თბილისში უკვე განთავსდა 12 სპეციალური რადარი, რომელიც დედაქალაქის გზებზე ავტომობილების სწორად გადაადგილებასა და სიჩქარეს აკონტროლებს. დარღვევის შემთხვევაში, რადარის მონაცემების საფუძველზე, მოქალაქეებს არაერთი ჯარიმა ოპერატიულად მისდით, სპეციალური რადარებით აღჭურვილები დადიან ასევე პატრულის თანამშრომლებიც, მაგრამ ქართველი რისი ქართველია, თუ შეზღუდვის საწინააღმდეგო გზას არ მიაგნო.
როგორც "ყველა სიახლისთვის" გახდა ცნობილი, პატრულის რადარებით აღჭურვისა და დედაქალაქის გზებზე ასევე სათვალთვალო რადარების დამონტაჟების შემდეგ თბილისელმა მძღოლებმა მასობრივად დაიწყეს რადარის ამომცნობი მოწყობილობის შეძენა.
ლევანი: მას შემდეგ, რაც საგზაო მოძრაობის რადარებით გაკონტროლება დაიწყო, თავიდან საკმაოდ ბევრი ჯარიმა მომდიოდა. მერე საზღვარგარეთიდან სპეციალური მოწყობილობა ჩამოვიტანე, რომელიც რადარის შესახებ მაფრთხილებს და იმ ადგილზე ვცდილობ მოძრაობის წესები არ დავარღვიო. მოწყობილობაში 45 დოლარი გადავიხადე და ცოტა სუსტია. ზოგჯერ დროულად ვერ რეაგირებს რადარზე, პატრულის რადარის დაფიქსირებაც უჭირს. 100 და 200-დოლარიანი მოწყობილობები შედარებით ძლიერია. ჩემმა მეგობრებმა გამოიწერეს და ვიცი, რომ კარგად მუშაობს, პატრულის რადარებსაც კი აფიქსირებს. არის ასევე 1.000-დოლარიანი მოწყობილობები, რომელიც უფრო შორ მანძილზე გაფრთხილებს.
ირაკლი: თავიდან სარადარო სისტემა ხარვეზებით მუშაობდა. მაგალითად, თუ ავტომობილი 100 კმ//სთ სიჩქარით გაივლიდა, რადარი აფიქსირებდა, მაგრამ თუ ძალიან მაღალი სიჩქარით გაიქროლებდა, ვერ ხედავდა. მძღოლებმა ეს შენიშნეს, ბევრმა აზარტის გამოც კი დაიწყო ამის შემოწმება. ახლა სისტემა გაუმჯობესდა და ეს ხარვეზი აღმოიფხვრა. ბევრს კი დღემდე ჰგონია, რომ დიდი სიჩქარით გავლის შემთხვევაში ჯარიმას გადაურჩება, ამიტომ ჯობია დროულად მიიღონ ინფორმაცია და სიჩქარე აკონტროლონ.
შოთიკო: ქალაქში ყოველდღე სისტემატურად ვმოძრაობ და უკვე ვიცი, რადარები სად დგას. რადარების ადგილზე ყოველთვის ვცდილობ, არაფერი დავარღვიო, ერთ დღეს კი მომივიდა ჯარიმა ისეთ ადგილზე ჩადენილი დარღვევის გამო, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ რადარი იდგა და არანაირი წესი არ დამირღვევია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი შესაბამის ორგანოს ვაცნობე და ჩანაწერის გადამოწმება მოვითხოვე. როგორც ჩანს, სისტემა ჯერ გაუმართავია და ხარვეზებით მუშაობს. მე ნამდვილად ვიცოდი, რომ იქ არანაირი წესი არ დამირღვევია, მაგრამ ვისაც არ ახსოვს და ყურადღება არ გაუმახვილებია, ჯარიმას დაუფიქრებლად იხდის. თავდაპირველად ჩემს ნაცნობ მძღოლებსაც ჯარიმა ჯარიმებზე მისდიოდათ. ბიუჯეტში ალბათ დიდი ფული შევიდა. კარგი იქნება, თუ სხვა მძღოლებიც ჩემსავით გააკონტროლებენ რადარების მუშაობას.
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)