"მას შემდეგ, რაც თანამდებობა დავტოვე, კომენტარი არ გამიკეთებია იმის გამო, რომ გამოძიება მალე უნდა დასრულდეს. მივმართავ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსა და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ინტერესშია, რომ ეს საქმე სამართლებრივად და სწრაფად იქნეს გამოძიებული, რადგან კიდევ 5 კაცია წინასწარ პატიმრობაში. მჯერა, სამართალი მალე იზეიმებს და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებენ", - ასეთი განცხადებით მიმართა სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ ყოფილ კოლეგებს. კირვალიძის ამ განცხადების მიზეზი შპს "მექანიზატორის" დირექტორის მოადგილის, მამუკა ივანიაძის განცხადება გახდა, - 26-გვერდიანი ჩვენება დავით კირვალიძის წინააღმდეგ პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით, შეურაცხყოფისა და ზეწოლის შედეგად დავწერეო. ჩვენების დაწერის შემდეგ 1-ელ მაისს დაკავებული ივანიაძე 2 ივლისს 10.000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. "კვირის პალიტრა" მამუკა ივანიაძეს დაუკავშირდა:
- ჩემი დაპატიმრება, ალბათ, იმის გამო გადაწყდა, რომ მე და ბატონი მინისტრი კლასელები ვართ და 40 წელია, ვმეგობრობთ. სპეციფიკაციების შემმუშავებელ კომისიაში, რომელსაც შესაძენ ტრაქტორებზე უნდა მიეცა რეკომენდაცია, როგორც აგრონომი შემიყვანეს. 1-ელ მაისს დამაკავეს და მოდულში მიმიყვანეს. შესვლისთანავე დაიწყო ჯოჯოხეთი. 12-მდე კაცი პერიოდულად შემოდიოდა და 4 საათის განმავლობაში უშვერად მლანძღავდნენ, შეურაცხმყოფდნენ.
ღამის საათებში გლდანის მე-8 დაწესებულების უფროსის მოადგილის, მოდებაძის კაბინეტში ავყავდი დასაკითხად. მემუქრებოდნენ, ციხეში ამოგალპობთ, იარაღს დაგიდებთო, მიხსენებდნენ ოჯახის წევრებს, უხამსად მიმანიშნეს ჩემს სტუდენტ ქალიშვილზეც.
ყველაფერს დეტალურად ვერ აღგიწერთ, რადგან ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მეშინია, ხელი არ შევუშალო. მთხოვდნენ, მინისტრის საწინააღმდეგო ჩვენება მიმეცა.
- კონკრეტულად, რის თქმას ითხოვდნენ?
- რომ სპეციფიკაციების დამდგენი კომისია სიტყვიერ მითითებებს მინისტრისგან იღებდა, რომ ის ეუბნებოდა კომისიის წევრებს, რომელი ტრაქტორი აერჩიათ; რომ რეალურად გადაწყვეტილებებს კომისია კი არ იღებდა, არამედ მინისტრის უკანონო ზეპირ მოთხოვნებს ასრულებდა. ცხადია, ამას არ დავეთანხმე და საშინელი ზეწოლა დაიწყო, - მემუქრებოდნენ, მაგინებდნენ,
ცემის გარდა, ყველა ხერხი გამოიყენეს.
გავიდოდა რამდენიმე კაცი და შემოვიდოდა მამაკაცი, რომელიც მაამებლურად მესაუბრებოდა და მეუბნებოდა, თავს რატომ იკლავ, რატომ ეწირები ამ საქმესო. მათ ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, - მიეღოთ ჩვენება დავით კირვალიძეზე.
5 მეცნიერი დღეს ციხეში ზის გაცემული რეკომენდაციების გამო. ტრაქტორები იყიდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ბატონმა ქარსელაძემ, რომელიც შესყიდვების კომისიის წევრია, მის ხელში იყო ყველა სადავე. შესყიდვების დოკუმენტაციაზე მისი ხელმოწერაა. ქარსელაძემ შესყიდვები იდეალურად ჩაატარა, წინა წლების შესყიდვებთან შედარებით 30-40%-ით ნაკლებ ფასად იყიდა იგივე ტექნიკა და ამით დაახლოებით 12 მლნ-ის მოგება ნახა ქვეყანამ, Mმაგრამ ეს გამოძიებას არ აინტერესებს. რატომ, არ ვიცი.
- ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მიანიშნა, რომ ამ უცნაურობის ახსნა შეიძლება იმით, თუკი დავადგენთ, ვის ევალებოდა წინა წლებში ტრაქტორების შესყიდვა. თქვენ იცით ამ კომპანიის სახელი?
- ეს არის ავადსახსენებელი "ჯითი ჯგუფი", რომლის ხელმძღვანელი ბატონი გოგსაძეა. ეს კომპანია 3 წლის განმავლობაში აწარმოებდა ყვითელი ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების შესყიდვებს ტენდერების გარეშე, წელს კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 21 კომპანია მონაწილეობდა. გაიმარჯვა სამმა კომპანიამ, მათ შორის ერთ-ერთ ლოტში "ჯითი ჯგუფმაც", მაგრამ ამას არ დასჯერდნენ, მეტი უნდოდათ, რადგან მონოპოლია ჰქონდათ ამ საქმეში და ფასებს ხელოვნურად ზრდიდნენ. ამოიღოს გამოძიებამ 2010 წლიდან მოყოლებული შესყიდვები და ისინი, რომელიც წელს განახორციელა სამინისტრომ. შეადარონ შესყიდული ტექნიკის ხარისხი და ფასები, ყველაფერი ნათელი გახდება. გამოჩნდება, რომ ჩვენმა კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
- "ჯითი ჯგუფის" უკან ვინ დგას?
- სახელდებიან გიგი უგულავაც და ვანო მერაბიშვილიც. ალბათ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
- ითქვა, რომ დავით კირვალიძეს თავისივე გუნდში ჰყავს მოწინააღმდეგეები.
- მაქვს ჩემი ვერსია, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი არ გამაჩნია. მსმენია, რომ დათო შიდა ბრძოლებს ემსხვერპლა. მან იცის ამ ხალხის ვინაობა და აჯობებს, თვითონ დაასახელოს. ჩემი ტელეფონი ისმინება, შეიძლება ჩვენი საუბარიც იწერებოდეს და ამან პრობლემები შემიქმნას. რამდენიმე პირი სწორედ ტელეფონზე საუბრის გამო დააკავეს. ეს ხალხი დაადანაშაულეს, ექსპერტებზე ზეწოლას ახდენდნენო, მაშინ როდესაც ისინი უხსნიდნენ, რატომ აირჩიეს "ზეტორი".