"კატეგორიულად არ ვეთანხმები, როდესაც ამა თუ იმ საჩოთირო პოზიციის დროს დასავლეთს ახსენებენ. თუ ხელისუფლების სათავეში თავდაჯერებული ნაციონალისტები იქნებიან, შეკვეთას არავისგან მივიღებთ. გაგიგიათ, საუდის არაბეთს მსგავს საკითხებზე ამერიკამ დირექტივები მისცეს?.. იქ ქურდობაზე ადამიანებს ხელ-ფეხს აჭრიან, ცოლი ქმარს რომ უღალატებს, შუა მოედანზე წკეპლით სცემენ, მაგრამ ამის გამო არავინ აკრიტიკებს, მათ საშინაო საქმეებში არავინ ერევა. ერდოღანი სააკაშვილისა და ივანიშვილისგან კატეგორიულად მოითხოვს მეჩეთის აშენებას, დღეს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია რომ ყოფილიყო, ამ საკითხზე ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა. არის თემები, რომელიც ვაჭრობას არ ექვემდებარება", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომლის თქმითაც, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პაატა ბურჭულაძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, რაც მისი ეროვნულობით არის განპირობებული...
- ბატონო კახა, რატომ გახდა დავის საგანი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი?
- კამათი ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ არც ერთი მათგანი სერიოზული არ იყო. მიხეილ სააკაშვილს ხუთშაბათს რომ დაენიშნა არჩევნები, ვილნიუსის სამიტს მაინც ვერ მიუსწრებდა, რაც ძალიან უნდა. დარწმუნებული ვარ, ნაციონალები საპრეზიდენტო არჩევნებს ვერც ხუთშაბათს მოიგებდნენ და ვერც კვირას. ამერიკაში არის ასეთი გამოთქმა, "კოჭლი იხვი", რომელიც ზუსტად ასახავს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას. ის ვერაფერს აკეთებს, მაგრამ ცდილობს, სხვებს, სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებას შეუშალოს ხელი. თარიღის შეცვლა ალბათ უფრო ანდრო ბარნოვის ინიციატივა იყო. "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფს ინტელექტი მეტი აქვს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ისინი წინა თაობის "ზონდერნაძირალებს" ჯობიან. პირიქით, შესაძლოა, მათზე დახვეწილი არამზადები იყვნენ, მაგრამ ინტელექტი აშკარად მეტი აქვთ. ისინი ცდილობენ, საზოგადოებასთან კონფრონტაცია შეარბილონ. ეტყობა ურჩიეს, ასეთი სისულელის გამო კიდევ ერთ კონფლიქტს ნუ გამოვიწვევთ და სიტუაციას ნუ გავამწვავებთო, ამიტომაც გადაწყდა არჩევნების 27 ოქტომბერს ჩატარება...
- მათი პრაიმერის შედეგებით, დავით ბაქრაძე ლიდერობს...
- დიახ, ასეა, მაგრამ, ამის მიუხედავად, დავით ბაქრაძეს ამ არჩევნების მოგების შანსი არ აქვს. შესაძლოა, მეორე ადგილზე გავიდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიან კანდიდატს ვერ წარადგენს... ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ახლა "ქართული ოცნება" ატარებს, გულისხმობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაცია მოხდება. რამდენიმე, შესაძლოა, ერთ ან ორ წელში, ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ბევრი ამბობს, ეს ზღაპარიაო, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში უმრავლესობით ვერასდროს მოვა და სააკაშვილი კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტი ვეღარასდროს გახდებაო, მაგრამ თუ გავიხსენებთ, "მოქალაქეთა კავშირი" როგორ იქცა "ნაციონალურ მოძრაობად", როდესაც სააკაშვილი, მაჭავარიანი, გოგორიშვილი და ბარამიძე ხელისუფლებაში მოვიდნენ, ახლაც იგივე მზადდება. შესაძლოა, სახელიც გადაერქვას, ან არც გადაერქვას, მაგრამ ხელისუფლებაში მოვლენ ნაციონალი ჩინოვნიკები და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეტად დაგმობენ და დასჯიან "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს.