31 წლის რუსმა ტოპ-მოდელმა ნატალია ვოდიანოვამ აღიარა, რომ პროფესიას მისთვის სიამოვნება აღარ მოაქვს. როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, ნატალია მოდის ბიზნესიდან მიდის. ვარსკვლავს სურს, თავი მთლიანად მიუძღვნას ოჯახს და ქველმოქმედებას.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოდელი გავხდი, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ვმუშაობ ჩემს საქველმოქმედო ფონდთან, მით უფრო მეტად მსურს, თავი ამ საქმეს მივუძღვნა", - აღნიშნა ტოპ-მოდელმა.
ნატალიამ საქველმოქმედო ფონდი "შიშველი გულები" 2004 წელს, მაშინ დაარსა, როცა ბესლანში ტრაგედია მოხდა. ტერაქტს 334 ადამიანის, მათ შორის 186 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ჩემს ცხოვრებაში გაიხსნა ის კარი, რომელიც აქამდე არასდროს შემიმჩნევია. მე მტკიოდა მსოფლიოში არსებული უსამართლობა, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, რომ ამისთვის ხელი შემეშალა", - აღნიშნავს მოდელი ჩრდილოეთ ოსეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრისას.
ახლა მოდელი მთლიანად ქველმოქმედებაზეა კონცენტრირებული.
"რუსეთის მოსახლეობის მეოთხედი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. უამრავ გაჭირვებულ ოჯახში იზრდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. მე მზად ვარ, მათ დავეხმარო", - აღნიშნავს ნატალია ვოდიანოვა.
მიუხედავად უამრავი საქმისა, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს, მოდელი ოჯახის მოვლას და შვილების აღზრდასაც ასწრებს. ბრიტანელ კორესპონდენტთან საუბრისას ნატალია აღნიშნავს, რომ შვილებთან, ლუკასთან, ნევასა და ვიქტორთან ერთად ხშირად ჩადის რუსეთში.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილებმა ჩემი წარსული ცხოვრების შესახებ იცოდნენ. ისინი ხშირად მხედავენ ჟურნალების ყდებზე, მაგრამ მე მსურს, რომ იცოდნენ, როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები", - აღნიშნა მოდელმა.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.