აკვაპარკში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხანძრის შედეგად ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ცეცხლმა ძირითადად აკვაპარკის ტერიტორიაზე არსებული ბუნგალოები და ატრაქციონები გაანადგურა, თუმცა რამდენიმე ხანძარს გადაურჩა.
გიორგაძის განცხადებით, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გვერდით მდებარე შენობებზეც გადასულიყო, რადგან ვითარებას ქარი ართულებდა, თუმცა, საბოლოოდ ხანძარი სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. როგორც თემურ გიორგაძემ აღნიშნა, ამ მომენტისთვის ცეცხლის ხელახლა გაჩენის არავითარი საფრთხე აღარ არსებობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო ბრიგადები ადგილზე ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას განაგრძობენ.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, გიორგაძის განცხადებით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება 21:37 საათზე შევიდა.
"ინტერპრესნიუსი"