სექსმუშაკები ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ნორმალური საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და გამონაკლისი არც საქართველოა. თუმცა ბოლო დროს ხშირად მოისმენთ ან წაიკითხავთ, რომ "ღამის პეპლები" ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მომრავლდნენ. ისე, ქართველებს ყველა სფეროში გვყავს ექსპერტები თუ ძალად გაექსპერტებული პირები, მაგრამ აბა როგორი საქმეა, სექსინდუსტრიაში გათვითცნობიერებულ ადამიანს მიაგნო და შემდეგ ალაპარაკო. თუმცა ძიებას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ვინაობა არ დაასახელა, გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სექსმომსახურების ადგილების მომრავლების შესახებ სულაც არ არის გადაჭარბებული: "განსაკუთრებით ეს თბილისსა და ბათუმზე ითქმის. "ბაზარს" ძირითადად, რაიონიდან ჩამოსულები ამარაგებენ. ნაკადი გაიზარდა - რატომ მოხდა ეს, არ ვიცი და არც მაინტერესებს... არც იმის ახსნას დავიწყებ, თუ რა ხდება პატარ-პატარა სასტუმროებში, ღამის ბარების დიდ ნაწილში და ე.წ. სარელაქსაციო ცენტრებში. მიმოიხედეთ გარშემო, ნახეთ, როგორ პანტა-პუნტით იხსნება "მასაჟის სალონები". მუშაობენ, იმიტომ, რომ კლიენტი ჰყავთ. ხუთი წლის წინ თბილისში 20 ბორდელი იყო. ახლა არ ვიცი, რამდენია, მაგრამ ასზე მეტი კი იქნება. თუმცა მალე ბათუმი გაასწრებს დედაქალაქს. ეს ისედაც ყველამ იცის. ამ სფეროშიც ის ხდება, რაც ყველგან - კონკურენცია იზრდება და თუ არ განვითარდი, ჩაიძირები. ადრე როგორ იყო, იცი? ასე ვთქვათ, ამ "ბიზნესში" ჩართული ხალხი არ აქცევდა ყურადღებას, როგორი "გოგოები" ჰყავდათ - მახინჯი, მსუქანი თუ დაუბანელი. კლიენტი ყოველთვის ბლომად იყო. დღეს კი სხვაგვარად ხდება - ეს სფერო რამდენიმე ნაწილად დაიყო. მაგალითად, ნორმალურ სასტუმროებში მსუქანი და შეუხედავი ვერ "დასაქმდება". ამათაც თავისი "პრესტიჟი" აქვთ.
იგივე ხდება ე.წ. სარელაქსაციო ცენტრებში - ნორმალური გარეგნობა უნდა გქონდეს. თუმცა თბილისში ბევრია ისეთი ე.წ. სასტუმრო, სადაც ღორიც კი არ შევა. ქალებიც ყველანაირი ჰყავთ - მათ შორის ბევრია ისეთი, რომ არ შეეხედება. თუმცა, წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მეტი კლიენტი ასეთ ადგილებს ჰყავთ. არც არის გასაკვირი - "საღორეებში" საათი 50 ლარი ღირს, სხვა ე.წ. პრესტიჟულ ადგილებში კი ფასი 150 ლარიდან იწყება. ისე, 50-ლარიანებს ძირითადად რაიონებიდან ჩამოსულები აკითხავენ. არც 150-ლარიანები არიან ტოპ-მოდელები, მაგრამ სუფთად მაინც აცვიათ. საერთოდ, ასე - გოგოს კლიენტისგან მიღებული ფულიდან დაახლოებით 30 პროცენტი რჩება - დანარჩენს სასტუმროს მეპატრონე და "მამაშა" ინაწილებენ". მისივე თქმით, განსაკუთრებული "პოპულარობით" სლავური "ღამის პეპლები" სარგებლობენ: "ყველას უკრაინელს ეძახიან, მაგრამ ზოგი აქაური რუსია, ზოგი კი თმაშეღებილი სომეხი. ისე, თბილისში არის სასტუმროები, სადაც "ნაღდი" უკრაინელები ჰყავთ და საკმაოდ ლამაზები. თუმცა ფასიც განსხვავებულია - 200 დოლარიდან იწყება. არიან ჩინელებიც და ყაზახებიც, რომლებიც მასაჟის ცენტრებში მუშაობენ. არის ე.წ. ელიტა, რომელზეც ხელი ყველას არ მიუწვდება - მათი კლიენტურა ძირითადად უცხოელი ბიზნესმენები არიან. "ელიტური მეძავების" ფასი 1000 დოლარიდან იწყება და ზოგჯერ 3000 დოლარსაც აღწევს. ჩვენი რესპონდენტის თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში სექსტურიზმმაც მოიკიდა ფეხი: "ამისთვის ძირითადად ირანელები ჩამოდიან, თავიანთ ქვეყანაში შეიძლება მოკლან ამის გამო. ყველაზე კარგი კლიენტები ირანელები არიან - ხმას არ იღებენ და ფულს იხდიან. მე პირადად ბევრ სასტუმროში მიმიყვანია ირანელები. სხვათა შორის, მათი ნდობის მოპოვება ძალიან ძნელია, მაგრამ თუ გენდნენ, კარგადაც გიხდიან. თურქები კი საქართველოში "საგულაოდ" ისევე ჩამოდიან, ჩვენ რომ ჩავდიოდით რუსეთში. ყველაზე ცუდი კლიენტები არიან - ჯერ წუწუნებენ, შემდეგ ფულის გადახდა არ უნდათ. და სულ ცდილობენ, რომ შარი მოგდონ. ზოგს ჰგონია, რომ თურქები ძირითადად ბათუმის ბორდელებს სტუმრობენ, მაგრამ ასე არ არის. სწორედ თბილისში უყვართ თურქებს "გულაობა". მისივე თქმით, საქართველოს სექსბაზარზე ადგილობრივი "კადრები" შესაძლოა, მალე უცხოელებმა, განსაკუთრებით კი შუააზიელებმა შეავიწროონ. ისე, ცნობისთვის - რამდენიმე დღის წინ ბეშუმში უზბეკი რაიხონ კურანბაევა მოკლული იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ის საქართველოში ნარგიზ რახმანოვამ პროსტიტუციაში ჩასაბმელად ჩამოიყვანა. თუმცა კურანბაევა მას პოლიციაში დასმენით დაემუქრა. არსებული ინფორმაციით, "მამაშამ" მისი მკვლელობა ორ ბათუმელს შეუკვეთა, თავად კი ქვეყნიდან გაიქცა. თუმცა უზბეკების საკითხი უკვე სხვა სტატიის თემაა.
როგორ ასაღებენ შუააზიელ სექსმუშაკებს ტაილანდელ მასაჟისტებად
ახლახან უზბეკეთში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე, რომელსაც უკავშირდება 300-ზე მეტი ქალის უზბეკეთიდან საქართველოში ჩაყვანის საქმე. არსებული ინფორმაციით, მათ ბათუმის დისკოკლუბებში სექსმომსახურება უნდა გაეწიათ კლიენტებისთვის - მთელი ღამით მომსახურებაში 300 დოლარი, ერთჯერად მომსახურებაში კი - 50 დოლარი უნდა მოეთხოვათ. უზბეკმა გოგონებმა პოლიციას მიმართეს და აცხადებდნენ, რომ ტრეფიკერების ქსელში აღმოჩნდნენ, თუმცა ყოველთვის იძულებასთან არ გვაქვს საქმე. როგორც "ყველა სიახლემ" გაარკვია, ბოლო პერიოდში უზბეკი მეძავებისთვის საქართველო "დასაქმების" პოპულარული ადგილი გახდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ზოგჯერ ტურისტების რანგშიც ჩამოდიან და შემდეგ რჩებიან "უკეთესი კლიენტურის" იმედით. საინტერესო ისაა, რომ ხშირად ზოგიერთ მასაჟის ცენტრში (როგორ მასაჟებსაც აკეთებენ ამ ცენტრების გარკვეულ ნაწილში, ალბათ, ხვდებით), უზბეკებს ტაილანდელებად ასაღებენ. თბილისში ასეთი შემთხვევაც მოხდა - ერთ-ერთმა ბიზნესმენმა უზბეკი კოლეგები, პატივისცემის მიზნით, ერთ-ერთ ასეთ ცენტრში წაიყვანა. ჰოდა, ბედი არ გინდა - ერთ-ერთ "ტაილანდელში" უზბეკმა თავისი ნათესავი იცნო და ისეთი ამბავი ატყდა, რომ იმ ქუჩის მცხოვრებლებს ეგონათ, ომი დაიწყოო. რატომ გახდა საქართველო შუააზიელ სექსმუშაკებში პოპულარული? საქმეში გარკვეული ხალხის ცნობით, ჯერ ერთი, საქართველოში "ეგზოტიკურ ხილზე" მოთხოვნა გაიზარდა. მეორეც - ჩვენში სექსუალური მომსახურება ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე უზბეკეთში. არსებული ინფორმაციით, ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში "ერთი საათი" 15 დოლარი ღირს და შესაძლოა, მეძავი 5 დოლარზეც დაითანხმო. აქვე ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ უზბეკეთში პროსტიტუციით ძირითადად, დიდ ქალაქებში უღარიბესი სოფლებიდან ჩასული ქალები არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, მეძავს ურჩევნია, უზბეკეთში 15 დოლარად "მუშაობას", იმავე სექსმომსახურებაში საქართველოში მინიმუმ 50, მაქსიმუმ კი 150 დოლარი მიიღოს (თან თუ ტაილანდელად ან ვიეტნამელად გაასაღებენ). ასევე, უზბეკეთისგან განსხვავებით, საქართველოში კანონმდებლობა ამ კუთხით შეუდარებლად ლიბერალურია. როგორც "ყველა სიახლეს" სარწმუნო წყარომ განუცხადა, ნელ-ნელა ყალიბდება მთელი ქსელი, რომლის საშუალებითაც, უახლოეს მომავალში საქართველოში შუააზიელი მეძავების "ექსპორტი" უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. "მალე ქართულ სექსინდუსტრიას უზბეკი მეძავები დაიპყრობენ. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისე სამართალდამცველებმა ამ მიმართულებით, ალბათ, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ", - განაცხადა წყარომ. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, იმ შუააზიელებს შორის, რომლებიც ქართულ "სექსინდუსტრიაში" არიან ჩაბმულები, ისეთებიც არიან, რომლებიც ამ საქმიანობაში იძულებით ჩააბეს. კერძოდ, ტრეფიკერებს გოგონები უზბეკეთიდან სხვადასხვა პირობით ჩამოჰყავთ - სამომავლოდ თურქეთში გადაყვანის და ოჯახებში ძიძებად, ბარებში მიმტანებად, სასტუმროებში დამლაგებლებად დასაქმების პერსპექტივით.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)