ზურაბ ჟვანიას მეგობარი, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პატიმარი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები - მშვიდობისათვის" ხელმძღვანელი ლალი ანთია ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობასთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
- ქალბატონო ლალი, დაახლოებით ერთი თვის წინათ მე თქვენ სკანდალური ინტერვიუ მომეცით, რომელშიც განაცხადეთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები გაიძულებდნენ გეთქვათ, თითქოს ზურაბ ჟვანია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის იყო და ინტიმური შეხვედრებისათვის თბილისში კონსპირაციული ბინები ჰქონდა. მაშინ თქვენ არ დაგისახელებიათ იმ მაღალჩინოსნების ვინაობა, ვინც მსგავსი სიბინძურის გავრცელებას გაიძულებდათ. ხომ არ დადგა დრო, სათითაოდ ჩამოთვალოთ ისინი?
- ახლა რასაც გეტყვით, ამის შემდეგ, მიშა მაჭავარიანმა, თუ ოდნავი ნამუსი მაინც აქვს შერჩენილი, თავი უნდა მოიკლას. დიახ, სწორედ მიშა მაჭავარიანი გახლდათ ერთ-ერთი, ვინც ჩემს დარწმუნებას ცდილობდა იმაში, თითქოს ზურაბ ჟვანია ცისფერი იყო!
დიახ, მიშა მაჭავარიანმა მითხრა, ზურაბ ჟვანიას ერთხელ გაგრაში ჰყავდა წაყვანილი "მწვანეთა პარტიის" აქტივისტები და ერთი-ორი ბიჭისათვის უთქვამს, ამაღამ თქვენ ჩემს ოთახში დაწექითო. "შენ როგორ ფიქრობ, ნორმალური კაცი მეორე კაცს ასეთ რამეს ეტყოდაო?" - მეუბნებოდა მაჭავარიანი, ეს თვითონ ბინძური კაცი, ეს მეგობრის გამყიდველი.
2007 წლის 24 აგვისტოს დამიბარა მიშა მაჭავარიანმა და მითხრა, ვანო მერაბიშვილს უნდა შენი ნახვა და უნდა შეხვდე, ორშაბათს 4 საათზე ჩემთან მოხვალ და მე შეგახვედრებ, რასაც ის გეტყვის, ყველაფერი ისე უნდა გააკეთოო.
მეორე დღეს, დღის 2 საათზე, პოლიციამ დამაკავა ყალბი დოკუმენტაციის დამზადებაში ვიღაცისთვის ხელის შეწყობის ცრუ ბრალდებით, მიმიყვანეს დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში და სულ რომ არ ველოდებოდი, ისე დამიწყეს საუბარი ზურაბ ჟვანიას თემაზე.
- რას გეუბნებოდნენ?
- თუ მე აღარ ვილაპარაკებდი იმაზე, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, თუ ვიტყოდი, რომ ზურა იყო ცისფერი და კონსპირაციულ ბინებში ხვდებოდა მამაკაცებს, ერთ საათში გამათავისუფლებდნენ პატიმრობიდან, თუ არა და, ციხეში დამალპობდნენ.
იცით, რას მეუბნებოდნენ? ზურაბ ჟვანია თავის დაცვას არ ემორჩილებოდა, სამუშაო საათების მერე მათ უშვებდა, თვითონ ჯდებოდა საჭესთან და სადღაც მიდიოდა. ე.ი. იმის თქმა უნდოდათ, რომ ჟვანია დაცვას იშორებდა და თვითონ კაცებში "საგულაოდ" მიდიოდა.
- ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ამას გეუბნებოდნენ?
- მე მათი სახელები და გვარები არ ვიცი. გამომძიებლები იყვნენ, პროკურორები თუ უშიშროების მაღალჩინოსნები, ამას მე ვინ მეტყოდა!
თუმცა, მათი სახელები და გვარები რა საინტერესოა, როცა დათა ახალაია მეუბნებოდა იმავეს.
- რას გეუბნებოდათ დათა ახალაია?
- მე თქვენ ადრინდელ ინტერვიუშიც გითხარით, რომ იმ დილით, როცა ზურაბ ჟვანია საკუთარ სახლში მიასვენეს შარტავას ქუჩაზე, ჟურნალისტებს ინტერვიუს ვაძლევდი და ვეუბნებოდი, ახლა რომ ამბობენ, თითქოს ზურაბ ჟვანია ღამის 11 საათზე მოკვდა, ეს არ არის მართალი, რადგან პირველს რომ ოცი წუთი აკლდა, მე ვესაუბრე ტელეფონზე-მეთქი.
ამის თქმა იყო და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ბიჭებმა პირდაპირ ჟვანიას ეზოდან ამიყვანეს, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს "მოდულის" შენობაში, სადაც შემახვედრეს დათა ახალაიას. მაშინ ის კუდ-ის უფროსი იყო.
დათა ახალაიამ მითხრა, თავიდან ამოიგდე აზრი, რომ ჟვანია მოკლესო. მეგრულად მეუბნებოდა, ის საცოდავი ცისფერი იყო და შენ რას გაიძახი, რომ მოკლეს, თავი დაანებე ინტერვიუების მიცემას, შენს შვილებს პრობლემებს რატომ უქმნიო!
დათა ახალაიამ, ვასილ სანოძემ და მათმა ზონდერებმა ჩემი შვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე აიყვანეს და სასიკვდილოდ სცემეს. დიახ, უკვე მკვდარი ეგონათ და მიწაზე დაგდებულს დათა ახალაიამ მიაძახა, ახლა მაინც არ დაანებებს თავს დედაშენი ჟვანიას მკვლელობაზე ლაპარაკსო?!
- ქალბატონო ლალი, რომ დაგაპატიმრეს და ჟვანიაზე რაღაცების თქმა შემოგთავაზეს, ამის მერე როგორ განვითარდა მოვლენები?
- რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდი და ჩამსვეს ციხეში. საპყრობილიდან გოგლა ჟვანიას წერილი გამოვუგზავნე, სადაც ყველაფერს დეტალურად აღვწერდი, რას მთავაზობდნენ და რის თქმას მაიძულებდნენ. გოგლას ვწერდი, ეს წერილი შეინახე, იმიტომ, რომ მომავალში, შეიძლება, საქმისთვის მნიშვნელოვანი იყოს-მეთქი, მაგრამ არ ვიცი, ის წერილი შეინახა თუ დახია.
ციხეში პერიოდულად შემოდიოდნენ ჩემთან სოდ-ისა თუ კუდ-ის თანამშრომლები. კოლონიის დირექტორი მედიკო ალანია მათ თავისი მოადგილის პაატა ქუთათელაძის კაბინეტს უთმობდა. საათობით ვისხედით ამ ოთახში, ვისმენდით ამ შემოსული კუდ-ელების თუ კუდ-იანების "ლექციებს", რომ ჟვანია იყო ცისფერი და თუ მე ამას ვიტყოდი პრესით და ტელევიზიით, თუ დავადასტურებდი, რომ მას კონსპირაციული ბინები ჰქონდა, ციხიდანაც გამიშვებდნენ და ცხოვრებასაც მომიწყობდნენ!
ციხიდან ორჯერ გამიყვანეს, წამიყვანეს ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და შემახვედრეს ვანო მერაბიშვილს!
- რას ამბობთ, პატიმარი ქალი ციხიდან გაგიყვანეს და მერაბიშვილს შეგახვედრეს?
- დიახ, თან ერთხელ კი არა, ორჯერ. ესკორტით მივყავდით. ერთი მანქანა წინ მიმიძღოდა, მეორე კი უკან მომყვებოდა.
- კი მაგრამ, რისთვის გხვდებოდათ მერაბიშვილი და რას გეუბნებოდათ?
- მერაბიშვილი მეუბნებოდა, ჟვანიას მე პატივს ვცემდი და ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ ის ცისფერი იყო და მართლა გაზით გაიგუდა, ამიტომ შენ რად გინდა იმის თქმა, რომ ჟვანია მოკლეს, ნურც იმას იტყვი, რომ სიკვდილის ღამეს ტელეფონზე ელაპარაკე, გამოდი და თქვი - რა პოზაშიც ვიპოვეთ გარდაცვლილი, ეს არის სიმართლე, სამაგიეროდ, ყველაფერს მიიღებ, ცხოვრებაში არაფერი გაგიჭირდება, თუ არა და, ჩვენ კიდევ 30 წელი ვიქნებით ხელისუფლებაში, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს და ჩვენთან ბრძოლა შენ კარგს არაფერს მოგიტანსო!
ორჯერ შემომთავაზა მერაბიშვილმა ასეთი რამ და ორივეჯერ უარი ვუთხარი, რის შემდეგაც, რასაც დამპირდა, ის შემისრულა - ტელეფონის ერთი ზარით 14-წლიანი პატიმრობა მომისაჯა და შემომითვალა, ციხიდან ცოცხალი ვერ გახვალო.
ყოველდღე სიკვდილს ველოდებოდი და ღამე რომ ვიძინებდი, იმედი არ მქონდა, რომ დილით გავიღვიძებდი. ყოველ წუთს და ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი მედგა თვალწინ.
კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რაც აქამდე არ მითქვამს. ზურას მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ თბილისში, სავაჭრო ცენტრ "კიდობანთან" სრულიად შემთხვევით შევხვდი კობა ხარშილაძეს.
- ჟვანიას დაცვის უფროსს?
- დიახ! თქვენ რომ იცოდეთ, კობა ხარშილაძეც და მიშა ძაძამიაც ძალიან ეჯავრებოდა ზურას და მის ოჯახსაც. ჟვანია მათ "ტუპოებს" ეძახდა. ერთ კითხვას დავსვამ, რომელიც დღემდე არავის დაუსვამს: რატომ მოაშორეს ზურაბ ჟვანიას ერთგული დაცვის წევრები ლევან ბარამიძე, რეზო ქადაგიძე, კახა გოჩაშვილი და მალხაზ დოჭვირი? იმიტომ, რომ ეს ოთხი კაცი იყო ზურას და მისი ოჯახის ერთგული და ამ ოთხ კაცს ვერავინ მოისყიდდა. ეს ბიჭები გაუშვეს და ზურას დაცვად შერჩა ეს გველები - ხარშილაძე და ძაძამია.
- ხარშილაძეს რომ შეხვდით, მერე რა მოხდა?
- ხარშილაძეს ვკითხე, რა იყო, ბიჭო, რა მოგივიდათ, ზურა როგორ ვერ დაიცავით-მეთქი? რა მიპასუხა, იცით? ლალი დეიდა, განა არ იცი, რომ ჟვანია დაცვის ბიჭებს გვიშორებდა და მარტო დადიოდა სადღაც-სადღაცო?!
აი, ეს რაც ხარშილაძემ მითხრა, დაპატიმრების მერე პოლიციაშიც გამიმეორეს და მერაბიშვილმაც იგივე მითხრა. ე.ი. ესენი ამუშავებდნენ ვერსიას, რომ თითქოს ჟვანია დაცვას არ ემორჩილებოდა და მარტო დადიოდა.
ეს ყველაფერი ერთადერთ რამეზე მიუთითებს, რომ ზურა ჟვანია ხელისუფლებამ მოკლა! დიახ, ზურა ჟვანია გაზით არ გაგუდულა და იგი მოკლეს! ზურა მოკლა სააკაშვილმა! მე ამას სულ ვამბობდი და სულ ვიტყვი: ჟვანია მოკლულია სააკაშვილის მიერ! მე პირდაპირ ვადებ ხელს სააკაშვილს ჟვანიას მკვლელობაში!
ჯაბა ხუბუა