10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან 9 თვე გავიდა. საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედია, სოფელს ისევ ახსოვს. იმ საშინელ ღამეს მექერიშვილების სახლში შეკრებილმა კოლაგელებმა ჩვილი ბავშვი წყლით სავსე ქვევრიდან ამოიყვანეს. მას შემდეგ გამოძიება მიდის, თუმცა მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია. კოლაგში ადგილობრივები საკუთარ ვერსიებს მხოლოდ პირად საუბრებში ამხელენ - ეჭვი შინაურზეა.
ამ თემაზე, დღემდე, ხმამაღლა მხოლოდ ბარბარე რაფალიანცის დედა თათია მექერიშვილი და დეიდა, დალი მექერიშვილი საუბრობენ. ბარბარეს მამას და მის ოჯახს, ჩვილის მკვლელობის შესახებ ჯერ არსად უსაუბრიათ.
რას ფიქრობს მომხდარის შესახებ დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ ქვემო ქედაში მცხოვრები, ბარბარე რაფალიანცის მამის ოჯახი, ამის გასარკვევად "პრაიმტაიმი" ქვემო ქედაში ჩავიდა. აღმოჩნდა, რომ პალიკო რაფალიანცის დედას, მაია გოგოლაურს და ბებიას, თამარ გოგოლაურსაც ეჭვი შინაურზე აქვთ, კონკრეტულ პიროვნებას არც ერთი არ ასახელებს, თუმცა ამბობენ, რომ სახლში, იმ ღამით, უცხო არავინ შესულა. უფრო მეტიც, ბარბარეს ოჯახის წევრებს, ეჭვი აქვთ, რომ მკვლელს, ამ სისხლიან პროვოკაციაში, ფული გადაუხადეს.
სანამ ზემო ქედაში ჩამოვიდოდით, ერთი კვირით ადრე, "პრაიმტაიმი" სოფელ კოლაგში, მექერიშვილების ოჯახს ესაუბრა. მექერიშვილები გამოძიების დაჩქარებას მოითხოვდნენ. ბარბარე რაფალიანცის დედა, თათია მექერიშვილი, რომელიც მეორე შვილს ელოდება, ჩვენთან საუბრის დროს შეუძლოდ გახდა. ბუნებრივია, ნერვიულობდა, თუმცა, როდესაც ჩვენ მისი დის შესახებ სოფელში გავრცელებულ ხმებზე ვკითხეთ, მან საუბრის გაგრძელება ვერ შეძლო... თათიას დედამთილი, მაია გოგოლაური, მისი რძლის ასეთ საქციელს შიშით ხსნის. ამბობს, რომ თათიას სიმართლის თქმის ეშინია...
მაია გოგოლაური "პრაიმტაიმთან" საუბარში მომხდარის დეტალებს იხსნებს და საკუთარ ეჭვებზე პირველად საუბრობს.
- თათია რას ამბობს თქვენთან, როდესაც მე ვესაუბრე, ძალიან ნერვიულობდა...
მაია გოგოლაური:
- თათია იმაზე ნერვიულობდა, რომ მასაც შინაურზე აქვს ეჭვი. გამოძიებამაც ხომ თქვა, რომ შინაურის კვალზე ვართო... მე საერთოდ არ მაინტერესებს, ის სხვა შინაური მე ვიქნები, ჩემი შვილი იქნება, თუ იმათი დედა იქნება, დეიდა, მამიდა თუ სხვა, მე სულ არ მაინტერესებს, ვინ იქნება, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ის თოთო ბავშვი, ენაამოუდგმელი, სიცხიანი, ხომ არაფერს უშლიდა იმათ, ის არაფერში იყო დამნაშავე...
- ფიქრობთ, რომ ბავშვი რაღაცისთვის გამოიყენეს?
- შეიწირეს... რატომ შეიწირეს, ეს მაინტერესებს ძალიან.
- ფიქრობთ, რომ ეს პროვოკაციის მცდელობა იყო, რომ ბავშვის მკვლელობა ან ერთ მხარეს დაბრალებოდა ან მეორეს?
- ფაქტია, არჩევნების წინა დღეს მოხდა...
- რატომ შეარჩიეს ამისთვის მაინცდამაინც ბარბარე?
- აბა რა გითხრათ, არ ვიცით... ჩემი რძალი როგორც ამბობდა, მაგის დას იყვნენ დამუქრებულები, რატომ იყვნენ და იმის ოჯახი რას უშლიდა, არ ვიცით.
- დას ხომ ჰყავდა თავისი შვილები, მაშინ იმ ბავშვებს დაემუქრებოდათ საფრთხე...
- იმ დამ თავისი შვილები გაარიდა, არ ვიცით რას უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი, არ ვიცით...
- ამიტომ წამოვიდა სოფელში ეჭვი დეიდაზე?
- კოლაგიდან წამოვიდა ეგეთი ლაპარაკი შვილო. იქიდან დაიწყო მაგაზე ლაპარაკი და ჩვენც მაგას ვიმეორებთ. პირადად დალიზე ჩვენ არაფერი გვითქვამს, იქიდან იყო ასეთი ხმები. წნორში ვმუშაობ და ერთხელ, როცა ჩემი უფროსები ჩამოვიდნენ, მითხრეს, რომ აქ ასე ამბობენ დეიდის გაკეთებულიაო. ბიძას გამორიცხავენ და ჩემი რძლის მამიდაზე ამბობენ კიდევ.
- ვინ არის ეს ქალბატონი? ისიც კოლაგში ცხოვრობს?
- კი, იქ ცხოვრობს, შეიძლება არ დამიჯეროთ და არ ვიცნობ.
- კოლაგში ამბობენ, რომ მეორე დღეს ბარბარეს დეიდა საარჩევნო უბანზე იყო მისული. აქ არ ჩამოსულა?..
- აქ ეგ არ ჩამოსულა და რა ვიცით... მარტო დაკრძალვაზე მოვიდა.
- დაკრძალვამდე არ ჩამოსულან ოჯახის წევრები?
- არა, ჩემი რძლის დეიდა და ბიძა იყვნენ მარტო სამძიმარზე...
- თათიას და რატომ არ ჩამოვიდა, რამ შეუშალა ხელი?
- რა ვიცით... ვერ ვიტყვით ვერაფერს, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
- თათიას ოჯახს როგორ ახასიათებთ?
- რა ვიცი, ორჯერ ვარ მაგათთან ნამყოფი. ის ვიცით, რომ მამა ნასამართლევია, ქალი ჰყავსო მოკლულიო, ამბობენ.
- თათიას დაზე, დალიზე რას მეტყვით?
მაია გოგოლაური:
- თათიას დაზე ვერაფერს გეტყვით...
- როგორი გოგონაა?
თამარ გოგოლაური: - დაკრძალვაზე რომ ჩამოვიდა, არც კი დავლაპარაკებივარ.
- რატომ? არ ელაპარაკებით?
- რაღაცნაირი, თავისებური გოგოა.
- თქვენ არ გინდათ მასთან საუბარი?
- არაფერს არ ამბობს...
- თქვენ ეჭვი თათიას დაზე გაქვთ?
- რას ამბობთ... ეგ როგორ ვთქვა...
- აბა, რატომ არ ელაპარაკებით თქვენი რძლის დას?
- რა ვიცი, უბრალოდ, არ მინდა, რომ დაველაპარაკო... ამ საქმეში შინაურის ხელი რომ ურევია, ეს კი ვიცი და... მე როცა გავიგე და როცა შემატყობინეს ბარბარეს სიკვდილი, გზაში მთელი ღამე ტირილში გავატარე და ვიძახდი, რომ იქ შინაურის ხელი ურევია-მეთქი. შინაურმა გაუკეთა-მეთქი.
თამარ გორთამაშვილი
გაზეთი "პრაიმტაიმი"
(შემოკლებული ვერსია)