რატომღაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყოველთვის, ახალი ხელისუფლების კუნთების გავარჯიშება და პირველი აგრესია ადგილობრივი პროსტიტუციის კერებისკენაა მიმართული. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ეკონომიკური ვარდნის პროცენტების თვლით იყოს დაკავებული, ამ დროს, ყველაზე პრიორიტეტულად მეძავების დევნა გამოცხადდა.
ბორდელების მნიშვნელოვანი რაოდენობაა აჭარაში. მაგალითად, ბოლო დღეებში აჭარაში ოჯახური ტიპის 20-მდე სასტუმრო დაიხურა, რომელთა მფლობელები პროსტიტუციისთვის ადგილის წარდგენაში არიან ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ ბათუმის ტელეკომპანია "ტვ-25" იუწყება.
”გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში ხშირად უცხოელებიც ფიგურირებენ, გამოძიების პროცესი ხშირად ჭიანურდება”, - განაცხადა აჭარის პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პროკურატურასთან ერთად პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. თურმანიძის თქმით, მიმდინარე წელს აჭარის პროკურატურამ გამოიძია და გახსნა ტრეფიკინგის ორი საქმე, ახლა კიდევ ერთი საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
საოცნებო ხელისუფლებამ არც გონიოში არსებული სასტუმრო "ოცნება" დაინდო, რომელიც გასულ წელს, ერთადერთი სასტუმრო აღმოჩნდა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის მომდინარეობისას "ოცნების" ხალხს ღამის გასათევი მისცა, ეს იმ დროს, როდესაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე მაშინდელი ხელისუფლება სასადილოებსა თუ მაღაზიებს პროდუქტის მიყიდვასაც კი უკრძალავდა. კარგად მახოვს, მეტი სიფრთხილისთვის თუ შემთხვევით, სასტუმროს თავზე განთავსებულ წარწერაზე პირველი ასო "ო" ჩაქრა და ღამით მხოლოდ "ცნება" ანათებდა. თუმცა, ფაქტია, რომ სასტუმროს თურქმა მეპატრონემ აშკარად იმ დროს საკმაოდ დიდი რისკი გაწია. მაგრამ, კანონი კანონია, გონიოს სასტუმრო "ოცნება" დღეს პოსტიტუციის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა.
(შემოკლებული ვერსია)
შორენა გონგლაძე
გაზეთი "ახალი თაობა"