონსულომ რა უპასუხა, როცა მიმართეს? ხომ იცოდით, რა ხდება თურქეთში და რას მოდიოდითო. ჩვენც მივაკითხეთ მერე, მაგრამ ვერ შევხვდით, არ არისო.
- ვინც ვერ მოდის, მათთვის გამოსავალი რა არის?
- უფრო მეტი ინფორმირებაა საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილია, რომ მარტო თბილისში რამდენიმე ჯგუფი მუშაობს ამ ხალხის გადაყვანაზე და როგორც ირკვევა, მათ ხელმძღვანელობს სლავური გარეგნობის 45 წლამდე ასაკის ქერათმიანი კაცი, რომელიც ამ ხალხს წასვლისას აფრთხილებს, რომ მათგან ფულს მხოლოდ მაშინ აიღებს, როცა პირველი ხელფასი ექნებათ.
საქმე რაშია, თურქეთის კანონმდებლობით, იკრძალება საქართველოს მოქალაქის სამუშაოდ აყვანა, ანუ შემოსული მოქალაქე ვერ ხდება იქ ოფიციალურად დაქირავებული მუშა. არაოფიციალურად კი, თურქს თუ უხდიან 100 დოლარს, ჩვენს მოქალაქეს - 5 დოლარს. პოლიციელი თვალს ხუჭავს კი არა, თვალს იბრმავებს ამაზე, რადგან მაგათაც ძალიან ბევრი მისდით ქართველის მონობიდან. ოფიციალურად თუ მოჰკითხავთ ვინმე, ვთქვათ, მუნიციპალიტეტიდან, გაარკვიეთ, ეს ადამიანები ვინ არიანო, ეს პოლიციელები ეუბნებიან, "ნათესავები არიან", "დროებით ეხმარებიან" და "დაქირავებულები არ არიან", ანუ კორუფცია ყვავის.
(შემოკლებული ვერსია)
თამარ ოქრუაშვილი