ბათუმში პროკურატურამ 2010-2013 წლებში ჩამორთმეული ავტომანქანები მფლობელებს დაუბრუნა

ბათუმში პროკურატურამ 2010-2013 წლებში ჩამორთმეული ავტომანქანები მფლობელებს დაუბრუნა

ბათუმის პროკურატურის წარმომადგენლებმა 2010-2013 წლებში ჩამორთმეული საიდენტიფიკაციო ნიშნებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ავტომობილები მფლობელებს დაუბრუნეს.

ავტომანქანების გასაღები 12 მფლობელს აჭარის მთავარმა პროკურორმა ლევან გზირიშვილმა გადასცა. როგორც ლევან გზირიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გადაცემული მასალებიდან გამომდინარე 30-ზე მეტ ავტომანქანასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება. მისივე თქმით, ავტომანქანების ნაწილზე გადასწორებული იყო საიდენტიფიკაციო ნიშნები, ნაწილი კი ინტერპოლით იძებნებოდა.

"საქართველოს მოქალაქეები ავტომობილების კეთილსინდისიერი მფლობელები იყვნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მანქანებით სარგებლობას. ადრინდელი პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი მანქანები მხოლოდ სახელმწიფო სასარგებლოდ შეიძლებოდა გამოყენებულიყო. მთავარმა პროკურორმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად შეათანხმა ეს საკითხი. გადაწყდა, რომ აღნიშნულ საქმეებზე შეწყვეტილიყო წინასწარი გამოიძება, იმ მოტივით, რომ ეს დანაშაული არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაული და არ იყო საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებული", - აღნიშნა ლევან გზირიშვილმა.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატმა რევაზ ფუტკარაძემ აღნიშნა, ინტერპოლიდან მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად, კანონიერ მფლობელს შვიდი წლის განმავლობაში არ უბრუნდებოდა საკუთარი მანქანა.

"ჩვენი შემთხვევა არის გამონაკლისი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 2006 წელს სრულიად უკანონოდ ჩამოართვეს ავტომანქანა. 7 წელი იყო გაჩერებულ მდგომარეობაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დაგვიტოვებია არც ერთი სახელმწიფო უწყება რომ საჩივრით და განცხადებით არ მიგვემართა. ოფიციალურად, ინტერპოლიდან ხუთჯერ მოვიდა პასუხი, რომ ეს ავტომანქანა არ იძებნებოდა. დღეს დაგვიბრუნდა მანქანა, შეწყდა ძიება დანაშაულის არარსებობის გამო", - აღნიშნა რევაზ ფუტკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა