მეტად შემაშფოთებელია, რომ ბოლო დროს ისევ გახშირდა ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი მკვლელობები. ფაქტია, ახალგაზრდები ქუჩაში შეიარაღებულები დადიან და წაკინკლავებისთანავე იარაღს ისვრიან.
თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ერთ კვირაში ზედიზედ ორი მკვლელობა მოხდა. ორივე ცეცხლსასროლი იარაღით. მართალია, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, 2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 3277 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულიაო, მაგრამ ფაქტია, ქუჩაში შეიარაღებული ახალგაზრდები დადიან და მკვლელობებს არ ერიდებიან.
საზოგადოებაში უკვე შიში გაჩნდა, ხალხს ქუჩაში შვილის გაშვებისა ეშინია.
25 ივნისს, თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 23 წლის ლადო დაუშვილი უცნობმა 20 წლის ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღით უმიზეზოდ მოკლა. მკვლელობა სუპერმარკეტ "იოლის" სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა და ძალოვანებმა ეჭვმიტანილი დავით ჭოველიძე მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი - "ტე-ტე"-ს ტიპის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებიანი 2 მჭიდით. საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა, ჭოველიძე წინასწარ პატიმრობაშია.
23 წლის ლადო დაუშვილის მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. მთელი უბანი გლოვობს - უკონფლიქტო, უწესიერესი, უბანში გამორჩეული იყოო...
ლადო ექიმების ოჯახში გაიზარდა. თვითონაც სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, თან მუშაობდა. ქალბატონ დალი ბუგიანიშვილს უჭირს შვილზე საუბარი:
- ლადო მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან პრინციპული და მიზანმიმართული იყო. დიდ სითბოში იზრდებოდა, რადგან დიდი ოჯახი გვაქვს - ერთ სახლში სამი ძმის 6 ბავშვი გავზარდეთ, როგორც 6 დედმამიშვილი. ლადუკა 16 წლის იყო, ჩემი მეუღლე სიმსივნით რომ გარდაიცვალა.
- იმ საბედისწერო დღეს რა მოხდა?
- თავის მეგობართან ერთად ჩვენს ეზოში მანქანის სამრეცხაოს გახსნა გადაწყვიტა და არქიტექტორები მოიყვანა. საღამოს 8 საათი იქნებოდა, ბიძამისს მანქანა რომ გამოართვა - სტუმრებს წავიყვანო. 12.10 საათზე დავურეკე. ლუკასთან ვარ და ბიძაჩემს ველოდებიო. ლუკა ბავშვობის მეგობარი იყო, უწესიერესი ბიჭი. ფილმს ვუყურებდი. საათს რომ შევხედე, სამის 20 წუთი იყო, არ გამკვირვებია, შინ რომ არ იყო. რაც დაცხა, გვიან იძინებდა, ხან სახლთან ისხდნენ, ხან ლუკასთან იყვნენ ხოლმე. მაინც დავურეკე. არ მიპასუხა, თურმე მაშინ ხდებოდა ეს უბედურება.
ყურმილი რომ არ აიღო, შევშფოთდი. გამუდმებით ვრეკავდი. ეს უჩვეულო იყო, ყოველთვის პასუხობდა ზარს... ლადო და ლუკა "იოლში" შესულან და ჩიფსები უყიდიათ. ბიძისთვისაც დაურეკავს. მას უთქვამს, - მე უკვე შინ ვარ და შენც წამოდიო. ბიჭები სუპერმარკეტის წინ ჩამომსხდარან. ჩიფსებს ჭამდნენ. ამ დროს ჩამოუვლია მკვლელს, რომელიც თურმე უნდა შეხვედროდა თავის მეგობარს. ის არ დახვდა და უნდოდა მობილურით მასთან დაერეკა. როგორც მითხრეს, მისი ტელეფონი ისმინებოდა და ამიტომ არ ატარებდაო.
- რატომ ისმინებოდა?
- მანამდე ვიღაც დაუჭრია და იმალებოდა. ნამდვილად ვიცი, რომ იანვარში ბიჭი დაჭრა, ჩემი შვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრეც შარდენზე ჩხუბი აუტეხია და ეძებდნენ. გარეთ მხოლოდ ღამით გამოდიოდა. არ ვიცი, ამდენი დანაშაულის ჩამდენი პოლიციამ რატომ არ დააკავა... თავიდან ითქვა, ლადუკას მკვლელი ნასამართლევიაო, მაგრამ გამომძიებელმა მითხრა, პირობითი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ამნისტია შეეხო და მოეხსნა ის პირობითი სასჯელიო. ცხინვალიდან დევნილია. მამა მხედრიონელი ჰყოლია და თავი მოუკლავს. დედა უკრაინაში იყო. თვითონ მეგობართან ერთად ჯერ დოლიძეზე ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, შემდეგ ბაგებში, საერთო საცხოვრებელში, მაგრამ იქაც დაუშავებია რაღაც და გამოუგდიათ.
- კონფლიქტის მიზეზად რას ასახელებს ლადოს მეგობარი?
- მობილური უთხოვია ბიჭებისთვის. უთქვამთ, - დასარეკი თანხა არ გვაქვსო. როგორ არ გაქვთო და ამაზე აუშარდა თურმე. ხელში პარკით მზესუმზირა სჭერია და ლადუკას მანქანაში შეუყრია. შეჰპასუხებია ლადუკა, - ეს რა გააკეთეო. ამ დროს ამოუღია იარაღი და კონდახი ჩაურტყამს თავში ჩემი შვილისთვის. ლადო ფიზიკურად ძლიერი იყო და წინააღმდეგობას გაუწევდა - თავი გახეთქილი ჰქონდა, რომ მომისვენეს... ლადო გაწეულა და დაურტყამს. იმას უსვრია. ტყვია პირდაპირ გულმკერდში მოახვედრა. დაჭრილ ლადოს ორი ნაბიჯი გადაუდგამს და მერე წაქცეულა. დამნაშავე გაქცეულა. მისი მეგობარი ამბობს, ყველაფერი წამებში მოხდა, ვერაფერი ვუშველე, ქალივით ვკიოდი და შველას ვითხოვდიო. ტაქსი გაუჩერებია. რომ ჩავძახოდი, აღარ მპასუხობდაო. ექიმი ვარ და ვიცი, გამჭოლი ჭრილობა აქვს ჩემს შვილს და უსწრაფესად დადგებოდა სიკვდილი.
ამის მერე მკვლელი მეგობართან წასულა კეკელიძის ქუჩაზე. სადარბაზოში დაუმალავს მკვლელობის იარაღი. ინტერნეტში შესულა და "ფეისბუკზე" სიმღერები დაულაიქებია. იქვე დაუწერია, - აუ, რა "ტე-ტე" დავკარგეო. ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ სიმღერებს უსმენდა!.. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემს შვილს დავტიროდი და თან მკვლელზე ვფიქრობდი - ამხელა ცოდვა ჩაიდინა და 20 წლის ბიჭმა თავი დაიღუპა-მეთქი. გულში ისიც გავივლე, ჩემს მოძღვარს ვთხოვ, ჩემს დამღუპველს რა შემამსუბუქებელი ლოცვები წავუკითხო-მეთქი. ის კი თურმე არც ნანობდა...
- ის აღიარებს დანაშაულს?
- აღიარებს. თურმე ქალაქიდან გასვლას აპირებდა და ჭავჭავაძეზე დააკავეს. სინანულს ალბათ იმიტომ არ განიცდის, რომ უსიყვარულოდ გაიზარდა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, რამდენს მიუსჯიან. გარეთ რომ გამოუშვა, ისევ ჩაიდენს დანაშაულს. კაცის მოკვლა არაფრად უღირს. თურმე გვიან ღამით, დაკითხვაზე უთქვამს, - მალე მორჩით, წამიყვანეთ საკანში, მეძინებაო...
შევეცადე, ბრალდებულის ოჯახის ადგილსამყოფელი დამედგინა, მაგრამ ამაოდ. ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყოლია. 15 აგვისტოს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე სახაზინო ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.